როგორ მოახერხა უკრაინამ ”აზოვის” მეთაურების დაბრუნება

“თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ “აზოვის” დანაყოფის ის მეთაურები, რომლებიც მარიუპოლში “აზოვსტალის” დაცვას ხელმძღვანელობდნენ - ისინი თურქეთში რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ.

როგორ მოხდა ყოფილი ტყვეების უკრაინისთვის გადაცემა თურქეთის მხრიდან, როცა შეთანხმება არსებობდა რომ ისინი ომის დასრულებამდე უნდა ყოფილიყვნენ თურქეთში, ანალიტიკოსები”რეზონანსთან” ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ თურქეთმა კიდევ ერთხელ თავისი სიტყვა თქვა მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე და საკუთარი როლი უკრაინა-რუსეთის ომის პროცესებში კიდევ ერთხელ გამოაჩინა. რუსეთი კი უკრაინულ და თურქულ მხარეს პირობების დარღვევაში ადანაშაულებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ მოახერხა უკრაინამ “აზოვის” მეთაურების დაბრუნება.

 

“უკრაინამ თურქეთიდან “აზოვის” ლიდერები დაიბრუნა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს. “თურქეთიდან სახლში ვბრუნდებით და ჩვენს გმირებს ვაბრუნებთ სახლში. უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეხა. ისინი საბოლოოდ თავიანთ ახლობლებთან იქნებიან. დიდება უკრაინას”, - წერს ზელენსკი. “აზოვის” პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით. თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ “აზოვსტალი” გათავისუფლებული ხუთივე მეთაური ყველაფერს გააკეთებს ომის დასასრულებლად. კითხვაზე, გეგმავენ თუ არა გმირები ფრონტზე დაბრუნებას, პროკოპენკომ უპასუხა: “რა თქმა უნდა, ამისთვის დავბრუნდით უკრაინაში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი... აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლაში. მთავარია, რომ უკრაინის არმიამ სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდო ხელში, ყოველდღე წინ მივდივართ, ვანადგურებთ მტერს... დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ომი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს”, - განაცხადა “აზოვის” მეთაურმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, “აზოვის” მეთაურების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნება არსებული ხელშეკრულებების პირობების დარღვევაა და შეთანხმების თანახმად, ეს პირები კონფლიქტის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩნენ. პესკოვის თქმით, რუსეთისთვის არავის უცნობებია “ბოევიკების” გადაცემის შესახებ. მისივე თქმით, `თურქეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა~. პესკოვის განმარტებით, მალე გაიმართება ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომლის მზადების კონტექსტში ანკარა დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. “თავად თურქეთი კი, რა თქმა უნდა, ამ გზით, როგორც ნატოს წევრი, აჩვენებს თავის სოლიდარობას ალიანსის მიმართ. ჩვენ ყველას ეს კარგად გვესმის”, - დაასკვნა პესკოვმა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აზოვის მეთაურების უკრაინისთვის გადაცემას განმარტავს, როგორც თურქეთის კეთილ ნებას, ამასთანავე ამ ქმედებით თურქეთმა განამტკიცა საკუთარი როლი და გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორც ექსპერტი ამბობს, ნატოს ზეწოლა ამ შემთხვევაში თურქეთზე ნაკლებ სავარაუდოა. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი “რეზონანსთან” აზოვის მეთაურების უკრაინისთვის გადაცემას თურქეთის მხრიდან ხსნის, როგორც წინასწარ მოლაპარაკების საფუძველზე ერდოღანისა და ზელენსკის შეთანხმების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც თურქეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სიტყვა ეთქმის როგორც რეგიონში ასევე უკრაინასთან და რუსეთთან”, - დასძენს გამოცემა.

 

“პრინციპში თვითონ ეს გაცვლაც იყო საინტერესო, თუ რუსებს არ უნდოდათ ამ ადამიანების გაშვება, მაშინ ნუ გაუშვებდნენ თურქეთში. შეიძლება ასეთი პირობა იყო, რომ ომის დასრულების შემდეგ მოხდებოდა მათი ინტერნირება. ეს ომი გაიწელა, დასასრული არ უჩანს, ეტყობა თურქეთმაც გადაწყვიტა რომ აზრი არა აქვს - დავუშვათ ამყოფოს შიდა პატიმრობაში, უკრაინელი “აზოვის” მეთაურები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ მარიუპოლის ბრძოლების დროს, ეს ერთი, და მეორე თურქეთმა კეთილი სურვილის ჟესტი გამოავლინა და გადასცა უკრაინას სამხედრო ტყვეები, რომლებიც თურქეთს გადასცა რუსეთმა. ამიტომ რუსეთის პოზიციაა ცოტა გაურკვეველი, თუ “აზოვის” მებრძოლები ითვლებიან მათთვის განსაკუთრებულ მძიმე დამნაშავეებად, როგორც თვითონ ამბობენ, მაშინ რატომ გადასცეს თურქეთს ეს ადამიანები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“თვითონ არ შეეძლოთ მათი გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე და ეთქვათ, რომ მათ ძალიან მძიმე ზარალი მოგვაყენეს ჩვენ და მათ გაშვებას არ დავუშვებთ. როგორც მოხდა ნადია სავჩენკოს მაგალითზე, ის გაიტაცეს უკრაინის ტერიტორიაზე, გადმოიყვანეს რუსეთის ფედერაციაში და მერე გაასამართლეს. ასე რომ თვითონ რუსეთის პოზიციაა გაურკვეველი და ბუნდოვანი. თურქეთს ნატო ნაკლებად აინტერესებს, ნატოს უფრო აინტერესებს თურქეთი, ვიდრე თურქეთს ნატო, უბრალოდ, ერდოღანს უნდა რომ გააქტიურდეს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, მან გაიმარჯვა თურქეთის არჩევნებში, უნდა რომ თურქეთის როლი გაიზარდოს პოსტსაბჭოთა სივრცეში და ეს თურქეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, უბრალოდ თურქეთმა აჩვენა რუსეთს, რომ ის რუსეთზე არ არის დამოკიდებული” - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

 

“არ ვიცი ახლა ზუსტად პირობა როგორი იყო, პირობა ვიცი, რომ თურქეთში უნდა ყოფილიყვნენ ისინი. ამ პირობით იყო გაშვებული რუსეთიდან, როცა გაცვლა მოხდა. ახლა უბრალოდ, ერდოღანმა გადაწყვიტა, ზელენსკი ჩავიდა, ალბათ წინასწარ იყო მოლაპარაკებული და გადაწყვიტა თურქეთის პრეზიდენტმა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის მიეცა ტყვეები. ამის სანაცვლოდ რა უნდა მისცეს თურქეთს უკრაინამ, ვერ გეტყვით. დასავლეთის გავლენას რაც შეეხება, ერდოღანი ამას ნაკლებად აქცევს ყურადღებას, ეს იყო მისი პირადული გადაწყვეტილება, ის თამაშობს ლიდერს, თამაშობს დიდ ბიჭს, იცის რომ სიტყვა ეთქმის, რეგიონში, რუსეთთან და უკრაინასთანაც, შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება” - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

წაკითხვა 261 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.