სწორია თუ არა ჰენრი კისინჯერის თვალსაზრისი უკრაინის შესახებ

ცნობილი ამერიკელი მოღვაწის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ექსპერტ- პოლიტოლოგის ჰენრი კისინჯერის განცხადებას დავოსის ფორუმზე, რომლის თანახმად, უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში სტატუს-ქვოზე უნდა დათანხმდესო,  ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა - მის პოზიციას იწონებენ და აკრიტიკებენ კიდეც.

გთავაზობთ ერთ-ერთ პუბლიკაციას - ამერიკულ ჟურნალ „ნიუსვიქში“ (Newsweek) გამოქვეყნებულს, სათაურით „რამდენად სწორია ჰენრი კისინჯერის თვალსაზრისი უკრაინის შესახებ“, რომლის ავტორია დენიელ დეპეტრისი, აშშ-ის კვლევითი ცენტრის Defense Priorities-ის თანამშრომელი.

 

„ჰენრი კისინჯერი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურას წარმოადგენს. ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ადამიანებში ძლიერ ემოციებს იწვევს. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ ჰენრი კისინჯერზე, პასუხს ორ ვარიანტის სახით გაგცემთ: პირველი - იგი ტიპური რეალისტია, რომელმაც კომუნისტური ჩინეთსა და კომუნისტურ საბჭოთა კავშირს შორის განხეთქილება შეიტანა და მეორე - იგი სამხედრო დამნაშავეა, რომელიც სანქციებს აძლევდა და მხარს უჭერდა კამბოჯისა და სხვა ქვეყნების დაბომბვებს.

 

ჰენრი კისინჯერმა, რომელსაც 27 მაისს 99 წელი შეუსრულდა, ახლახან თავის თავზე კიდევ უფრო მეტი კრიტიკა გამოიწვია - დავოსის ფორუმზე მან უკრაინის მთავრობას საჯაროდ რჩევა-დარიგება მისცა: დადგა დრო იფიქროთ ომის დასრულებასა და მის დიპლომატიურ დარეგულირებაზე, რომელიც რუსეთის მიმართ ტერიტორიულ დათმობას უნდა ითვალისწინებდესო: „იდეალში გამმიჯნავი ხაზი ომამდელ სტატუს-ქვოსადმი დაბრუნება უნდა იყოს“, - განაცხადა ჰენრი კისინჯერმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ომამდელი მდგომარეობა, როცა რუსეთი, დღევანდლისგან განსხვავებით, მხოლოდ ყირიმსა და დონბასის  ერთ მესამედს აკონტროლებდა. 

 

ყოფილი სახელმწიფო მდივნის წინადადებას თითქმის იმავ წუთს უარყოფითად შეხვდნენ. ჰენრი კისინჯერის განცხადებიდან უკვე რამდენიმე საათში პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თავისი მთავრობის პოზიცია დაადასტურა: არავითარი მოლაპარაკება რუსეთთან, სანამ რუსეთის ჯარი არ გავა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით. უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა სტივენ პაიფერმა თავის „ტვიტერში“ ასე დაწერა: „უკრაინის ტერიტორია კისინჯერის არ არის, რომ რუსეთს მისცეს“. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა კი კისინჯერი ბრიტანეთის პრემიერს ნევილ ჩემბერლენს შეადარა, რომელმაც 1938 წელს გერმანელ ნაცისტებს ჩეხოსლოვაკიის კუთვნილი სუდეტის ოლქი დაუთმო.

 

ადვილად გასაგებია, თუ რატომ გამოიწვია ყოფილი სახელმწიფო მდივნის განცხადებამ ასეთი უგულებელყოფა: პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინა მსხვერპლია. რუსეთის ე.წ. „სპეცოპერაცია“ სხვა არაფერია, თუ არა აგრესიის აქტი, მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმა, რაც რუსეთის არმიამ ყველაზე საზარელი სახით განახორციელა: მთელი ქალაქები დანგრეულია და პირისაგან მიწისა აღგვილნი. ასეთ აგრესორს რომ რაიმე დაუთმო, ეს  „პირში მწარე გემოს“ სამუდამოდ დატოვებს. შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ რამდენად მწარე იქნება ეს „გემო“ მათთვის, ვინც ომში ახლობლები დაკარგა.

 

მეორე - უკრაინის მთავრობა და უკრაინელი ხალხი რუსეთისათვის ტერიტორიულ დათმობებს სახიფათოდ მიიჩნევს. მიხეილ პოდოლიაკმა, ზელენსკის მიერ დანიშნულმა მთავარმა მომლაპარაკებელმა რუსეთთან, დაადასტურა კიევის პოზიცია, რომ ტერიტორიის დათმობა მოსკოვისათვის ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ან საზავო ხელშეკრულების დადება,  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მადას უფრო გააძლიერებს. მით უმეტეს, რომ კიეველი სოციოლოგების მიერ ახლახან ჩატარებული [სატელეფონო] გამოკითხვის შედეგებით, უკრაინელთა 82% ტერიტორიული დათმობების იდეას არ ეთანხმება.

 

დღეს უკრაინის ხელმძღვანელობაში არსებობს აგრეთვე იმის რწმენაც, რომ მათ ბრძოლის ველზე რუსეთის არმიის დამარცხება შეუძლიათ. ომის დაწყებიდან განვლილი ეტაპების შემდეგ კიევის პოზიცია მოლაპარაკებებზე თანდათან გამკაცრდა და ხისტი გახდა, რაც განაპირობა, ერთი მხრივ, უკრაინის დამცველების სიმტკიცემ და მეორე მხრივ, რუსული ჯარის მოუქნელობამ და არაეფექტურმა მოქმედებებმა, სამხედრო მოსამსახურეების დაბალმა სულისკვეთებამ, ლოჯისტიკურმა პრობლემებმა და სხვა მიზეზებმა. იმის გაფიქრება, რომ უკრაინა თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგეს უკან დაახევინებდა და დიდ ზარალს მიაყენებდა, ომის პირველ დღეებში ფანტასტიკურად ჩანდა, დღეს უკვე ისეთი წარმოუდგენელი აღარ ჩანს. ზოგიერთმა დასავლელი ანალიტიკოსი უკრაინელებს ურჩევს, რომ იმ დრომდე იომონ, სანამ ვლადიმერ პუტინი და შესაბამისად, რუსეთი დამამცირებელ დამარცხებას არ აღიარებს.

 

მაგრამ... მაგრამ ომი ისეთი „მხეცია“, რომლის მოქმედებას ვერ დააპყრობინებდა: მათ, ვისაც დღეს საბრძოლო სულისკვეთება აქვს, შეუძლიათ ხვალ ბრძოლისუნარიანობა დაკარგონ. სამხედროები - ჯარისკაცები და ოფიცრები - საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და წარუმატებლობის გამოსწორებას ცდილობენ. ამ მხრივ არც რუსეთის არმია არაა გამონაკლისი. დიდი დანაკარგების „წყალობით“ და ტაქტიკური უკანდახევის შემდეგ კრემლი, ალბათ, მიხვდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რამდენიმე მიმართულებით შეტევა მცდარ იდეას წარმოადგენდა, რომ რუსეთის არმიის ქვედანაყოფები დიდ ფართობზე იქნენ გაფანტულნი, რომელმაც რუსეთის არმიის მომარაგების სისტემა გამოფიტა და რომ არასწორად იქნა შეფასებული უკრაინის ჯარის ბრძოლისუნარიანობა... ახლა რუსებმა ხელი აიღეს მთელი უკრაინის დაპყრობის გეგმაზე და ის იმით შეცვალეს, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტკიცე კონტროლს დაამყარებენ და მას შეძლებისდაგვარად გააფართოებენ. ასეთმა მიდგომამ  სასურველი შედეგი გამოიღო - რუსულმა ძალებმა მთლიანად დაბლოკეს აზოვის ზღვა და მისი სანაპირო, რეალურად შექმნეს სახმელეთო დერეფანი ყირიმთან, რასაც ჯერ კიდევ 2014 წლიდან ცდილობდნენ... მართალია, მოსკოვის დაღლილობა, უეჭველად მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს რუსეთის არმია წარმატებებს აღწევს ბრძოლის ველზე, განსაკუთრებით დონბასში, ლუგანსკის ოლქში: სხვა პატარა ქალაქებზე რომ არაფერი ვთქვათ, მსხვილ სევეროდონეცკს ალყაში სრული მოქცევა ემუქრება.  შეძლებს უკრაინის არმია წინააღმდეგობის გაწევას ისე, რომ უკან აღარ დაიხიოს??

 

უკრაინელებს კიდევ ერთი საფრთხე ელოდებათ: დასავლეთში მატულობს ამ ომით გამოწვეული დაღლილობა. დიახ, აშშ და ნატო ერთიანი ძალით ამარაგებენ უკრაინას თითქმის ყველანაირი შეიარაღებით, მაგრამ რუსეთსაც რეზერვები აქვს და შეიძლება დადგეს ის დრო, რომ დასავლურმა საზოგადოებამ უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეცვალოს და კონფლიქტის ფინალი ისეთი იყოს, როგორიც თვითონ სურს. იმ დროს, როცა ამერიკას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს რუსეთის სტრატეგიული დამარცხება უნდათ, გერმანია, იტალია და საფრანგეთი (მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ) ომის სწრაფ დასრულებაზე ფიქრობენ. დღეს ვლადიმერ ზელენსკის, დასავლეთის იმედით, ჯერ კიდევ შეუძლია ომის შეწყვეტის მომხრეებს დასცინოს,  მაგრამ რაც უფრო გაჭიანურდება ომი, მან არ უნდა გამორიცხოს, რომ მათ, ვინც დღეს უკრაინის მტკიცე მოკავშირეები არიან, შეიძლება ხვალ თავიანთ პოლიტიკას გადახედონ...

 

რა თქმა უნდა, არავის, ჰენრი კისინჯერის ჩათვლით, უფლება არ აქვს უკრაინა აიძულოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს. უკრაინელ პოლიტიკოსებს თვითონ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რა არის უკეთესი - კონფლიქტის დასრულება მოლაპარაკებით, მოწინააღმდეგისადმი კიევისათვის მისაღები პირობების წაყენებით, რომ ქვეყანა მეტ-ნაკლებად ღირსეულად გამოვიდეს ომიდან თუ პირიქით. ამჟამად უკრაინის მთავრობის პასუხი უფრო „არა“ იქნება, ვიდრე „დიახ“, მაგრამ მაგრამ შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ქანქარა „დიახ“-ისკენ გადაიხაროს...

 

წყარო

წაკითხვა 330 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.