რატომ ითხოვს თურქეთი საქართველოს 3+3 ფორმატში ჩართვას და რამდენად მისაღებია ეს საქართველოსთვის

“თურქეთი ყარაბაღის შეთანხმებაში კიდევ ორი ქვეყნის შეერთებას დაჟინებით მოითხოვს. ანკარა დარწმუნებულია, რომ საქართველო და ირანი აუცილებლად უნდა შეუერთდნენ თურქეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ უკვე გაფორმებულ თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის 180-გრადუსიან ცვლილებას ნიშნავს და კატეგორიულად მიუღებელია. შეთანხმებასთან საქართველოსა და ირანის მიერთების აუცილებლობასა და ე.წ. “3+3” ფორმატზე განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პარასკევს გააკეთა. მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის საჭიროა თანამშრომლობის გაფართოვების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. “რეზონანსთან” საუბრისას “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ეს შეთავაზება საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ითხოვს თურქეთი საქართველოს 3+3 ფორმატში ჩართვას და რამდენად მისაღებია ეს საქართველოსთვის.

 

“საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია, გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიდან გამომდინარე რუსეთთან ტოქსიური ურთიერთობა გვაქვს. ასევე ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა 180 გრადუსით უნდა შებრუნდეს და ჩვენ რა საგარეო პოლიტიკასაც 25 წლის განმავლობაში ვატარებდით, რაც დასავლეთთან ინტეგრაციას გულისხმობს, ამაზე ალბათ მინიმუმ უარის თქმა მოგვიწევს. პრობლემა ისაა, რომ ბოლო პერიოდში შეიცვალა თურქეთის დასავლეთთან ურთიერთობაც. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ეს უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ აუცილებელი არაა, რომ რადგან თურქეთსა და რეგიონალურ სახელმწიფოებს ასე მიაჩნიათ, საქართველომაც ასე უნდა გააკეთოს. საქართველოს საგარეო კურსი ცნობილია და ქვეყანა ამას ვერ გადაუხვევს. თითოეულ მათგანთან ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია, მაგრამ ის, რასაც გვთავაზობენ, მაღალი საზღაური და საფასური ქნება, რადგან ფაქტიურად ნიშნავს, რომ საქართველომ დასავლელ პარტნიორებთან ინტეგრაციაზე უარი უნდა თქვას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

 

“არალიბერალური და ავტორიტარული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან, თურქეთი კი ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, მათ რიცხვს განეკუთვნება, მათი ინტერესია, რომ დასავლეთი ამ რეგიონიდან რაღაცნაირად გააძევონ და მოსახლეობას დაანახონ, რომ ნატო და ევროკავშირი არაფერს ნიშნავს და საქმე საქმეზე რომ მიდგება, საქმის კეთება მხოლოდ არალიბერალურ სახელწიფოებს შეუძლიათ. ამ მოვლენებში დასავლეთის ნაკლები ჩართულობა იყო და ამან საქართველო იზოლაციაში მოაქცია, მაგრამ ეს შეიცვლება. ამისი პირველი ნიშანი პომპეოს ვიზიტი იყო. საქართველო ალბათ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს და ევროკავშირიც, რომელიც ახლა შიდა პრობლემებშია ჩართული, ალბათ მოიცლის იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში საქართველოსნაირი ახლო მოკავშირე არ ჰყავთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“რა ინტერესები აქვს თურქეთს, რატომ ითხოვს ასე დაჟინებით საქართველოს ჩართვას და რა შეიძლება, რომ ქვეყანას ამ ფორმატში საქართველოს მონაწილეობის სანაცვლოდ შესთავაზონ? შემოთავაზებით არაფერი, უბრალოდ თურქეთ ბოლო პერიოდში ცდილობს, რომ თავი წარმოაჩინოს, როგორც რეგიონალურმა სახელმწიფომ. ირანი ამ პროცესებიდან ცოტა გარიყულია და ცდილობენ, რომ მე-19 საუკუნის მსგავსად სახელმწიფოები გავლენის სფეროებს რომ გადაინაწილებდნენ ხოლმე, დაახლოებით ასეთ კუნთების თამაშს თამაშობენ. ეს ახალი არაა, 2008 წლის ომის შემდეგ თურქულმა დიპლომატიამ იგივე რაღაც გააკეთა - ერდოღანი ჯერ მოსკოვში ჩავიდა, მერე თბილისში ჩამოვიდა და სტაბილურობის პაქტზე საუბრობდა, სადაც დასავლური სახელწიფოები ჩართულები არ იქნებოდნენ, რაც საქართველოსთვის მაშინაც მიუღებელი იყო და ბუნებრივია, მიუღებელი იქნება დღესაც, რადგან აქ სახეიროს ვერაფერს ხედავს. თუ ამ ფორმატის მიზანია, რომ რეგიონი დასავლეთისგან გარიყოს, ეს არ გამოვა, რადგან საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუ მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობაა, ასეთი ფორმატი პრობლემაა არა. თუ ეს ფორმატი გაფართოვდება და მასში მონაწილეობას ევროკავშირიც, შეერთებული შტატებიც და ნატოც მიიღებენ, მაშინ პრობლემა არაა, პირიქით საქართველოსთვის ეს შეიძლება ძალიან საინტერესოც აღმოჩნდეს. მაგრამ, როგორც ვხედავ, ამ ეტაპზე ამ თემასთან დაკავშირებით ასეთი აზრები არც კი განხილულა”, - დასძენს კაკაჩია.

წაკითხვა 884 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 01 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.