„საქართველოს წარმატება და ერთგულება გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია, მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან”, – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი
„საქართველოს წარმატება და ერთგულება გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია, მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან”, – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი საქართველოსთვის, მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭებას გამოეხმაურა.
როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ მალარიის აღმოფხვრისთვის მიზანმიმართული და მდგრადი ნაბიჯები გადადგა, შედეგად კი, მსოფლიოს იმ 45 ქვეყანასა და 1 ტერიტორიას შორის მოხვდა, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ეტაპი, გადალახეს და მალარიისგან თავისუფალი სერტიფიცირება მიენიჭათ.
საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას დიდ მიღწევად აფასებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგეც. მისი თქმით, საქართველოს წარმატებით, WHO-ს ევროპის რეგიონი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მსოფლიოში პირველი, მალარიისგან თავისუფალი რეგიონის სტატუსის მიღებას.
„ეს შედეგი ძალისხმევის გარეშე არ ჩნდება. ის შესაძლებელი გახდა ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების, პერსონალის ერთგულებისა და პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და მალარიის ყველა შემთხვევის ეფექტური მკურნალობის მიზანმიმართული ძალისხმევის წყალობით”, – განაცხადა ჰანს კლუგემ.
ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ, განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა. აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.
რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, WHO-მ, საქართველო, მალარიისგან თავისუფლად აღიარა. როგორც სამუშაო პროცესის დროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მალარიის აღმოფხვრისა და სერტიფიცირების ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, საქართველოს გააჩნია კარგად ფუნქციონირებადი და სათანადოდ დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემა. მათივე თქმით, აღსანიშნავია, ქვეყანაში, აქტიური თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორებს შორის და პოლიტიკური ნება, მალარიისგან თავისუფალი სტატუსის შესანარჩუნებლად.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ
