''არ ვიცი "ოცნება" საით მიდის - ირღვევა თუ არა კონსტიტუციის 78-ე მუხლი?''
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ "ოცნება" არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც "ყველა ზომის" მიღებას და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალდებულებს ხელისუფლებას. სალომე ზურაბიშვილის შთაბეჭდილებით, "ყველაფერი კეთდება" იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპის გზაზე წინ არ წავიდეს.
დაახლოებით იგივე ითქვა ვაშინგტონიდანაც. 20 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში საჯაროდ პირველად ილაპარაკეს ეჭვზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან საქართველოს გადახვევას ისახავს მიზნად.
ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე ლაპარაკი საქართველოში ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო სახალხო დამცველმა და ამაზევე მიუთითებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მას შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებისა და, მათ შორის - ელჩების მიმართ ხელისუფლების რიტორიკა კიდევ უფრო გამძაფრდა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ვერ ხვდება, საით მიდის „ოცნება“ და ახსენებს რუსეთს.
როგორ, რა შემთხვევაში და ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევისთვის?
რა პროცედურებია გასავლელი და როგორ უნდა დამტკიცდეს, რომ კონსტიტუცია ნამდვილად ირღვევა?
საქართველოს პრეზიდენტი საჯაროდ ჰყვება, რომ საგარეო ვიზიტებზე „ოცნების“ უარის მიუხედავად, ის მაინც ცდილობდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის ვალდებულებების შესრულებას. ბრიუსელში საკუთარი კავშირების გამოყენებით, არაოფიციალურადაც მოუწია ჩასვლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხის“ ეთერში, 21 ივლისს, სალომე ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ იმავე 78-ე მუხლს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობა არღვევს:
„ამ მუხლს ბევრი თავისი გამოსვლით არღვევს სწორედ უმრავლესობა... [78-ე მუხლის მიხედვით საჭიროა] ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ევროინტეგრაცია... ყველაფერს რომ აკეთებ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა...“
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ „ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
რატომ უნდა უნდოდეს „ოცნების“ უმრავლესობას, რომ არ მოხდეს ეს? - ჟურნალისტის მიერ დასმული ამ შეკითხვის საპასუხოდ პრეზიდენტი ამბობს, რომ პასუხი არ იცის და ეს შეკითხვა, მის გარდა, „ოცნების“ ამომრჩევლების 80%-საც აწუხებს.
„ეს ხალხი უყურებს "ოცნებას" დღეს და არ ესმის, საითკენ მიდის "ოცნება"... მე არ ვიცი“, - ამბობს პრეზიდენტი, რომელიც ამავე ინტერვიუში მინიშნებას რუსეთისკენ გადახრაზეც აკეთებს და ხელისუფლების ქმედებებსა თუ უმოქმედობას ბევრი მიმართულებით აკრიტიკებს.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებიდან:
„არის წარმოუდგენელი რიტორიკა... გაუთავებლად გვესმის ხან თავდასხმები ევროპარლამენტარებზე... ყველა კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე - დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის ის ვნებათაღელვა [სანაპირო ზოლის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის გამო] - საქართველოს არ ეხება?!“;
„რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს - ვაიმე, რამე არ თქვას და ვაიმე, რამე არ ვაწყენინოთ“;
„მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში [ხელისუფლების წარმომადგენლები], ვის ხვდებიან - მე არ მინახავს აქტიური სამუშაო, არც ევროპარლამენტთან, მმართველი გუნდის მიერ. არც ცალ-ცალკე დედაქალაქებში არ მსმენია... თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს მაღალ დონეზე, მე ვარ; თუ ვინმე იყო ჩასული ამერიკაში და შეხვდა მაღალ დონეზე - მაქსიმალურად რაც შესაძლებელი გახდა - მე ვარ და არსად არ გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში... ეს არის სრული მოგონილი და, სხვათა შორის, ასევე ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“;
„არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ, მგონი, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით, მე ვიტყოდი, ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ელჩებს... არ გამიგია არსად. 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება და ასეთი წესები არ მინახავს... არ მინახავს, რომ პრემიერი სწერდეს ევროკომისიის თავმჯდომარეს [პრეზიდენტს] იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს“;
„აგერ იყო ურზულა ფონ დერ ლაიენი [ევროკომისიის პრეზიდენტი] ბაქოში ... კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, რა უნდოდა, რომ გვეთქვა, ჩამოფრენილიყო ნახევარი საათით [საქართველოში] - გვაქვს სასაუბრო...''
„რატომ არავინ ჩავიდა [ევროკომისიასთან] - რომ რეალურად გაგვერკვია, ეს პუნქტები [12 პუნქტი] რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენს მიერ შესასრულებელი და თუ არის რაღაც ლუფტი, ლავირების საშუალებები.... ამას ჰქვია მუშაობა“.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი