November 19, 2025

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. გასული ღამის განმავლობაში დარტყმის ქვეშ იყვნენ ხარკოვის, ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, როვნოს და დნეპროპეტროვსკის ოლქები.

 საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, რეგიონების ნაწილს ენერგომომარაგება ავარიულად შეუწყდა. მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების აღდგენის სამუშაოები.

დილის 11 საათისთვის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ტერნოპოლში 9 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ივანო-ფრანკოსვკის რაიონში დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ენერგოობიექტის გარდა დაზიანებულია ხის გადამამუშავებელი საწარმო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად 32 ადამიანი იყო დაშავებული ქალაქ ხარკოვში. დილის 11 საათისთვის ადგილობრივმა სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დაშავებულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის გამო პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად გაგზავნა მორიგე გამანადგურებლები და ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის და რადიოლოკაციური დაზვერვის სახმელეთო სისტემები კი განსაკუთრებულ მზადყოფნაში მოიყვანა.

სარდლობის განცხადებით, ეს ზომები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დაცვას.

 

წაკითხვა 58 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.