„კოლუმბიაც ძალიან ავადაა“ - დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და ამ ქვეყნის ლიდერის, ვაშინგტონის მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობაში დადანაშაულებული ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავების შემდეგ სამხრეთ ამერიკის კიდევ ერთი ქვეყნის, კოლუმბიის პრეზიდენტს ემუქრება.

ტრამპმა, რომელიც 4 იანვარს ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კოლუმბიაც ძალიან ავადაა“ და მას მართავს „ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც მოსწონს კოკაინის წარმოება“ და აშშ-ში გაყიდვა, მაგრამ ამას დიდხანს ვეღარ გააკეთებს.

ჟურნალისტის შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ეს კომენტარი, რომ მომავალში ოპერაცია შესაძლოა, კოლუმბიაშიც ჩატარდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს მისთვის „კარგად ჟღერს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო კოკაინის წარმოებაში დაადანაშაულა 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზეც.

თავის მხრივ, კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და წლები აქვს მიძღვნილი გავლენიან პოლიტიკოსებსა და შეიარაღებულ ნარკომოვაჭრეებს შორის არსებული კავშირების გამოძიებისა და გამოაშკარავებისთვის.

4 იანვარს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ დაინტერესებულია, მის გარშემო იყვნენ წარმატებული ქვეყნები, სადაც ნავთობის თავისუფლად მოპოვებაა შესაძლებელი, ეს ფასებს შეამცირებს და აშშ-ისთვის კარგი იქნება.

ტრამპმა ისიც თქვა, რომ კუბის მთავრობაც სავარაუდოდ, დაეცემა, რადგან მხოლოდ ვენესუელის წყალობით არსებობს. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციისას მოკლულია ბევრი კუბელიც.

კუბის მთავრობის განცხადებით, ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 32 კუბელი, რომლებიც „რევოლუციური შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით ასრულებდნენ მისიას“ ვენესუელის შესაბამისი ორგანოების თხოვნით. რა მისიას, კუბის კომუნისტურ მთავრობას არ დაუკონკრეტებია.

3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.

მადურო და ფლორესი, რომლებსაც აშშ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, ნიუ-იორკის იზოლატორში გადაიყვანეს.

აშშ-ის მიერ ვენესუელაში 2026 წლის 3 იანვარს ჩატარებულ ოპერაციას წინ უძღოდა სხვა ქმედებები.

2025 წლის ნოემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად. ტრამპის ადმინისტრაციამ კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროს მახლობლად განათავსა სამხედრო გემების უმსხვილესი დაჯგუფება ავიამზიდ Gerald R. Ford-ის მეთაურობით.

მადუროს ხელისუფლებამ, რომელსაც აშშ ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობის გარდა ადამიანის უფლებების დარღვევასა და რეპრესიებში ადანაშაულებს, განაცხადა, რომ ტრამპის რეალური მიზანი არა ნარკოტიკებთან ბრძოლა ან ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ ვენესუელის ნავთობის მითვისება და ქვეყნის მთავრობის დამხობაა.

2025 წლის შემოდგომაზე და დეკემბერში ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ნაპირების მახლობლად შეტევა მიიტანეს რამდენიმე ათეულ გემზე, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ. დასავლეთის მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ ამზადებს სახმელეთო ოპერაციასაც მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ.

10 დეკემბერს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ გამოაცხადა, რომ ვენესუელის სანაპიროსთან დააკავეს ტანკერი, რომელიც სანქცირებულია ვენესუელიდან და ირანიდან ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობისთვის. ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტანკერის დაკავებას „საერთაშორისო მეკობრეობის აქტი“ უწოდა.

ვენესუელის ნავთობს შეერთებულმა შტატებმა სანქციები 2019 წელს დაუწესა.

17 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.

ნიკოლას მადუროს მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლისა და თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის პრინციპების დარღვევაში.

დეკემბრის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ტერიტორიაზე დაარტყეს საპორტო მისადგომის რაიონს, სადაც გემებზე ნარკოტიკებს ტვირთავდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვაშინგტონმა ვენესუელაში, ხმელეთზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ განაცხადა.

 

წაკითხვა 75 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.