გერმანიამ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა - არნახული ზეწოლა მოსკოვზე და დრამატული სანქციების მოლოდინი
“რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას გადახედოს.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა გერმანულ “ბოლდ ონ ზონტაგთან” ინტერვიუში განაცხადა. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ სერიოზული პრობლემებისა, რომელიც რუსეთს შესაძლოა ნავალნის მოწამვლის გამო შეექმნას. თავისთავად, რუსეთის ხელისუფლების მთავარი ოპოზიციონერის ასეთ საეჭვო ვითარებაში “განეიტრალება” და რუსეთის ხელისუფლების უარი ამ საქმის გამოძიებაზე დასავლეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, თუმცა ამ საქმეში სხვა დეტალია უფრო მნიშნელოვანი - ნავალნის მოწამვლით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს ქიმიური იარაღი და კიდეც იყენებს მას. ეს კი მკაცრადაა აკრძალული გაეროს კონვენციით “ქიმიური იარაღის, შექმნის, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვისა და მისი განადგურების შესახებ”, რომელიც 1993 წელს მიიღეს და მას რუსეთიც აწერს ხელს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გერმანიამ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა - არნახული ზეწოლა მოსკოვზე და დრამატული სანქციების მოლოდინი.
“ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მოქმედებს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და მისი გამოყენების დაუშვებლობის აქტი, რომლის საფუძველზეც აშშ-მა რუსეთს ერთხელ უკვე დაუწესა სანქციები სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლისათვის. რაც შეეხება ევროკავშირს, რუსეთისადმი სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების მიდგომები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ზოგ შემთხვევაში ისინი საერთო პოზიციის შემუშავებას ვერ ახერხებენ. მაგალითად, კვიპროსი უკვე რამდენიმე წელია ბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ქერჩის ხიდის აშენებისა და 2015 წელს გერმანიის ბუნდესტაგზე ჰაკერული თავდასხმისათვის სანქციების დაწესებას. შესაბამისად, რუსეთი ყველანაირად ეცდება ამ შიდა წინააღმდეგობებით ისარგებლოს, რათა ახლა ნავალნის გამო ევროკავშირისგან ახალი სანქციები აიცილოს თავიდან. თავად რუსების პასუხი კი დასავლეთის შეშფოთებასა და კრიტიკაზე საკმაოდ ხისტი და აგრესიულია. რუს ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი ამ კრიტიკას ბელარუსს უკავშირებს. მაგალითად, რუსეთის დუმის წევრი და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთმა ჯარი უნდა შეიყვანოს ბელარუსში. იგი იმაზეც საუბრობს, რომ ბალტიის ქვეყნებს ისტორიულად რუსეთის კუთვნილი მიწები აქვთ მიტაცებული და ბელარუსის შემდეგ რუსეთმა ეს “პრობლემაც”უნდა მოაგვაროს და სახმელეთო გზა გაჭრას თავის დასავლეთ ანკლავამდე - კალინინგრადის ოლქამდე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება უშუალოდ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გამცხადებას, ამას ასევე ხისტი პასუხი გასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ. მან გერმანელები იქით დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი მოსკოვს არ აწვდიან ნავალნის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და თავისი კვლევების შედეგებს. ჰეიკო მაასი კი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ნავალნის საქმის გამოძიებაზე უარის თქმა იმის დასტური იქნება, რომ ამ დანაშაულის უკან კრემლი დგას. ამავე დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ის იაზრებს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” დახურვით ძალიან დიდი ზიანი მიადგება პირველ რიგში გერმანულ და ზოგადად ევროპულ კომპანიებს. “ის ვინც გაზსადენის პროექტის დახურვას ითხოვს, შესაძლო შედეგებს უნდა იაზრებდეს. “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ში 100-ზე მეტი კომპანიაა ჩართული ევროპის 12 ქვეყნიდან, რომელთა შორის დაახლოებით ნახევარი გერმანულია”, - განმარტა პოლიტიკოსმა. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა: იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაიწყება ნავალნის საქმის სრულფასოვანი გამოძიება, გერმანია მოსკოვისთვის “პასუხის გასაცემად პარტნიორებთან კონსულტაციების გავლას” დაიწყებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“მე იმედი გვაქვს, რომ რუსები იძულებულს არ გაგვხდიან, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-თან დაკავშირებით პოზიცია შევიცვალოთ”, - განაცხადა მაასმა. თუმცა მაღალჩინოსანმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეგავლენის მოსახდენად მხოლოდ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გამოყენება არ იქნება გამართლებული და ზეწოლის ბერკეტებად სხვა გზების გამონახვაცაა შესაძლებელი. 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნივთიერება “ნოვიჩოკით” მოწამლეს. გერმანიის სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა “ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება” “ნოვიჩოკის” ნერვული აგენტების ჯგუფიდან. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწავლის გამო რუსეთისთვის წაყენებული მოთხოვნები ზეწოლისთვის გამოიყენება და ნაკლებ სავარაუდოა, რომ გაზსადენის მშენებლობა მართლა შეჩერდება”, - დასძენს გამოცემა.
“გერმანიის მიერ ასეთი ხისტი პოზიციის დაკავება საკმაოდ მოულოდნელია. გაზსადენი ერთი-ერთი სერიოზული ბერკეტია, რომელიც აქვს გერმანიას და ბუნებრივია, რომ ამით შეეცდებიან პუტინის რეჟიმზე ზეწოლას. რამდენად განახორციელებს თავის მუქარას გერმანია, რთული სათქმელია, რადგან იქაც არსებობს გარკვეული სამრეწველო ჯგუფები, რომლებიც ლობირებენ ამ პროექტს... ეს ძალიან სახიფათო ინციდენტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა “ნოვიჩოკი” რამდენჯერმე გამოიყენა და, როგორც ჩანს, ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია ამით და ცდილობს რუსეთზე ზეწოლას. წესით, ამას გაერო უნდა აკეთებდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს წევრია და მას შეუძლია განსახილველ საკითხზე ვეტოს დადება, ეს საკითხი ვერ გადის. სწორედ ამიტომ სხვადასხვა სახელმწიფოები იძულებულები არიან გერმანიის მსგავსი ინციატივებით გამოვიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინიციატივას ძირითადი წამყვანი სახელმწიფოები შეუერთდებიან, შესაძლოა, საბოლოოდ გარკვეულ შედეგამდე მივიდეს საკითხი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“ევროკავშირს ძალიან უჭირს ერთიანი გადაწყვეტილების მიღება რუსეთთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოუნახიათ საერთოა ენაც. ზუსტად არავინ იცის ნავალნისთან დაკავშირებით რამდენად მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, რადგან პანდემიის ფონზე ევროპის წამყვანი ქვეყნების აქცენტები შიდა პოლიტიკაზეა გადატანილი და რთული სათქმელია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მივლენ თუ არა ერთიან გადაწყვეტილებამდე. მათ რუსეთთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირები აქვთ და პანდემიის ფონზე არ ენდომებათ რუსეთის უზარმაზარი ბაზრის დაკარგვა. რუსეთი თვლის, რომ ის არის სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ პირობებსაც იცავს. ხოლო როდესაც მას ადანაშაულებენ ნავალნის მოწამვლაში, ეს მის ოფიციალურ რიტორიკასთან კონფლიქტში მოდის, რის გამოც არ სურთ ამის (ნავალნის მოწამვლის) აღიარება”, - მიიჩნევს კაკაჩია.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი