ვინ და როგორ ულოცავს ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაბადების დღეს ულოცავენ ჩრდილოეთ კორეის, ბელარუსის, დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურები.
პუტინს დღეს 70 წელი შეუსრულდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის თქმით, პრეზიდენტის პოსტზე პუტინის მოღვაწეობასთან „დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციაში მომხდარი სიღრმისეული დადებითი ცვლილებები.“
„თქვენი სახელმწიფოებრივი ხედვა, ძალისხმევა, თავდადება და დაუღალავი შრომა უდევს საფუძვლად იმ მართლაც შთამბეჭდავ წარმატებებს, რომლებსაც რუსეთმა მიაღწია, დაიბრუნა ლიდერის სტატუსი საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა გაგლოევმა და მადლობა გადაუხადა პუტინს „გადამწყვეტი ქმედებებისთვის, 2008 წელს აგრესორისთვის მშვიდობის იძულებისთვის."
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ პუტინის ხელმძღვანელობით „რუსეთის მრავალეროვნული ხალხი ღირსეულად უპასუხებს გლობალურ გამოწვევებსა და საფრთხეებს“. ბჟანიას მოსაზრებით, პუტინი თანამედროვეობის ყველაზე გავლენიან მსოფლიო ლიდერებს განეკუთვნება, რომელიც რუსეთის ხალხის განუზომელი მხარდაჭერით სარგებლობს.
„აფხაზეთის რესპუბლიკა მუდამ თქვენი მადლობელი იქნება თქვენი ამ პირადი დიდი წვლილისთვის, რომელიც თქვენ აფხაზურ-რუსულ საერთაშორისო თანამშრომლობაში შეგაქვთ“, - წერს ბჟანია.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტის დამსახურებებს გაუსვა ხაზი „ძლიერი რუსეთის მშენებლობაში“ და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების რწმენა გამოხატა.
მან აღნიშნა, რომ დღესდღეობით რუსეთი წარმატებით იცავს სახელმწიფოს ღირსებას და მის ფუნდამენტურ ინტერესებს, მაგრამ მათ საფრთხეს უქმნის "ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ვასალური ძალების გამოწვევები".
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა პუტინს „ძლევამოსილი სახელმწიფოს ჭეშმარიტ ლიდერად“ მიიჩნევს.
„თქვენ კარგად გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს იღებთ, რათა უზრუნველყოთ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი განვითარება, დაიცვათ რუსი ხალხის ტრადიციები და ღირებულებები“, - აცხადებს ლუკაშენკა.
პუტინს დაბადების დღეს ულოცავს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვიც, რომელმაც თავის დაბადების დღეზე პუტინისგან საჩუქრად გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიიღო.
კადიროვი აღნიშნავს, რომ პუტინმა საკვანძო როლი ითამაშა ჩეჩენი ხალხის ცხოვრებაში.
„რეგიონისთვის ყველაზე რთულ პერიოდში მან მტკიცედ დაუჭირა მხარი ჩვენი პირველი პრეზიდენტის (რუსეთის შემადგენლობაში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის - რედ.), რუსეთის გმირის, ახმატ-ჰაჯი კადიროვის კურსს, გადაარჩინა რესპუბლიკა, ამოიყვანა ნანგრევებიდან და ამავე დროს - მთელი რუსეთი საერთაშორისო ტერორიზმისა და ბანდიტიზმის ტოტალური ძალადობისგან“, - დაწერა მან ტელეგრამის არხზე. ⠀
მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა საეკლესიო სამღვდელოებას ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. ამ მიმართვით წერილი მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციამ რუსეთის ეპარქიის ეპისკოპოსებს გაუგზავნა.
სიახლეები
- “უკრაინის ომის დაწყების დღიდან ვაკონტროლებთ, რომ სანქცირებულ კომპანიებთან არ იყოს საქართველოს აფილირებული; თუმცა ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველა ვაჭრობს რუსეთთან” – შალამბერიძე
- “არქიმანდრიტი დოროთე გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად” – ილია მეორე
- „გთხოვთ არ ჩამეხუტოთ, მტკივა ყველაფერი...“ - ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა
- ოქროს ფასი კლებას განაგრძობს – რა ღირს 1 გრამი
- „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ – ეს არ არის ის სიტყვები, რომელთაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს” - ვოლსკი დოროთე ყურაშვილზე
