ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს გამოაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე. რუსული უშიშროების მტკიცებით, დადგენილია თანამონაწილეთა ვინაობა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან ერთად დადგენილია, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტურა".

 

რუსეთის უშიშროების ვერსიით, „ასაფეთქებელი მოწყობილობა კამუფლირებული იყო სამშენებლო პოლიეთილენის რულონებში“. ტვირთის საერთო წონად დასახელებულია 22770 კილოგრამი. უშიშროების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ტვირთი აგვისტოს დასაწყისში გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში, უკრაინული კომპანიის, „ტრანსლოგისტიკის“ და ბულგარული „ბალტექს კაპიტალის“ კონტრაქტის საფუძველზე.

 

რუსეთის უშიშროების თანახმად, "ბულგარეთიდან საქართველოში, ფოთის პორტში, შემდეგ კი, სომხეთში ტვირთის გადაგზავნის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ უკრაინის მოქალაქეები, 1975 წელს დაბადებული მიხაილ ცურკალო, 1979 წელს დაბადებული დენის კოვაჩი, 1971 წელს დაბადებული რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული არტურ ტერჩანიანი".

 

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე, ტვირთი განაბაჟეს ერევნის ტერმინალში და მოხდა დოკუმენტების შეცვლა, რის შემდეგაც ტვირთის გამგზავნი გახდა სომხეთში რეგისტრირებული კომპანია „გუ არ ჯი გრუპი“, ხოლო მიმღები - მოსკოვში რეგისტრირებული „ლიდერი“.

 

რუსული უშიშროების ვერსიითვე, ამის შემდეგ საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა DAF-ით, ტვირთმა 4 ოქტომბერს გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი „ზემო ლარსის“ პუნქტში, 6 ოქტომბერს ჩაიტანეს და გადმოტვირთეს კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირის საბითუმო ბაზაზე, ხოლო 7 ოქტომბერს რომან სოლომკოს, უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქის, ვლადიმირ ზლობას და რუსეთის 5 მოქალაქის დახმარებით, ტვირთის დოკუმენტები ისევ შეიცვალა და გამგზავნად მიუთითეს ქალაქ ულიანოვსკში რეგისტრირებული კომპანია „ტეკ-34“, ხოლო მიმღებად - ყირიმში არარსებული ფირმა.

 

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადების მიხედვით, 7 ოქტომბერს ტვირთი გადაიტანეს რუსეთის მოქალაქის, მახირ იუსუბოვის სატვირთო ავტომანქანაში, რომელიც სიმფეროპოლისკენ გაემართა, 8 ოქტომბერს კი, ყირიმის ხიდზე მისი აფეთქება განხორციელდა.

 

რუსული უშიშროების ვერსიით, „მთელ მარშრუტზე ტვირთის გადაადგილებას აკონტროლებდა და დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებთან კონტაქტებს ახორციელებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც თავს წარადგენდა, როგორც ივან ივანეს ძე და კოორდინაციისთვის იყენებდა როგორც ინტერნეტ ქსელში შეძენილ ვირტუალურ ანონიმურ, ისე უკრაინის მოქალაქეზე, ქალაქ კრემენჩუგის მცხოვრებ სერგეი ანდრეიჩენკოზე რეგისტრირებულ ნომერს“.

 

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულია რუსეთის 5, უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე, რომლებიც „დანაშაულის მზადებაში მონაწილეობდნენ“. უშიშროების ოფიციალური განცხადების მიხედვით, "ტერაქტის გამოძიება გრძელდება. მის ყველა ორგანიზატორს და თანამონაწილეს, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეებს პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსული კანონმდებლობის შესაბამისად".

 

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი ნაწილის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებში, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსეთს დადასტურებული აქვს 3 ადამიანის სიკვდილი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.

 

9 ოქტომბერს, პრეზიდენტმა პუტინმა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ბასტრიკინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტერაქტი მიმართული იყო რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დანგრევისკენ და ტერაქტის ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები არიან უკრაინის სპეცსამსახურები. ბასტრიკინმა პუტინს აცნობა, რომ დადგენილი იყო სატვირთო ავტომანქანის მოძრაობის მარშრუტი: ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, კრასნოდარის მხარე.

 

საქართველოს შესაბამის სამსახურებს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

წაკითხვა 225 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.