ახალი გამოწვევა კრემლისთვის - რუსების თითქმის ნახევარი უკრაინიდან ჯარის გამოყვანისა და ომის დასრულების მომხრეა

“რუსეთში საგრძნობად გაიზარდა იმ მოქალაქეთა წილი, ვინც მხარს უჭერს უკრაინიდან ჯარების გამოყვანასა ომის დასრულებას და ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაცხადებული მიზნების მიღწევის გარეშე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს სერიოზული გამოწვევაა მოსკოვისათვის.

ამის ფონზე კი რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეთა განწყობის ცვლილება დიდწილად განაპირობა კურსკის ოპერაციამ, სადაც მათ დაინახეს, რომ ეს რეალურად ომია და არა ის, რაზედაც პუტინის რეჟიმი საუბრობდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი გამოწვევა კრემლისთვის - რუსების თითქმის ნახევარი უკრაინიდან ჯარის გამოყვანისა და ომის დასრულების მომხრეა.

 

“სოციოლოგიურმა პროექტმა “ქრონიკები” და კვლევითმა ჯგუფმა “იქსტრიმ სკანმა” (“ექსტრემალური სკანირება”) 18 წელზე უფროსი ასაკის 800 რუსი გამოკითხა, რომელთაგან 49% უკრაინიდან ჯარების გაყვანას და კიევთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის გარეშე უჭერს მხარს. გამოკითხულთა 32% მზად არის მონაწილეობა მიიღოს ომში თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, 29% კი არ არის მზად საომარ მოქმედებებისთვის. 29% მხარს უჭერს მობილიზაციის ახალ ტალღას. აღნიშნული 48-49%-იანი მონაცემი მკვლევარებმა აგვისტო-სექტემბრის შუალედში მიიღეს, მაშინ, როცა, 2023 წლის თებერვლიდან ჩატარებული ექვსი კვლევის შედეგების თანახმად, მათგან პირველ ოთხში გამოკითხულთა 39% -40% მხარს უჭერდა უკრაინიდან ჯარების გაყვანას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაცემების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სმაინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას “მეორე სამშვიდობო სამიტში”, რომლის ჩატარებასაც უკრაინა გეგმავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რუსეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ და არც აპირებენ მონაწილეობას „ბურგენშტოკის პროცესის" ფარგლებში გამართულ შეხვედრებში”, - ნათქვამია უწყების წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებაში. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმი დიდი გამოწვევის წინაშე დგება და სულ უფრო მზარდია იმ რუსების რიცხვი, რომლებიც უკრაინიდან ჯარების გაყვანას ემხრობა. “უკრაინიდან ჯარების გაყვანის მომხრეთა რიცხვის ზრდა სხვადასხვა მომენტებმა განაპირობა, პირველ რიგში იმან, რომ კურსკის ამბებზე რუსებმა დაინახეს, რომ უშუალოდ მათ დაემუქრათ საფრთხე. რუსეთის ტერიტორიეზე საომარი მოქმედებების გადატანა ბრძოლის სულ სხვა მასშტაბია”, - ამბობს მაისაია, რომლის განმარტებით, “რუსი ხალხი მიხვდა, რომ საქმე ისე არაა, რაზედაც პუტინის რეჟიმი აცხადებდა - რომ თითქოს ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია იყო”, - დასძენს გამოცემა.

 

“მეორე ვარიანტი გადაღლილობის სინდრომია, რუსები გაუთავებელი ომით დაიღალნენ. პუტინი ამბობდა, რომ კიევს მოკლე პერიოდში ბლიცკრიგით აიღებდა, მაგრამ უკვე მესამე წელი მიდის და ომის დასრულების პერსპექტივას ვერ ხედავენ. თან ახლა უკვე პუტინმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელისაც მობილიზაციის გამოცხადება დაევალა. მან შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა 3 მილიონ 200 ათას ადამიანამდე, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში კი ჩართავს 1 მილიონ 500 ათას რუსს. როგორც ჩანს, უკრაინაც არ აპირებს გაჩერებას. სულ უფრო მსხვილ ობიექტებს უტევს რუსეთის ტერიტორიაზე და არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინიდან ჯარების გაყვანის მომხრეთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“ბევრი ადამიანი პუტინის პროპაგანდას დაჰყვა და ეგონათ, რომ მართლაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია იყო. ომის დაწყებისას გაქცეულმა რუსებმა პუტინს დაუჯერეს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, სახლებში დაბრუნდნენ და დღეს ხედავენ, რომ გასაქცევიც კი აღარ აქვთ, რადგან პუტინმა საზღვრები დაკეტა, რაც ტოტალიტარული რეჟიმისსთვის დამახასიათებელია. რუსები ახლა ცდილობენ, რომ წინააღმდეგობა გაწიონ თვითონ ქვეყნის შიგნით ფარული საბოტაჟის სახით. რაც უფრო იზრდება უკრაინიდან ჯარების გაყვანის მომხრეთა რიცხვი, მით უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგება პუტინის რეჟიმი, ომი არავის უნდა”, - მიიჩნევს მაისაია.

წაკითხვა 106 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.