“პუტინის “აგვისტოს სიურპრიზი” - რუსეთი უახლოეს დღეებში შესაძლოა ბელარუსში შეიჭრას

“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის შიდა კრიზისის ფონზე, შესაძლოა გარკვეული მოქმედებები განახორციელოს და ამისთვის დასავლეთის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ.

ასეთი რამ მას სხვა დროსაც გაუკეთებია საკუთარი რეიტინგის გადასარჩენად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამერიკული ტელეკომპანია “სიენბისის” შეფასებით, რუსეთის ლიდერს კორონავირუსის პანდემიისა და ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე გარკვეული სირთულეები შეექმნა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს რუსეთის მშპ 6%-ით შემცირდება. ამავე დროს, დღეისათვის, დაახლოებით 18 მილიონი რუსი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ასეთი მოქალაქეების რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ამის ფონზე რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია მოაწყოს სიურპრიზი დასავლეთისთვის და განახორციელოს მოულოდნელი მოქმედებები იმ იმედით, რომ დაიბრუნებს გავლენას ქვეყნის შიგნით, და ამავე დროს გააძლიერებს რუსეთის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პუტინის “აგვისტოს სიურპრიზი” - რუსეთი უახლოეს დღეებში შესაძლოა ბელარუსში შეიჭრას.

 

“მოსკოვმა ასეთი სიურპრიზები უკვე გააკეთა 2008 წელს, როდესაც თავისი არმიით საქართველოში შემოიჭრა, 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა და 2015 წელს, როდესაც ღიად და აქტიურად ჩაერია სირიის სამოქალაქო ომში. “სიენბისის” შეფასებით, პუტინისგან მსგავსი “სიურპრიზის” ალბათობა კიდევ უფრო იზრდება იმის გამო, რომ რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგე - აშშ ახლა სერიოზულ სირთულეებს განიცდის ფართოდ გავრცელებული კოროვირუსის ეპიდემიის, ეკონომიკური ვარდნისა და პროტესტის ტალღის გამო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია უთანხმოება, რომელიც არსებობს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, ისევე როგორც ევროპულ სახელმწიფოებს შორის, შეიძლება პუტინმა ამ ყველაფრით ისარგებლოს და კიდევ ერთხელ სცადოს მოსკოვის გავლენის გაზრდა მსოფლიოში. ამ მიზნით ოფიციალური მოსკოვი ამჯერადაც კიდევ ერთი თავისი მეზობლის წინააღმდეგ განახორციელებს აგრესიას და დიდი ალბათობით, პუტინის ახალ მსხვერპლი ბელარუსი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას რუსეთი ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში ახორციელებს. ახლანდელი კრიზისის ფონზე კი მას გაუჭირდება მნიშვნელოვანი სამხედრო ქმედებების გახორციელება, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ატარებს სამხედრო წვრთნებს. “2020 წლის აგვისტო განსხვავდება 2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის მარტისგან. წინა ორივე შემთხვევაში, როდესაც რუსეთმა განახორციელა გარკვეული ტიპის სამხედრო ინტერვენცია საქართველოსა და უკრაინის მიმართ, მას ჰქონდა ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა, გარდა ამისა, საკმაოდ მაღალი იყო ნავთობის ფასიც. ამიტომაც, რუსეთმა თავისი აგრესიული სამხედრო ქმედებები განახორციელა სწორედ მაშინ, როდესაც ეკონომიკა ჰქონდა ძლიერი, რასაც ახლანდელ პერიოდზე ვერ ვიტყვით. გარდა ამისა, წინა ორივე შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერდა რუსეთს და ამან გაუადვილა მას ტერიტორიების ანექსირება”, - ამბობს ჩიტაძე, რომლის აზრით, “დღევანდელ ეტაპზე რუსეთი ფლობს ნაკლებ რესურსს თავისი აგრესიული პოლიტიკის გასატარებლად”, - დასძენს გამოცემა.

 

“მაგრამ რუსეთი ასევე აქტიურად ახორციელებს სამხედრო წვრთნებს, მაგალითად, მიმდინარეობს “კავკაზ 2020”, გარდა ამისა პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ექნება ახალი ფრთოსანი ზებგერითი რაკეტები, რომლის ანალოგი მსოფლიოში არაა. მაგრამ მიმდინარე წელს, ჩემი აზრით, რუსეთის რესურსები არის შეზღუდული”, - ამბობს ნიკა ჩიტაძე. “სიენბისი” აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ ბელარუსის წინააღმდეგ იმოქმედებს. პუტინს შეუძლია გამოიყენოს, “მზარდი არეულობა ბელარუსში და საკამათო საპრეზიდენტო არჩევნები", როგორც საბაბი, რომ „ეროვნული გამათავისუფლებლის” სტატუსით მოახდინოს ბელარუსის ანექსია. ჩიტაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსები და რუსები მოძმე ერები არიან და ახლო ურთიერთობა აქვთ, ბელარუსი ხალხი დამოუკიდებლობის დაკარგვას არ შეეგეუება. ამის გამო, ჩიტაძის ვარაუდით, რუსეთი ბელარუსისთვის მხოლოდ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით დაკმაყოფილდება”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ბელარუსი ისედაც ეთნიკურად, რელიგიურად, ლიგვისტურად რუსეთთანაა დაახლოებული. ამიტომაც ის მუდმივად იქნება რუსეთის სტარტეგიული პარტნიორი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, აღნიშნულის შესახებ ისაუბრა კიდეც გუშინ ლუკაშენკომ. თუმცა, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ ჯარებით შეიჭრას ბელარუსში, ქვეყნის შიგნით გაიზრდება ანტირუსული განწყობები. ახლა იქ საკმაოდ დიდია პრორუსული განწყობები. ამიტომაც სამხედრო ინეტრვენცია გამორიცხულია. იმ შემთხვევაში, თუ ლუკაშენკო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით გაუძალიანდება რუსეთს, პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს ეკონომიკური ბერკეტები, მაგალითად, აწიოს ბუნებრივი აირის საფასური, შემოიღოს გარკვეული ემბარგო და ა.შ. ამიტომაც, მე პირადად მგონია, რომ რუსეთი უფრო ეკონომიკურ ბერკეტს აამოქმედებს. გარდა ამისა, პუტინი იმასაც აცნობიერებს, რომ ნატო ზრდის საკუთარ კონტინგენტს აღმოსავლეთ ევროპაში. რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მეეჭვება მან ბელარუსის მიერთება შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონათესავე და მოძმე ერები არიან, მაინც ცალკე სახელმწიფო და ცალკე ერია, რის გაუქმებასაც ასე მარტივად არ დათანხმდებიან თავად ბელარუსები”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 1087 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.