ჩავარდება თუ არა წელს ტურისტული სეზონი?
“საქართველო ტურისტების დიდ ნაკლებობას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობამ რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა თებერვალში გააუქმა, ქვეყანას ვიზიტორი პრაქტიკულად აღარ ჰყავს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ტურიზმის გამოცოცხლების ნიშანწყალი თითქმის გამქრალია და სასიკეთო ცვლილება შესაძლოა, ზაფხულის სეზონისთვისაც ვეღარ მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში მორიგი “ლოკდაუნი” გამოცხადდება.
საქართველო, რომელიც პანდემიამდე ტურიზმის სფეროთი არსებობდა და მისი წარმატებული მუშაობით ამაყობდა, დღეს მძიმე ვითარებაშია, რადგან ქვეყანას ვიზიტორები არ ჰყავს და ამ გზით შემოსავლის წყარო გაუქრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქმე ისე მიდის, ზაფხულის ტურისტული სეზონიც ჩასავარდნად არის განწირული / “კოვიდ-19 აუცილებლად დამარცხდება და ტურიზმი გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენთან ეს მოხდება ყველაზე გვიან”.
“2021 წლის მარტში საქართველოში 55 907 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 73.4 პროცენტით ნაკლებია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 40 759 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით - 14 181, საზღვაო გზით - 770 და სარკინიგზო გზით - 197. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახლა მზადება ზაფხულის სეზონისთვის უნდა დაიწყოს, მაგრამ ბოლო პერიოდში აქტიური საუბარი მიდის კორონავირუსის მესამე ტალღაზე და კიდევ ერთ “ლოკდაუნზე”. ასეთ შემთხვევაში, როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე აცხადებს, ზაფხულის სეზონის ბედი გაურკვეველი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დღესდღეობით ერთადერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საზღვრების გახსნა და ავიარეისების აღდგენა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა იყოს წინაპირობა იმისა, რომ დიდი ვარდნა შევავსოთ. როდესაც პარალელურ რეჟიმში საუბარია კორონავირუსის მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ჩაკეტვაზე, გაურკვეველი ხდება ზაფხულის სეზონის ბედიც. იმ პირობებშიც კი, როდესაც საზღვრები გახსნილია და ავიამიმოსვლა _ აღდგენილი, ძალიან ბევრი მაინც თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისგან, რადგან მოქმედებს კომენდანტის საათი და სხვა ბევრი რეგულაცია. თუ “ლოქდაუნი” ისევ განმეორდება, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ ზაფხულის სრულფასოვან სეზონზე. მესმის, რომ ეპიდსიტუაციის კონტროლი მარტივი არ არის, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც ეტაპობრივად მოხდებოდა ინდუსტრიის აღდგენა და სტუმრების მიღება. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესიც ერთ-ერთი წინაპირობაა ტურისტულ სეზონზე, რაც დაგვიანებულია, რადგან არც კამპანია იყო ჩატარებული და არც ვაქცინების შესაბამისი რაოდენობა გვაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია სიდამონიძე.
“თუ მესამე ტალღას ავცდით, გარკვეულწილად, მარკეტინგული აქტივობების მეშვეობით უნდა გავავრცელოთ, რომ საქართველო მზად არის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. იმავეს აკეთებს თურქეთი, ოღონდ იქ მართლა მზად არიან. კარგი იქნება სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინება, რომლებიც შეიძლება, ჩვენ გამოგვადგეს, რომ არ ჩაიშალოს სეზონი, როგორც ეს მოხდა ზამთარში”, - მიიჩნევს ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი. მდგომარეობის გამოსწორებას სხვადასხვა მიმართულებით დადებითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. იგივე ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, რომელიც ძალიან ნელი ტამპით მიმდინარეობს. ტურისტები გაურბიან იმ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც შეზღუდვები მოქმედებს. პრობლემაა კომენდანტის საათიც, მესამე “ლოკდაუნის” შესაძლო გამოცხადება. ასეთ შემთხვევაში ვითარების გამოსწორების იმედი საბოლოოდ გაქრება. როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია აღნიშნავს, თუკი “ლოკდაუნი” ისევ გამოცხადდება, ტურიზმის გამოცოცხლება გამორიცხულია”, - დასძენს გამოცემა.
“მთელ მსოფლიოში განწყობა უკეთესია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო, ვაქცინის გამოჩენა უკვე არის იმის საფუძველი, რომ ტურიზმი ნელ-ნელა გამოვიდეს მდგომარეობიდან. ზაფხულის სეზონს ჩვენ უნდა შევხვდეთ კარგად შეიარაღებული სახელმწიფო პროგრამით, თუ როგორ მოვიზიდოთ ტურისტები. ერთადერთი, რაც ჩვენთვის ხელის შემშლელია, ესაა ვაქცინაციის დაბალი დონე, ძალიან ცოტაა აცრილი ადამიანი, უცხოელები კი ამას აკვირდებიან. ჩვენი ტურიზმი არის სამეზობლო. საქართველოში ტურისტების 70% მოდის 4 ქვეყანაზე. ისინი კვებავენ ქართულ ტურიზმს, დანარჩენი 30% სხვა სახელმწიფოებიდან შემოდიოდა. მე მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ზაფხულის სეზონი იქნება შეადარებით კარგი, განსაკუთრებით - ზღვის კურორტებისთვის, თუ ისინი მომზადებული შეხვდებიან, მაგრამ, მესამე “ლოკდაუნის” შემთხვევაში, ტურიზმი წელსაც არ გვექნება. ასეთ პირობებში ჩვენ ვერაფრით დავიბრუნებთ იმ 8 მილიონ ვიზიტორს, რომლებიც 2018-19 წლებში გვყავდა. წელს ტურიზმი თუ იმის 30%-ს მიაღწევს, რაც იყო, ესეც ძალიან ბევრი იქნება. კოვიდ-19 აუცილებლად დამარცხდება და ტურიზმი გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს მოხდება ყველაზე გვიან”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა კვარაცხელია.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი