შესაძლებელია თუ არა უკრაინის „დაუყონებლივი“ მიღება ევროკავშირში - რას წერს Le Figaro

ცნობილი ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) ბეჭდავს სტატიას სათაურით „რამდენად შესაძლებელია უკრაინის „დაუყოვნებლივი“ მიღება ევროკავშირში, როგორც ამას ვლადიმერ ზელენსკი ითხოვს?“ (ავტორი ლიუკ ლენუარი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ევროპული ქვეყნებისაგან დახმარებას ითხოვს - მას სურს, რომ უკრაინის მიმართ „განსაკუთრებული პროცედურა“ იქნეს გამოყენებული, რათა ქვეყანა ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ. რამდენადაა ეს შესაძლებელი?

 

რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე დღეს სამხედრო ფორმიანი უკრაინის პრეზიდენტი მოკლე სიტყვით გამოვიდა და თავის ევროპელ მეზობელს - ევროპის კავშირს მიღების თხოვნით მიმართა - „დაგვეხმარეთ, რომ ეს საკითხი მაინც სწრაფად გადაწყვიტოთ“. მან იქვე მოაწერა ხელი ოფიციალურ განაცხადს, არ დავიწყებია ჟურნალისტების მიწვევაც.

 

რას ნიშნავს ვლადიმერ ზელენსკის მუდარა ევროკავშირისადმი? ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი თითქოსდა ზელენსკის თხოვნას კეთილგანწყობით შეხვდა და „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი სურვილიც არის უკრაინა ევროპის კავშირის შემადგენლობაში იხილოს... მაგრამ მას მიღების ვადები არ დაუკონკრეტებია. ისმება კითხვა: რამდენად არის შესაძლებელი უკრაინის სწრაფი მიღება და თუ ჩვენ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ დემაგოგიასთან, რომლის გამოც ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპული პრესა ხშირად ადანაშაულებს?

 

ევროკავშირს უკვე აქვს დადებული ასოცირების შეთანხმება უკრაინასთან, რომელიც ძალაში 2017 წელს შევიდა, მაიდნის რევოლუციის შემდეგ. ამ შეთანხმებით შეიცვალა 1998 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი. ამჟამად უკრაინასა და ევროკავშირს შორის მოქმედებს ახალი ღრმა შეთანხმებაც თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე.

 

ერთიანი პროცედურა ყველასათვის

 

მაგრამ სურვილი ერთია, რეალობა - მეორე. ჩვეულებრივი პროცედურის მიხედვით, უკრაინას დიდი დრო დაჭირდება ევროკავშირის წევრად მიღებისთვის - ეს განსაზღვრულია ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლით, რომელშიც საუბარია გაწევრიანების მრავალ ეტაპობრივ პერიოდზე და რომელშიც ხაზგასმულია, რომ „განსაკუთრებული პროცედურითაც“ კი ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ორგანიზაციის წევრი, თუ არ განახორციელებს სერიოზულ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ცვლილებებს.

 

49-ე მუხლით პროცედურა ასეთია: ჯერ საქმე ეხება ქვეყნის ფორმალური განაცხადის წარდგენას ევროსაბჭოში, რომელიც მას „კანდიდატის“ ოფიციალურ სტატუსს ანიჭებს, ამის შემდეგ კი იწყება მოლაპარაკების ფართო და გრძელი სერია. ისინი ეხება ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც „კანდიდატი“ ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა იქნენ შეტანილნი. ეს კოლოსალურ სამუშაოს წარმოადგენს, რომელიც დაკავშირებულია ათასობით კანონის უზარმაზარ ტექსტებთან, რომლებიც ევროკავშირის შიგნით ყოველი ევროპელის ცხოვრებას არეგულირებს. ყოველი კანონის მიღების დროს უნდა შეფასდეს მისი მოქმედების სავარაუდო შედეგები, აუცილებელია ადაპტაციის ამსახველი გარდამავალი დებულებების შემუშავება... ეს ყველაფერი ძალზე რთულ და გრძელვადიან შრომას ითხოვს.

 

თუ „კანდიდატი“ ქვეყანა ამ სამუშაოებს შეასრულებს, ის ანგარიშს წარადგენს, მას განიხილავენ და თუ ყველაფერი კეთილად დასრულდება, გაწევრების უფლებას მიიღებს. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ უკრაინამ ამჟამად, შექმნილ რთულ პირობებში „ერთი ნახტომით“ განახორციელოს ცვლილებები. ევროპის კავშირმა ხომ 1993 წელს, კოპენჰაგენის ცნობილი სამიტის დროს, ორგანიზაციაში მიღების მკაცრი პირობები დააწესა, რომელთა შორის არის სამი ისეთი კრიტერიუმი, რომელიც უკრაინას ნამდვილად არ აქვს: სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობის დაცვა და ეკონომიკის სტაბილური განვითარება.

 

20-წლიანი ლოდინის პრეცედენტი

 

დღეისათვის ისეთი მრავალრიცხოვანი მოთხოვნებია, რომ ევროკავშირი ახალ წევრად, თანაც რამდენიმე დღეში, უკრაინასთან შედარებით უფრო მომზადებულ სახელმწიფოსაც კი არ მიიღებს. როგორც ფრანჩესკო მარტუჩი - პარიზის უნივერსიტეტის ევროპული სამართლის პროფესორი ამბობს, ვერცერთი „კანდიდატი“ სახელმწიფო ვერცერთ ეტაპს თავიდან ვერ აიცილებს: ხელშეკრულების 49-ე მუხლში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ზემოთ გადმოცემული ბიუროკრატიული გზა ევროკავშირში მიღების ერთადერთი წესს წარმოადგენს. და ევროკავშირმა ეს პროცედურა რომც დააჩქაროს, კიევს მაინც მოუწევს დაელოდოს თითოეული წევრი ქვეყნის თანხმობას: „ახალი წევრის მიღება რატიფიცირებული უნდა იქნეს ევროკავშირის ყოველი წევრი სახელმწიფოს მიერ რეფერენდუმით ან პარლამენტის დადგენილებით“. ჩვეულებრივ, მიღების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში ჭიანურდება: ევროკავშირის წევრი სულ ბოლოს ხორვატეთი გახდა - 2013 წელს, რომელმაც განაცხადი... 2003 წელს შეიტანა!

 

რა თქმა უნდა, თეორიულად შეიძლება ისიც წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა თითოეულ სახელმწიფოს დიპლომატიურად მოელაპარაკება, რატიფიცირების დაჩქარების მიზნით, მაგრამ საკითხის ასეთ „დელიკატურ“ გადაჭრას ევროკავშირი ამ ეტაპზე არ იწონებს.

 

რაც შეეხება ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ინტერვიუში, რომ მისი „სურვილია“ უკრაინა ევროკავშირში იხილოს, ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ მამერმა „მცირე დაზუსტება“ გააჟღერა: თურმე ქ-ნ ურსულას პირადი პოზიცია გამოუხატავს. თუმცა ეს მის ქცევას არ ამართლებს: მან უნდა იცოდეს, რომ არსებობს ევროკავშირში ახალი წევრის მიღების მტკიცე პროცედურა და ამ საკითხში ევროკომისიის თავმჯდომარეც კი ვერაფერს შეცვლის.

 

უკრაინა და ევროკავშირის უსაფრთხოება

 

გარდა ამისა, იბადება კითხვა: რატომ უნდა იქნეს მიიღოს ევროკავშირმა თავის რიგებში უკრაინა? რას შეცვლის უკრაინის მიღება ევროკავშირის უსაფრთხოების განმტკიცებაში? ევროკავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულების 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფო შეიარაღებული აგრესიის ობიექტი გახდება მის ტერიტორიაზე, სხვა წევრმა სახელმწიფოებმა მას მხარი უნდა დაუჭირონ და უნდა დაეხმარონ ყველა შესაძლებელი საშუალებით“. ამ მუხლში მოხსენიებულია ნატოც, როგორც ევროკავშირის ქვეყნების „კოლექტიური თავდაცვის საფუძველი“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებიც არიან, მაშინ უკრაინის ჩართვით ამ სისტემაში მათი კონფრონტაცია რუსეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება: ფაქტობრივად უკრაინის წევრობა მათ რუსეთთან კონფლიქტში მონაწილეობას ავალდებულებს, ევროკავშირი კი მოსკოვთან ომის დაწყებას არ აპირებს. ჰოდა, რატომ უნდა გაირთულოს მდგომარეობა ევროკავშირმა უკრაინის ფორმალურად მიღებით?

 

ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღება წმინდა თეორიულ პერსპექტივას წარმოადგენს, მისი რეალურად განხორციელება უახლოეს დროში უბრალოდ შეუძლებელია. ევროკავშირის წევრად მიღება, ტექნიკური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე საქმეა. პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებას წმინდა პოლიტიკურ-სარეკლამო ხასიათი აქვს.

წაკითხვა 484 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.