ბრიტანეთმა გენპროკურორს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს ფინანსური სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსანს.
სანქცირებულები არიან:
- გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი;
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე;
- შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის (ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის) მოადგილე მირზა კეზევაძე
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე.
ბრიტანეთის საელჩო იუწყება, რომ სანქციები დაწესა „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამამისად“, სანქცირებული პირების მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.
საელჩოს თანახმადვე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ განაცხადა:
- „მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ“;
- „დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა“.
შალვა ბედოიძესა და მირზა კეზევაძესთან დაკავშირებით სანქციების დაწესების საფუძვლად მითითებულია, რომ:
„ის არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.
შალვა ბედოიძის შემთხვევაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიუთითებს:
„საპროტესტო აქციების დროს, რომელიც ჩატარდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედამხედველობდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ ძალადობის არაპროპორციულად გამოყენებას“.
მირზა კეზევაძის შემთხვევაში ბრიტანეთის საგარეო უწყება ასევე მიუთითებს:
„საპროტესტო აქციების დროს ... შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიზანში ძალადობრივად ამოიღეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები“, ხოლო „ამ ძალადობას ხელმძღვანელობდა მირზა კეზევაძე, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე“.
გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით მითითებულია, რომ გიორგი გაბიტაშვილი „არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთი ქმედების გამოძიებაზე ან [სისხლისსამართლებრივი] დევნის წარმოებაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებარონ სასტიკ, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს“.
ამასთან, მითითებულია, რომ გაბიტაშვილს სანქციები დაუწესდა ამ პასუხისმგებლობის „განზრახ ან დაუფიქრებლად შეუსრულებლობის“ გამო.
კარლო (იგივე კოკა) კაციტაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტს 2022 წლიდან იკავებს.
ბრიტანეთის საგარეო უწყება მასთან დაკავშირებითაც იმავეს წერს, რასაც გაბიტაშვილზე, - რომ იგი „არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთი ქმედების გამოძიებაზე ან [სისხლისსამართლებრივი] დევნის წარმოებაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებარონ სასტიკ, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს“.
მასთან, „კარლო კაციტაძე, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, პასუხისმგებელია პოლიციის ძალადობისთვის სამართალდამცავების გამოძიებაზე და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე“, ხოლო სანქციები უწესდება ამ პასუხისმგებლობის შეუსრულებლობისათვის.
მანამდე, 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა დაამატა მოსამართლეები, „სასამართლოს კლანის“ წევრებად მიჩნეული ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.
სიახლეები
- ,,ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე"- პიტერ სიიარტო
- ,,სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან"- მევლუთ ჩავუშოღლუ
- კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა
- ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო გაყალბების გამოძიების განკარგულება გასცა
- ,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო"- ირაკლი კობახიძე