ვინ გადაიხდის პუტინის განდიდების მანიის ფასს?

გერმანული გაზეთ „ველტი“ (Die Welt) ბეჭდავს სტატიას სათაურით „რუსეთის მმართველმა ელიტამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა ვლადიმერ პუტინი უნდა დაამხონ“, რომლის ავტორი ალფრედ მოზესი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუმინეთში, მსჯელობს რუსეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვაში შექმნილ სიტუაციაზე და ვარაუდობს, თუ რამდენად შესაძლებელია რუსეთში გადატრიალების მოწყობა ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით, ვლადიმერ პუტინის დამხობის მიზნით.

„მეოთხე კვირაა გრძელდება რუსეთის სრულიად უკანონო და უსამართლო სამხედრო აგრესია უკრაინაში, რასაც ჯერ-ჯერობით დასასრული არ უჩანს. თანდათან უფრო აშკარა ხდება, რომ ეს არის პირადად ვლადიმერ პუტინის ომი. სანამ იგი რუსეთის ხელისუფლების სათავეში რჩება, მანამ რუსეთის ჯარები უკრაინიდან არ გავლენ და მოსკოვი ყოველთვის იქნება საფრთხე მოლდოვისათვის, საქართველოსათვის, აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის - ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის.

 

ვლადიმერ პუტინმა მმართველობის საწყის პერიოდშივე ნათლად მიანიშნა იმპერიულ ამბიციებზე, რომ მისი სურვილია „დედა-რუსეთის“ შემადგენლობაში ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვმა დაკარგა.

 

ვინ გადაიხდის პუტინის განდიდების მანიის ფასს? გადავიხდით ყველა - ჩვენ, უკრაინელები, რუსები (პუტინის ოლიგარქებისა და მისი სამხედრო გარემოცვის ჩათვლით). ვისთვისაა ეს მომგებიანი? არავისთვის. მოვიდა დრო, რომ მოვუწოდოთ რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს, რუსეთის სახელისუფლო მმართველ ელიტას, რომ ვლადიმერ პუტინი დაამხონ.

 

რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში დაძაბულობა სუფევს. პრეზიდენტის ბრძანებით დაპატიმრებულნი არიან უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საგარეო დაზვერვის უფროსი და მისი მოადგილე იმ ბრალდებით, რომ მათ წინასწარ ვერ განსაზღვრეს, ობიექტურად ვერ შეაფასეს უკრაინის სავარაუდო წინააღმდეგობა რუსეთის შეჭრისადმი. დაღუპულია სამი სამხედრო მაღალჩინოსანი - გენერლები და ათასობით სამხედრო მოსამსახურე. შესაბამისად, რუსეთის არმიის ხელმძღვანელობაში მღელვარება მატულობს: არმია ბოლომდე ვერ მიეჩვია „კაგებეს“ ყოფილი რეზიდენტის გაპრეზიდენტებას - იმ მილიარდობით რუბლის მიუხედავად, რომელიც ვლადიმერ პუტინმა შეიარაღებული ძალების აღდგენას მოახმარა.

 

და თუ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და სამშობლოში სულ უფრო მეტი დაღუპულის ცხედარი დაბრუნდება, სულ უფრო მეტი კუბო გაიგზავნება, მაშინ რუსეთში, ალბათ, სულ უფრო იმატებს ომის საწინააღმდეგო განწყობები. ასეთ სიტუაციაში თვით ჩინელი მეგობრებიც კი იძულებული გახდებიან ვლადიმერ პუტინს უკრაინული ავანტიურის დასრულებისაკენ უბიძგონ - რადგან რუსეთს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო გმობს, ამით სხვა ავტორიტარული რეჟიმებიც სუსტდებიან.

 

საგულისხმოა, რომ მასმედიაზე ვლადიმერ პუტინის სრული მონოპოლიის მიუხედავად, არც ტელევიზიაში და არც პრესაში არ არის ასახული, რომ რუსეთის მოსახლეობა ომს იწონებს.  ომის მომხრეთა მიტინგები და დემონსტრაციები არ ტარდება, სამაგიეროდ ეწყობა ანტისაომარი გამოსვლები - ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურებმა ათასობით ომის მოწინააღმდეგე დააკავეს. მოსახლეობა სულ უფრო აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს ხელისუფლების კურსის გასაკრიტიკებლად. ასეთი ვითარება სრულიად არ ჰგავს ყირიმის ანექსიის შედეგად გამოწვეულ ენთუზიაზმს 2014 წელს და იმ აღფრთოვანებას, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში სუფევდა ადოლფ ჰიტლერის მიერ მეორე მსოფლიო ომის დაწყების ჟამს.

 

საინტერესოა, რომ თვით პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის შვილმაც კი გაბედა და სოციალურ ქსელებში ომის წინააღმდეგ გამოვიდა. აბა, წარმოიდგინეთ, გერმანიის იმპერიის პროპაგანდის მინისტრის იოზეფ ჰებელსის ქალიშვილი რომ 1939 წელს პოლონეთში ვერმახტის შეჭრის, ან 1940 წელს ნიდერლანდებში შეჭრის წინააღმდეგ რომ გამოსულიყო...

 

სრულიად ნათელია, რომ ვლადიმერ პუტინის უკმაყოფილება ნატოს გაფართოების გამო - ეს მხოლოდ ხელოვნურად მოგონილი მიზეზია უკრაინაში შესაჭრელად. მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. გავიხსენოთ, რომ ნატოს გაფართოებას არც ბორის ელცინი არ ეთანხმებოდა, მაგრამ მან ვერ შეძლო და ხელი ხელი ვერ შეუშალა ყოფილი სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გამხდარიყვნენ. იგივე გააკეთეს ბალტიისპირეთის ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმაც... 

 

ცხადია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთის გაძლიერებისა ეშინიათ. როცა რუმინეთში ელჩად ვმუშაობდი, ხშირად მეუბნებოდნენ ხოლმე - „რუსეთი ისეთი მეგობარია, რომელიც ვახშამზე მოდის და შემდეგ უკან არასოდეს აღარ მიდისო“. რუმინეთი კმაყოფილია ნატოს წევრობით: დღეს მის უსაფრთხოებას ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი იცავს.

 

რუსეთში გადატრიალების მოწყობის შესაძლებლობა საუკეთესო შანსია იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებას ჩამოაშორონ. ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თუ რამდენად დიდია მისი დამხობის ალბათობა. მთავარი ისაა, რომ ვლადიმერ პუტინის წასვლით რუსეთის ხელისუფლებიდან უნდა შეწყდეს ომი, ადამიანების სიკვდილი და ქალაქების დანგრევა. მოკლედ, რუსეთის ლიდერის დამხობა ადამიანთა ტრაგედიის ალტერნატივას წარმოადგენს.

 

წყარო

წაკითხვა 296 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.