რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს კიევზე
რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ 10 ოქტომბერს, გამთენიისას სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 9 ადამიანი. მათგან 5 ჰოსპიტალიზებულია.
კლიჩკოს ცნობით, კიევის პეჩერის რაიონში ხანძარი გაჩნდა მრავალბინიანი სახლის რამდენიმე სართულზე. მრავალბინიანი სახლი დაზიანდა გოლოსეევსკის რაიონშიც. ენერგოობიექტების დაზიანების გამო კიევის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შეფერხებულია წყლით მომარაგებაც.
ენერგოსისტემაში შექმნილი პრობლემების გამო კიევის მეტროს რამდენიმე ხაზზე მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა.
ბოლო ხანს რუსეთის ჯარები ისევ ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთი კვლავ ცდილობს, უკრაინელებს გაუმწვავოს გათბობის და ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა.
რუსეთის ჯარები ინტენსიურად უტევენ უკრაინის რკინიგზასაც.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
თავის მხრივ, უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების გარდა, ხშირად უტევენ საწარმოებს, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის გაზის და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს და ტერმინალებს.
სიახლეები
- პაატა ბურჭულაძეს და 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს აეკრძალათ პაემნები, წერილები და ციხიდან ზარები
- “მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს” - შალვა პაპუაშვილი
- “როგორც მაშინ ასროლინა მთავრობამ ხალხს პიროტექნიკა, ახლაც მთავრობამ დაახვედრა მოჭრილი ღობე აქციის მონაწილეებს “ - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე
- “4 ოქტომბრის „შემოქმედებმა“ საზოგადოების დემორალიზაციის კამპანია მაინც შეწყვიტონ, დროა - მოიგებს საქართველო ამ ომს” - სალომე სამადაშვილი
- “ევროპა უნდა გაერთიანდეს და გააძლიეროს ზეწოლა ჩინეთზე, რათა მან რუსეთის მხარდაჭერა შეწყვიტოს” - მარგუს ცაჰკნა