ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. ზელენსკისა და ტრამპს შორის „ხანგრძლივი და შინაარსიანი“ საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ალასკაში შეხვდა, ამ შეხვედრამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ვერ უზრუნველყო.
ზელენსკის ცნობით ის ტრამპს ჯერ პირისპირ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა, შემდეგ კი შეხვედრას ევროპელი ლიდერებიც შეუერთდნენ, დაახლოებით ნახევარი საათით.
„უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა მშვიდობის გულისთვის მაქსიმალურად პროდუქტიულად იმუშაოს“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერემ გავლენა მოახდინოს სიტუაციის განვითარებაზეო.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას სამმხრივი შეხვედრის შესახებ - უკრაინა, ამერიკა, რუსეთი. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ ძირითადი საკითხების განხილვა ლიდერების დონეზეა შესაძლებელი და სამმხრივი ფორმატი ამისთვის შესაფერისია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან განიხილავს და აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მიწვევისათვის. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია ევროპელების ჩართულობა და რომ კიევი განაგრძობს პოზიციების კოორდინაციას ყველა პარტნიორთან.
ალასკის სამიტთან დაკავშირებით ტრამპის მიერ საჯაროდ გამოცხადებული მიზნები მოიცავდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და პუტინის დათანხმებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, ომის დასრულების გზებზე მოსალაპარაკებლად.
ორი ქვეყნის დელეგაციებმა ალასკა დაგეგმილ დროზე ადრე დატოვეს.
სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ყურადღების ცენტრში მოქცეული სამიტის ამგვარი დასასრული თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა მის პომპეზურ დასაწყისთან - როცა პუტინი ალასკაში, საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, მას წითელი ხალიჩა დაახვედრეს, ტრამპი პუტინს გულთბილად შეეგება, ბაზაზე გადაიფრინეს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი
- “პუტინმა მითხრა, 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთო - ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემით შესანიშნავი დემოკრატია შეუძლებელია” - დონალდ ტრამპი