"უკრაინა ნატოში ახლავე უნდა იქნას მიღებული" - Der Spiegel
გერმანულ „შპიგელში“ (Der Spiegel) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა ნატოში ახლავე უნდა იქნას მიღებული“ (ავტორები - მარკუს კაიმი და რონია კემპლინი), რომელშიც მოცემულია სამი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის აუცილებელი უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღება დაუყოვნებლივ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამრიგად, მოსკოვის მიმართ დასავლეთის პატივისმცემლურმა დამოკიდებულებამ არ გაამართლა და რადგანაც უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გრძელვადიანად უნდა იქნას უზრუნველყოფილი, ამისათვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს.
მცდარი იქნება გადაწყვეტილება, თუ უკრაინას ნატოში მხოლოდ რუსეთის უკმაყოფილების გამო არ მივიღებთ. ახლა აუცილებელია მიზნად დავისახოთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში, ამას კი მხოლოდ ალიანსში ქვეყნის დაუყოვნებლივი მიღებით მივაღწევთ. თუ მიღებას დავაყოვნებთ, ამით რუსეთი ისარგებლებს და უკრაინის დანგრევას გააგრძელებს.
სამი მიზეზი, რომელთა საფუძველზეც უკრაინა ნატოში ახლავე უნდა იქნას მიღებული:
პირველი - ნატოს წევრ-ქვეყნებს კიდევ დიდხანს მოუწევთ საქმე ჰქონდეთ აგრესიულ რუსულ ნაციონალიზმთან. კრემლი მუდმივად იქნება გამოწვევების წყარო ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ და მუდმივად შეეცდება უკრაინის დესტაბილიზებას, მისი საბოლოოდ მიერთების მიზნით. გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ კრემლის მოქმედების ხასიათი შეიცვლება ცეცხლის შესაწყვეტად დროებითი ზავის დადების ან სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგაც კი.
წარმოდგენები იმაზე, რომ რუსეთსა და დასავლეთს მშვიდობიანი თანაარსებობა შეუძლიათ, ხელს გვიშლის რუსეთის რეჟიმის რევანშისტული არსის გაგებაში: პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმიტომ არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნატოში მიღების წინააღმდეგი, რომ ალიანსი (და მასთან ერთად დასავლეთი) ბარიერს უქმნიან კრემლის იმპერიულ პროექტს რუსეთის იმპერიის აღდგენის თაობაზე და არა იმიტომ, რომ ნატო რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ნატო რუსეთს არ ემუქრება და ეს მოსკოვმა კარგად იცის.
მეორე - ამ ფონზე ცენტრალურ მნიშვნელობა ენიჭება საკითხს: როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ? ამჟამად ნატოს ქვეყნები დიდ ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ ომში რუსეთმა არ გაიმარჯვოს. ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერმაც კი გააცნობიერა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა და ბერლინს მის უზრუნველყოფაში მონაწილეობა სურს, ადასტურებს, რომ ამისთვის საკმარისი არ იქნება არც ზავი და არც უკრაინის სამხედრო გამარჯვება. საჭიროა რაღაც უფრო დიდის და მნიშვნელოვანის გაკეთება ამ ქვეყნის შემდგომი არსებობისათვის
მესამე - როგორც ბერლინში, ასევე ვაშინგტონში, ბრიუსელში და კიევში იციან, რომ ევროკავშირი, რომელმაც უკრაინას ივნისში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, არ შეუძლია თავისი უსაფრთხოების თვითონვე უზრუნველყოფა. მართალია, ევროკავშირის ხელშეკრულების [42-ე მუხლში] ჩაწერილია, რომ მისი წევრები ვალდებულები არიან ერთმანეთს დახმარება გაუწიონ (ზოგიერთი იურისტი თვლის, რომ ეს მუხლი უფრო ძლიერია, ვიდრე ნატოს წესდების მე-5 მუხლი), მაგრამ ევროკავშირს მაინც ისეთი ავტორიტეტი არ აქვს სამხედრო თვალსაზრისით, როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ევროკავშირის არსი ისეთია, რომ ის უფრო მეტად კრიზისების თავიდან აცილებით, ევროპის მიღმა მიმდინარე „კონფლიქტების მენეჯმენტით“ არის დაკავებული, ვიდრე საკუთარი ტერიტორიის დაცვით.
საერთაშორისო დიპლომატიაში ამჟამად დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, ღირს თუ არა დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას, უსაფრთხოების მიზნით, ისეთი ზოგიერთი სამართლებრივი გარანტიები მისცეს, რომლებიც ნატოს გარანტიების ტოლფასი იქნება, მაგრამ ისე, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი არ იყოს და მისი ნეიტრალური სტატუსი უზრუნველყოს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკვე განაცხადეს მზადყოფნა კიევისათვის ასეთი გარანტიების მიცემაზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით „შვიდეულიდან“ არცერთ მათგანს რაიმე დეტალები არ გაუმჟღავნებია, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებენ ისინი უკრაინისათვის საგანგებო სიტუაციების დროს. ამიტომაც ჩნდება კითხვა - რამდენად ქმედითუნარიანი იქნება ასეთი გარანტიები რეალურად?
ძნელია იმის წარმოდგენა, რომ კრემლი უარს იტყვის იმპერიალისტურ და აგრესიულ პოლიტიკაზე მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა, თანაც გაურკვეველი გარანტიებით.
ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის განმსაზღვრელი ფაქტორები ფუნდამენტურად შეიცვალა. ამ ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში უკრაინის ნატოში [დაუყოვნებლივ] მიღების აუცილებლობას გვერდს ვერ ავუვლით.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო