''ვემზადებით რუსეთის მიერ დონბასში თავდასხმის ახალი მცდელობებისთვის'' - ვოლოდიმერ ზელენსკი

ვაგრძელებთ ძალიან რთულ და დელიკატურ მოლაპარაკებებს, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან, „აზოვსტალიდან“. ჩვენ ამ საკითხებზე ყოველდღიურად ვმუშაობთ და მთავარია, შეთანხმებები შესრულდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება შეინარჩუნოს.

„კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, არის ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება ჩვენს, უკრაინის მიმართ. აუცილებლად გავაგრძელებ უკრაინის პარტნიორი ევროპული ქვეყნების პარლამენტებში სიტყვით გამოსვლას. ჩვენი ამოცანაა უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, შემდეგ კი - ევროკავშირში გაწევრიანება სწრაფი პროცედურით. ყველა სახელმწიფო მნიშვნელოვანია. ყველა ხმა მნიშვნელოვანია. ასეთივე მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების მაქსიმალური თანხმობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხში. ამიტომაც მივმართავ ლუქსემბურგის პარლამენტს უახლოეს მომავალში.სხვათა შორის, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ასეთი სპეციალური გამოსვლების გეოგრაფიის გაფართოებაზე აფრიკისა და აზიის პარლამენტებში.

23 მაისს იგეგმება დავოსის ფორუმის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვა. წელს კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. განიხილება ომის შემდგომი რეკონსტრუქცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სრულად მოვიპოვოთ მსოფლიო მხარდაჭერა და დავოსის ფორუმში მონაწილეობა ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა დონბასში რუსეთის თავდასხმის ახალი მცდელობებისთვის ემზადება.

„ჩვენ ვემზადებით რუსეთის მიერ დონბასში თავდასხმის ახალი მცდელობებისთვის. ოკუპანტებს დღემდე არ სურთ იმის აღიარება, რომ ჩიხში არიან და მათი ე.წ „სპეციალური ოპერაცია“ უკვე გაკოტრებულია. მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც უკრაინელი ხალხი აიძულებს დამპყრობლებს სრულად აღიარონ რეალობა. რაც არ უნდა „კრეატიულები“ იყვნენ ხერსონსა და მელიტოპოლში, როგორც არ უნდა წარმოაჩინონ თავიანთი „ძალაუფლება“ ოკუპირებულ პრიაზოვიასა და დონბასში, ისინი დროებით არიან იქ და მაინც იფრიალებს უკრაინის დროშა, იმოქმედებს უკრაინის კანონი და იქნება უკრაინული ცხოვრება.

დღევანდელი რუსული სარაკეტო დარტყმები ლვოვის რეგიონში, ჰულიაიპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, დონეცკის ოლქის ქალაქებისა და თემების დაბომბვა - ოკუპანტების მთელი ეს სისასტიკე, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად განიცდის, მხოლოდ იმ ფაქტამდე მიგვიყვანს, რომ გადარჩენილი რუსი ჯარისკაცები დააბრუნებენ ამ ბოროტებას რუსეთში.უკან დააბრუნებენ, რადგან უკან დაიხევენ. ასე დასრულდება რუსი სამხედროების მთელი ციებ-ცხელება, რომელსაც ახლა ვხედავთ და მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის, ვინც ამ დროსთან გვაახლოებს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 253 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 16 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.