ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, 30 დეკემბრიდან, ამოქმედდა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი. ახალი სისტემა, სავარაუდოდ, საქართველოსაც შეეხება, ბრიუსელისა და სხვა ევროპული დედაქალაქების მხრიდან მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე.

განახლებული წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, „უფრო სწრაფად და მკაცრად უპასუხოს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების ან ევროკავშირის ინტერესებთან შეუსაბამობის შემთხვევებს“. კერძოდ, ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერების უფლება აქვს, თუ მესამე ქვეყნის სავიზო პოლიტიკა არ შეესაბამება ევროკავშირის პოლიტიკას.

მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შესაძლოა გახდეს „საინვესტიციო მოქალაქეობის“ პრაქტიკაც, რომლის შემთხვევაშიც პასპორტები გაიცემა მათზეც, ვისაც სახელმწიფოსთან რეალური კავშირი არ აქვთ.

გარდა ამისა, მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს, ევროკავშირსა და მესამე ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესების შემთხვევაში - მაგალითად, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში.

განახლებული კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ნებართვის გარეშე ევროკავშირში დარჩენისა და სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობის ზრდა ,,არსებითად” ჩაითვლება, თუკი ის 30%-ს მიაღწევს. თავშესაფრის მიღებაზე განაცხადების დაკმაყოფილების რაოდენობა მცირედ ჩაითვლება, თუკი ის 20%-მდეა. კარგად დასაბუთებულ შემთხვევებში, ევროკომისიას აგრეთვე შეეძლება საერთოდაც უგულებელყოს სტატისტიკური მონაცემები და გადაწყვეტილება სხვა საფუძვლებით მიიღოს.

გაზრდილია უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადაც. საწყისი პერიოდი 12 თვით განისაზღვრა, ნაცვლად მანამდე არსებული 9 თვისა, მისი ხანგრძლივობა კი 24 თვემდე განისაზღვრა, ნაცვლად მანამდე არსებული 8 თვისა.

ევროკავშირის მოსაზრებით, ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდი შესაბამის ქვეყანასთან დიალოგისა და გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლამდე შეჩერების გამომწვევი მიზეზების გადაჭრის საშუალებად უნდა იქცეს.

კიდევ ერთი სიახლეა ე.წ. „მიზნობრივი (წერტილოვანი) მიდგომა“. თუ ადრე შეჩერების მექანიზმი ავტომატურად ვრცელდებოდა ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, ახლა ევროკავშირს შეუძლია შეზღუდვები დააწესოს კონკრეტულ კატეგორიებზე - პირველ რიგში მთავრობების წარმომადგენლებზე და დიპლომატებზე.

ამჟამად ევროკავშირი უვიზო რეჟიმს ინარჩუნებს ევროკავშირის 64 არაწევრ ქვეყანასა და ტერიტორიასთან. ამ რეჟიმის ფარგლებში, მათ მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე დარჩენა 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში 90 დღემდე.

წაკითხვა 38 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.