თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს
აღნიშნულ რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს საქართველოს დედაქალაქი იკავებს. თბილისის გარდა, რეიტინგში მოხვდნენ ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორებიცაა: კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი, კანარის კუნძულები, მადეირა, ბათუმი (მე-4 ადგილი) და სხვა. ორგანიზაცია ასევე, აქვეყნებს 2021 წლის უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგს (Coronavirus – Safest Destinations to Visit in 2021), სადაც თბილისი მე-3 ადგილს იკავებს.
რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის თვალსაზრისით, მოგზაურობა უსაფრთხოა, არ არის კარანტინის საჭიროება და დაცულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
„თუ თქვენ ეძებთ კულტურას, ბუნებას, ჯანმრთელობას, გასტრონომიულ მრავალფეროვნებებს, ან უბრალოდ, საშოპინგოდ პოპულარულ საქალაქო ტურისტულ მიმართულებას, თბილისი – საქართველოს დედაქალაქი იდეალურია 2021-ის არდადეგების გასატარებლად. რატომ უნდა აღმოაჩინოთ თბილისი 2021-ში? როგორც არასდროს, ახლა ვიცით, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ და შეუძლებელია, გამორჩეული მოგზაურობები გადავდოთ. საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, არის ტრადიციული და თანამედროვეც, კოსმოპოლიტური, მრავალეთნიკური, ნამდვილად უნიკალური და ავთენტური. საქართველომ ჯანდაცვის კრიზისს ეფექტური და ინოვაციური მიდგომებით, ძალიან სწრაფად და პოზიტიურად უპასუხა. როგორც კი Covid-19-ის შემთხვევები შემცირდა და ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ქვეყანამ კარანტინისა და დამატებითი ტესტირების მოთხოვნის გარეშე, ვაქცინირებულ მოგზაურებს საზღვრები გაუხსნა“, – აღნიშნულია EBD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოში ვაქცინირებულ ვიზიტორებს მოგზაურობა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან შეუძლიათ. შემუშავებულია უსაფრთხოების ნორმები, რათა როგორც
მოგზაურების, ასევე, ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული და საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში არდადეგების უსაფრთხოდ გატარება შეძლონ. „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.
ორგანიზაცია ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა თემატიკის რეიტინგს პერიოდულად აქვეყნებს და მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდრო წყაროს წარმოადგენს. ორგანიზაციის რეიტინგები და სამოგზაურო სტატიები შუქდება ისეთ წამყვან პლატფორმებზე, როგორებიცაა: Forbes, Lonely Planet, Con De Nast, Independent, Euronews, Tripadvisor და სხვა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი