"მთავრობაში ახალი ენერგია გვჭირდება, ცვლილება ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას უკავშირდება"- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებთან დაკაშირებით განაცხადა, რომ უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება.
ამის შესახებ მან ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მადლობელი ვარ მინისტრებისა და მთელი სამთავრობო გუნდის, რომელიც ოთხწელიწად-ნახევარი, ზოგიერთი კი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა უკრაინისა და უკრაინელებისთვის. დღეს ახალი ენერგია გვჭირდება და ეს ნაბიჯები მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას უკავშირდება სხვადასხვა მიმართულებით. საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია არ არის გამონაკლისი. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რას გააკეთებს მომავალში თითოეული მინისტრი. პასუხები იქნება მაშინ, როდესაც მათ ახალ პოზიციებს შესთავაზებენ. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მნიშვნელობასაც.
„ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია – მხოლოდ ამ ოთხ ქვეყანას შეუძლია, მოგვაწოდოს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც დაგვეხმარება რუსეთის გაძევებაში უკრაინის ტერიტორიიდან ან სამოქალაქო პირების სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ქალაქში: პოლტავაში, ლვოვში, ხარკოვში, კიევში, დნიპროში, კრივოი როგში. ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს. ეს პრობლემები რომ გადავჭრათ, ჩვენი შესაძლებლობები ამ ოთხ ქვეყანაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავრობის დიდი გადატვირთვა“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც მინისტრთა კაბინეტის „შემადგენლობის 50%-ზე მეტი“ შეიცვლება.
ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობა დატოვა. ამასთან, რადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანინიშინას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე შეთანხმდა. რადამ ასევე მხარი დაუჭირა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, ოლექსანდრ კამიშინის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას, გადაწყვეტილებას 243-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ამავე დროს, რადა ვერ შეთანხმდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ირინა ვერეშჩუკის გათავისუფლებაზე. გადაწყვეტილებას მხოლოდ 214-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"