''ოკუპანტები მაქსიმუმ ხუთ დღეს გვაძლევდნენ, ჩვენ უკვე 50 დღეა, ვიბრძვით'' - ვოლოდიმირ ზელენსკი

ოკუპანტები მაქსიმუმ ხუთ დღეს გვაძლევდნენ, ჩვენ უკვე 50 დღეა, ვიბრძვით, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომიდან 50-ე დღის ბოლოს გავრცელებული მიმართვის დროს გააკეთა.

„რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი 24 თებერვალს არ დაუწყია. რუსული ჯარი ჩვენთან ჯერ კიდევ 2014 წელს მოვიდა. მათ დაიკავეს ჩვენი ყირიმი და ერთ დიდ სამხედრო ბაზად აქციეს. მათ შავი და აზოვის ზღვები მსოფლიოში ყველაზე არასტაბილურ ზღვებად გადააქციეს. მათ საშინელი და ცინიკური ომი დაიწყეს ჩვენს დონბასში. ისინი რვა წელი კლავდნენ ჩვენს ხალხს. ამ პერიოდში დაიღუპა 14 000 ადამიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რუსეთმა ვერ მიიღო სათანადო პასუხი მსოფლიოსგან 2014 წელს, რის გამოც მოსკოვმა უკრაინაში ხელახლა შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყება გაბედა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული არმიის ქცევა დონბასში მიუთითებს, რომ მათ ქვეყნის სრულად განადგურება სურთ.

 

„რუსული არმია იქცევა ისე, რომ მათ შემდეგ მხოლოდ ქვა დარჩეს. მათ ძალდატანებით მიჰყავთ დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლები არმიაში. ისინი მათ ყველაზე სასტიკ ბრძოლებში აგზავნიან. ისინი მიწასთან ასწორებენ დონბასის ქალაქებსა და სოფლებს. ყველაფერს წვავენ, რაც რვაწლიან ომს გადაურჩა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რუსეთის არმია ანადგურებს ხარკოვს და ამ ქალაქს არასდროს გამოუცდია ისეთი ტანჯვა, როგორიც მას რუსულმა არმიამ მოუტანა. მისივე თქმით, ასეთი ქცევა რუსეთისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.

 

„მათ არაფერი აქვთ საერთო კიევის რუსეთთან, რომელთან კავშირზეც თანამედროვე რუსეთი ოდესღაც აცხადებდა პრეტენზიას. კიევის რუსეთი საკუთარ თავს არ გაანადგურებდა. ამას აკეთებდნენ უცხო ტომელები, ეს იყო ურდო და სხვა დამპყრობლები. სწორედ ეს ხალხი მოვიდა დღეს ჩვენს მიწაზე და ომობს მხოლოდ ძარცვისა და აბუჩად აგდებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

თავისი გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა ომის პირველი დღეები და განაცხადა, რომ მას მსოფლიო ლიდერები ფაქტობრივად დანებებას ურჩევდნენ.

 

„ბევრი მირჩევდა, ქვეყანა დამეტოვებინა, მირჩევდა, დავნებებოდი ტირანიას. ისინი ჩვენ არ გვიცნობდნენ, არ იცოდნენ, რამდენად მამაცები ვართ უკრაინელები, როგორ ვაფასებთ თავისუფლებას, შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ეს ჩვენ გვსურს. დიახ, ჩვენ და არა იმ ხალხს, რომელთა არმიამ ცხოვრებაში პირველად დაინახა უნიტაზი, ისიც მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იპარავს სახლისთვის ტექნიკას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ.

„ამ ომის 50 დღეში უკრაინა გახდა მთელი თავისუფალი სამყაროს გმირი. მათთვის, ვინც არის იმდენად გამბედავი, რომ ყველაფერს თავისი სახელი უწოდოს. მათთვის, ვინც არაა მოწამლული პროპაგანდით. თქვენ ყველა გახდით გმირები. ყველა უკრაინელი, რომელიც არ ნებდება, რომელიც გაიმარჯვებს და დაუბრუნებს უკრაინას მშვიდობას. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

წაკითხვა 387 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 15 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.