"უკრაინის კრიზისი რუსეთს ჩინეთთან „ჩახუტებისაკენ“ უბიძგებს" - Deutsche Welle

ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის თემას ეხება გერმანული „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა: უკრაინის კრიზისი რუსეთს ჩინეთთან „ჩახუტებისაკენ“ უბიძგებს“ (ავტორი - უილიამ იანი).

 

გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ვერსიას:

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი, როგორც დაგეგმილია, ერთმანეთს პეკინში, 4 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს შეხვდებიან. ორი ლიდერის პირველი პირადი შეხვედრა ბოლო ორი წლის განმავლობაში ორივე ქვეყნის დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე გაიმართება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციით არის განპირობებული. 

 

რუსეთისა და დასავლეთის დამოკიდებულება ღრმა კრიზისში იმყოფება. რას შეეხება ჩინეთს, დასავლეთმა პეკინსაც „აწყენინა“: სი ძინპინის - როგორც ოლიმპიური თამაშების მასპინძლის - „ვარსკვლავურ საათს“ ჩრდილი მიაყენა იმ „დიპლომატიურმა ბოიკოტმა“, რაც მას ამერიკამ და ევროპული ქვეყნების რიგმა ლიდერებმა გამოუცხადეს. ისინი ჩინეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში, ტაივანის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარებასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილ რთულ სიტუაციაში ადანაშაულებენ.

 

ვლადიმერ პუტინის სტატია

 

გუშინ, სამ თებერვალს ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ „სინჰუამ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსეთი და ჩინეთი: სტრატეგიული პარტნიორობა, მომავალზე ორიენტირებული“. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ჩინეთი და რუსეთი ახლო მეზობლები არიან, ახალ ეპოქაში მათი ურთიერთობა უპრეცედენტო დონით გამოირჩევა და მომავლისკენაა მიმართული“. 

 

ვლადიმერ პუტინი სტატიაში ყურადღებას ამახვილებს რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებულ ალტერნატიულ საერთაშორისო საბანკო-საგადასახადო სისტემაზე და ეს, რასაკვირველია, დასავლეთის დასანახავად არის ხაზგასმული. გარდა ამისა, ორივე ქვეყანა ცდილობს საბანკო გადახდები (ტრანსაქციები) დოლარის გარეშე აწარმოონ, რაც საკმაოდ რთულია. ამით პეკინი და მოსკოვი მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ისინი მზად არიან მჭიდრო თანამშრომლობისათვის საბანკო სფეროში.

 

„რუსეთი და ჩინეთი მსოფლიოს სიგნალს უგზავნიან, რომ ორივე უკმაყოფილოა დღეს არსებული სავალუტო გადახდების საერთაშორისო სისტემით და თანამშრომლობას აღრმავებენ იმ მიზნით, რომ აქტიური გავლენა მოახდინონ მასზე და თუ მოახერხებენ, თავიანთი მოდელით შეცვალონ“, - ამბობს „დოჩე ველე“-სთან საუბარში ბრიუსელის ანალიტიკური ცენტრის Centre for Russia Europe Asia Studies-ის ხელმძღვანელი ტერეზა ფალონი, - „რუსეთს ჭირდება, რომ მას ძლიერი მოკავშირე ჰყავდეს დასავლეთისგან იზოლაციის პირობებში, ჩინეთს კი სურს საიმედო პარტნიორთან თანამშრომლობა როგორც რეგიონული, ასევე გლობალური გეოპოლიტიკური გავლენების განხორციელებაში.

 

პეკინისა და მოსკოვის პოზიციები კიევთან მიმართებით

 

ნიშნავს თუ არა მოსკოვ-პეკინის თანამშრომლობის გაღრმავება იმას, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში?

 

გასულ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ თავის ამერიკელ კოლეგასთან - აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან გამართულ სატელეფონო საუბარში ყველა მხარეს მოუწოდა „სიმშვიდე შეინარჩუნონ“ და „თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისაგან, რომლებიც სიტუაციას ძაბავენ“. ამასთან ჩინელმა მთავარმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ გამოხატული შეშფოთება სერიოზულად უნდა იქნას აღქმული“.

 

„როგორც ჩანს, უკრაინის გამო შექმნილ რთულ სიტუაციაში სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინის მხარე დაიკავა და ეს ყველას დასანახად ღიად, საჯაროდ გააკეთა. ეს განსხვავდება იმ ტრადიციული მოქმედებისგან, როცა ჩინეთი საკმაოდ ნეიტრალური პოზიციით გამოდიოდა ხოლმე „მგრძნობიარე“ საკითხების მიმართ“, - ასეთ კომენტარს აკეთებს „დოიჩე ველე“-სთან საუბარში დიმიტრი ბოჩკოვი, საერთაშორისო საქმეთა რუსული საბჭოს თანამშრომელი, - ეს არის სიგნალი ორივე ქვეყნისაგან, რომ რომ მათ შორის სანდო ურთიერთდამოკიდებულება ყალიბდება, კვაზი-სამოკავშირეო სტრუქტურის მსგავსი“.

 

ამას ადასტურებს გუშინ, სამ თებერვალს, პეკინში რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და ვან ი-ს შორის გამართული შეხვედრაც, როცა მხარეებმა განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანა ერთმანეთთან რეგიონული პოლიტიკის გატარების კოორდინირებას ახდენს - უკრაინასთან, ავღანეთთან, კორეასთან მიმართებით. 

 

„თუ ხვალ ომი იქნება...“

და მაინც, რასაკვირველია, პეკინს ევროპაში სტაბილურობა სურს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში: ჩინეთს საკმაოდ ფართო სავაჭრო კავშირები აქვს უკრაინასთან „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის ჩარჩოებში. ბუნებრივია, პეკინისთვის სასიამოვნო არ იქნება, თუ ომის შემთხვევაში ჩინელი ინვესტორები დაზარალდებიან.

 

„რა თქმა უნდა, ჩინეთი ითვალისწინებს იმ რისკებს, რომელსაც უკრაინის კრიზისი იწვევს და აცნობიერებს იმ სერიოზულ შედეგებს, რაც სავარაუდო სამხედრო კონფლიქტს მოჰყვება. ამიტომაც პეკინი არ არის დაინტერესებული რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ესკალაციით“, - ამბობს ზუსა-ანა ფერენცი - ევროპარლამენტის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი.

 

„არ არსებობს არანაირი საბაბი იმისა, რომ ჩინეთი ნეიტრალიტეტის  თავის დოქტრინას დაარღვევს და ღიად დაუჭერს მხარს რუსეთს უკრაინასთან ომის შემთხვევაში“, - ასე თვლის ში ინჰუანი, პეკინის სახალხო უნივერსიტეტის („რენმინის“) პროფესორი. „ჩინეთი საჯაროდ არ დაგმობს რუსეთის მოქმედებას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მაგრამ ასევე მხარს არ დაუჭერს საჯაროდ’, - ამბობს პროფესორი „დოიჩე ველე“-სთან საუბარში, - თუმცა, იმავდროულად, პეკინი წინააღმდეგია, რომ დასავლეთი რუსეთს სანქციებს უცხადებს“.

 

„დოიჩე ველეს“ მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ჩინეთი შეეცდება ყველაფერი გააკეთოს, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები რაიმე ევროპულმა სამხედრო კონფლიქტმა არ დაჩრდილოს: „არა მგონია, რომ ვლადიმერ პუტინი ოლიმპიური თამაშების დროს უკრაინაში შეიჭრება. მისი ასეთი ნაბიჯი სი ძინპინს ძალიან გაანაწყენებს“, - ამბობს პროფესორი ში ინჰუანი.

 

წყარო

წაკითხვა 316 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.