იქნება თუ არა ბირთვული ომი? - რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანული გაზეთის „დეილი ექსპრესის“ (The Daily Express) 11 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კრემლის ბირთვული მუქარა: როგორ უპასუხებენ რუსეთს ბრიტანეთი, აშშ და მათი მოკავშირეები“ (ავტორი - ჯეიმს გრეი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

„ვლადიმერ პუტინი ბოლო თვეებში არაერთხელ დაემუქრა დასავლეთს ბირთვული იარაღის გამოყენებით, თუ ნატო უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ჩაერევა. მაგრამ ისმება კითხვა: მაინც როგორი პასუხის გაცემა შეუძლიათ ნატოს წევრებს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში?

 

როგორც ცნობილია, მოსკოვს ბირთვული იარაღის 5977 ერთეული აქვს. ეს ოდნავ მეტია იმ რაოდენობაზე, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი-ქვეყნები ფლობენ. მათი ბირთვული იარაღის ერთობლივი რიცხვი 5943 ერთეულს შეადგენს.

მოდით, ვისაუბროთ: რით შეუძლია დასავლეთს პასუხი გასცეს რუსეთს, თუ კრემლი მას ბირთვულ დარტყმას მიაყენებს?

 

თუ ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს დიდ ბრიტანეთს ან ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას ბირთვული ქობინებით აღჭურვილი რაკეტით დაარტყას, ასეთი მოქმედება, ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ყველა 30 ქვეყანაზე თავდასხმად ჩაითვლება.

 

გაზეთ London Evening Standard-ის მთავარმა რედაქტორმა რობერტ ფოქსმა, რომელიც რადიოსადგურ LBC-ის (London Broadcasting Company) წამყვანს მეთიუ რაიტს ესაუბრებოდა (აღნიშნული გაზეთი ხშირად იხილავს სამხედრო საკითხებს), თქვა, რომ დასავლეთის პასუხი რუსეთის თავდასხმაზე გასაოცარი იქნება და თანაც ისეთი, რომ მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი ორ წუთში იქნებიან „აღგვილი პირისაგან მიწისა“.

 

რობერტ ფოქსის თქმით, „ბირთვული შანტაჟი ძალიან რთული თამაშია და მე ვფიქრობ, ეს რუსმა გენერლებმა კარგად იციან... ვლადიმერ პუტინის არმიის ყველა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული არ იქნება... და თუ რუსი პრეზიდენტი ბირთვულ იარაღს მაინც გამოიყენებს, მაშინ უფალმა უწყის, რაც მოხდება... თუმცა, ერთი რამ ცხადია: მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი 90 წამში განადგურდებიან“.

 

ორი კვირის წინათ „ბი-ბი-სი“-ს რედაქტორმა სტივ როზენბერგმა, რომელიც რუსეთის მოვლენებს აშუქებს, ტვიტერით იმ რეპორტაჟის შესახებ ისაუბრა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. ვიდეოსიუჟეტში რუსი პოლიტიკოსები ლაპარაკობდნენ, რომ ბრიტანეთი თუ წყნარად არ იქნება, მას ერთ რუსულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას „სარმატს“ ესვრიან (100 მეგატონის სიმძლავრით), რის შედეგადაც „სამუდამოდ ჩაიძირება“: რაკეტის ბირთვული ქობინების აფეთქება ისეთ ცუნამს გამოიწვევს, რომ მთელ ბრიტანეთს წალეკავს, ირგვლივ კი ყველაფერს რადიაქტიურ უდაბნოდ გადააქცევს.

 

მაგრამ არც ისე იოლადაა საქმე, როგორც რუსებს ჰგონიათ: დიდ ბრიტანეთს აუცილებელი თავდაცვითი საშუალებები აქვს, რომ ბირთვული რაკეტები ჩამოაგდოს. მაგალითად, ლონდონს შეუძლია ამერიკული „სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის“ შესაძლებლობით ისარგებლოს (რომელიც „ვარსკვლავური ომების“ სახელითაა ცნობილი და რომელიც რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა 1984 წელს) და „სარმატის“ მსგავსი რაკეტები განადგუროს.

 

გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობას შეუძლია გამოიყენოს „45“ ტიპის სამხედრო ხომალდები, რომელთა თავდაცვით სისტემებს ყველანაირი ბირთვული დარტყმის მოგერიება შეუძლიათ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს გემები ტემზის შესართავში განლაგდებიან და ლონდონს და მის ირგვლივ არსებულ რაიონებს დაიცავენ.

 

მოკლედ, იქნება თუ არა ბირთვული ომი?

 

მართალია, პრეზიდენტმა პუტინმა მარტში რუსეთის ბირთვული ძალები მზადყოფნის უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანა, მაგრამ მას მაინც არ მიუნიშნებია თავის განზრახვაზე, რომ უახლოეს ხანში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. უფრო მეტიც - პრეზიდენტმა ადრეც გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ „ბირთვული კონფლიქტი მთელი ცივილიზაციის დაღუპვა გამოიწვევს და შეიძლება პლანეტაც კი განადგურდეს“.

 

დასავლელ ხელმძღვანელებს მშვენივრად ესმით ბირთვული ომის შესაძლო შედეგები და მას კარგად აცნობიერებენ. ამიტომაც არის, რომ ასეთი საშიშროების გამო ნატო უკრაინის ომში ომში არ ჩაებმება. შესაბამისად, ბირთვული ომი ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.

 

წყარო

წაკითხვა 439 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.