“რუსებმა ზუსტად იცოდნენ, რას უმიზნებდნენ და კარგად ხედავდნენ, რომ ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს” - ზელენსკი იაროვაზე თავდასხმაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო აქტორებს მოუწოდებს სწრაფი და გადამჭრელი მოქმედებებისკენ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. 9 სექტემბრის ვიდეომიმართვაში მან განაცხადა:
"რუსები განაგრძობენ კვლას და საშინელებაა, რომ კვლავაც არ არის საკმარისად ძლიერი პასუხი გლობალური აქტორებისგან. სწორედ ამას აღიქვამს პუტინი ომის გაგრძელების ნებართვად - ვინაიდან არ არის ძლიერი ზეწოლა, არ არის გადამჭრელი საპასუხო მოქმედება. რუსეთის ეკონომიკამ და რუსეთის სახელმწიფომ უნდა იწვნიოს ტკივილი ყოველ ჯერზე, როცა ის კლავს, ყოველ ჯერზე, როცა მსგავს თავდასხმას ახორციელებს".
ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ მოსკოვს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ცეცხლის შეწყვეტისკენ. მისი თქმის, 9 სექტემბერს სოფელ იაროვაზე რუსეთის თავდასხმას 24 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა:
"თებერვლიდან დღემდე რუსები უარს აცხადებენ ცეცხლის შეწყვეტის ყველა შეთავაზებაზე. კვირების განმავლობაში რუსეთმა ვერ მოახერხა კონკრეტული პასუხი გაეცა აშშ-სთვის ლიდერების შეხვედრის ფორმატზე. რუსეთი ხარჯავს ომზე და მხოლოდ ომზე. პასუხად საჭიროა ძალა.
დღეს რუსებმა განახორციელეს თავდასხმა სოფელ იაროვაზე, დონეცკის ოლქში - დარტყმა მართული საჰაერო ბომბით. რუსებმა ზუსტად იცოდნენ რას უმიზნებდნენ და კარგად ხედავდნენ, რომ ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც პენსიას იღებდნენ. ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ მოკლულია 24 ადამიანი. …კიდევ 19 დაიჭრა".
უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებისგან კვლავ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარებას ითხოვს და ამ თემით შეეხმიანა აგრეთვე სამშაბათს გამართულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატის) შეხვედრას:
"ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე - უფრო სწრაფ გადაწყვეტილებებზე საჭირო სისტემების მოწოდებაზე, უპირველეს ყოვლისა - Patriot-ების.
ამ კვირის "რამშტაინის შეხვედრამ" უნდა მოიტანოს კონკრეტული შედეგები საჰაერო თავდაცვაზე და PURL-ის (უკრაინისთვის პრიორიტეტული საჭიროებების სია) ინიციატივის დაფინანსებაზე, რაც ამერიკული იარაღის შეძენის შესაძლებლობას მოგვცემს".
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
