"რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკების სამი რაუნდი ჩიხში შევიდა" - The Washington Post

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შევაჩეროთ ომის საფრთხე რუსეთთან“ (ავტორი - კატრინ ჰიუველი - ჟურნალ The Nation-ის რედაქტორ-გამომცემელი). მასალაში განხილულია რუსეთ-აშშ-ის დაპირისპირების განმუხტვის გზები, უკრაინის სტატუსი და ა.შ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

 

„ის, რაც ახლა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ხდება, დიპლომატიური ჟარგონით შეიძლება სიგიჟე ვუწოდოთ. რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკების სამი რაუნდი ჩიხში შევიდა. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას მკაცრი სანქციები ელოდებაო“, ვლადიმერ პუტინი პასუხობს, რომ „ამით ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებო“.

 

ამჟამად „ცხელთავიანების“ ზეიმია. თეთრ სახლში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში პარტიზანული ბრძოლის დაწყებას გეგმავს, კრემლში კი კუბაზე და ვენესუელაში ჯარის გაგზავნაზე ალაპარაკდნენ. მუქარებში ნატოს ყოფილი გენერალური მდივანიც ჩაერთო და განაცხადა - რუსების პროვოკაციის შემთხვევაში ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღება „ელვისებურად“ მოხდებაო.

 

გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი სიგიჟეა. ახლა ის დროა, რომ ამერიკამ ყურადღება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე გაამახვილოს - ეკონომიკურ სირთულეებზე, პანდემიაზე, რასობრივ განხეთქილებაზე, კლიმატის ცვლილებაზე და რადგანაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჩინეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება, ამერიკას დღეს ყველაზე ნაკლებად - ღმერთმა ნუ ქნას - რუსეთთან ომი ჭირდება უკრაინის გამო.

 

ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის პოსტის დაკავებისას განაცხადა, რომ დიპლომატიის ერა დაიწყოო, მაგრამ თავის გუნდში, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხები ეხება, მან ისეთი ადამიანები მიიყვანა, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ჩავარდნებით ერაყში, ლიბიაში, სირიაში, იემენში და სხვა ადგილებში.

 

პრობლემა იმაშია, რომ შეერთებული შტატები დიპლომატიას არასწორად ატარებს - ვაშინგტონს ქედმაღლურად ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ მსოფლიოში ისევ ერთადერთ ზესახელმწიფოდ რჩება, შესაბამისად, ჩვენ ძალიან გვიჭირს კომპრომისებზე დათანხმება და ვთვლით, რომ ყოველთვის მართლები ვართ და ჩვენს აზრზე უნდა ვიდგეთ.

 

ცხადია, ძალები საკმარისი გვაქვს: ამერიკის საზღვრებს გარეთ ჩვენ თითქმის 800-მდე ბაზა გვაქვს - უფრო მეტი, ვიდრე საელჩოები და დიპლომატიური მისიები. თავის მხრივ, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა მხოლოდ ერთი ბაზით შემოიფარგლება - სირიაში. ჩვენ ვიყენებთ ეკონომიკურ სანქციებს, ვუცხადებთ და ვემუქრებით სხვადასხვა ქვეყნებს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყველამ უნდა დაიცვას საერთაშორისო წესრიგიო, მაგრამ ჩვენ თვითონვე ამ წესრიგს მხოლოდ მაშინ ვიცავთ, როცა გვაწყობს.

 

ამიტომაც გასაკვირი არაა აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის ვენდი შერმანის ქცევა ჟენევაში - მან ვლადიმერ პუტინის წინადადებას საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აგდებულად „წინასწარვე მიუღებელი“ უწოდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ „ამერიკა არავის მისცემს უფლებას ნატოს ღია კარის პოლიტიკა აუკრძალოსო“.

 

ეს ძალიან სულელური პოზირებაა. აშშ-ის სამმა პრეზიდენტმა - ბარაკ ობამამ, დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა უკვე მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამერიკის ეროვნულ ინტერესებში არ შედის ჯარების გაგზავნა უკრაინაში ან საქართველოში, რუსეთის შეჭრისაგან მათი დაცვის მიზნით. საეჭვოა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ოდესმე მიიღებს თავის რიგებში ამ ქვეყნებს (თუნდაც ტერიტორიული პრობლემების გამო), მაგრამ მაინც გამოვდივართ ტრიბუნაზე და ხმამაღლა ვამბობთ, უკრაინას და საქართველოს უფლება აქვთ ნატოს წევრები გახდნენო. გამოდის, რომ ჩვენ თავს ვალდებულებად ვთვლით ისინი სამხედრო საშუალებებით დავიცვათ.

 

უკრაინის კრიზისი ჯო ბაიდენს აძლევს იმის საშუალებას, რომ პრობლემის მოგვარებაში დიპლომატია ჩართოს. გავიხსენოთ, როგორ გადაწყდა ავსტრიის საკითხი 1950-იანი წლების შუახანებში. იმ დროს ავსტრია საბჭოთა ჯარებს ჰქონდათ ოკუპირებული და მოსკოვი, ცივი ომის პირობებში, უარს აცხადებდა იოტის ოდენა ტერიტორიაც კი არ დაეთმო დასავლეთისათვის (ყოფილი მოკავშირეებისათვის). აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ფორესტ დალესი თავდაპირველად კატეგორიულად წინააღმდეგი იყო რაიმეზე დათანხმებოდა კრემლს, მაგრამ საბოლოოდ, ცამეტდღიანი ურთულესი მოლაპარაკების შედეგად, მხარეები ავსტრიის დამოუკიდებლობასა და ნეიტრალურ სტატუსზე შეთანხმდნენ. მოსკოვმა ქვეყნიდან საოკუპაციო ჯარები გაიყვანა.

 

უეჭველია, რომ უკრაინის მიმართ ასეთი ალტერნატივა უფრო უნდა გვაწყობდეს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, ვიდრე რუსებთან ომი „ბოლო უკრაინელამდე“. დღეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ფაქტობრივად კრიზისულია, ეკონომიკა ცუდ სიტუაციაშია, საზოგადოება მტკიცედ არ არის შეკრული, ქვეყანას კორუფცია ხრავს, დემოკრატია კი ძალიან მოიკოჭლებს. რუსეთისა და აშშ-ის ჩარევა კი უკრაინის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. მაგრამ თუ უკრაინა გარანტირებულ ნეიტრალურ სტატუსს მიიღებს, ეს იქნება შანსი ქვეყნის გამოჯანმრთელებისთვის.

 

ამისათვის საჭირო გახდება რთულ კომპრომისებზე წასვლა. რუსებს მოუწევთ უკრაინის დამოუკიდებლობისათვის გარანტიების მიცემა და სამხედრო მანევრების შეწყვეტა მეზობლის ტერიტორიის სიახლოვეს. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მოუწევს დაივიწყოს თავისი მცდარი აზრები ნატოში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით. უკრაინელებს მოუწევთ თანხმობა ქვეყნის ფედერალური სისტემით მოწყობაზე, გარანტიებით რუსულენოვანი მოსახლეობისთვის. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცევიან აგრესიულად განწყობილი „ქორების“ მხრიდან, რომლებიც ყვირილს დაიწყებენ - კაპიტულაციას ვახდენთ და ავტორიტეტს ვკარგავთო...

 

ვის უნდა აგრესიული კურსის გატარება ამერიკაში? ეს უნდათ დივანზე წამოწოლილ „მებრძოლ-კომენტატორებს“, რომლებსაც მთელი ცხოვრება ჯაშუშობაში აქვთ გატარებული. მაგრამ თვითონ ამერიკელებს უკვე „ყელში აქვთ ამოსული“ უსასრულო ბრძოლები სხვადასხვა შორეულ ქვეყნებში. ჯო ბაიდენი, ალბათ, მიხვდება, რომ სიტუაციის დარეგულირება უფრო პოპულარულია, ვიდრე მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნება. საკითხავი ისაა, ეყოფათ თუ არა ძალა ბაიდენს და პუტინს, რომ არჩევანი თავშეკავების სასარგებლოდ გააკეთონ, დიალოგისა და თანამშრომლობისათვის, ვიდრე ბრმად მიენდონ ომის მოსურნეებს.

 

წყარო

წაკითხვა 323 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.