“რუსო ტურისტო”, ანუ საფრთხე თუ თითიდან გამოწოვილი პრობლემა?!"
“ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის მიზანი დგას”, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ოპოზიციის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი დაწესდეს.
პრობლემას ის ქმნის, რომ რუსეთიდან მხოლოდ ტურისტული მიზნებით არ ჩამოდიან და ამას ადასტურებს ბოლო თვეებში მათ მიერ საქართველოში ნაყიდი უძრავი ქონებისა და დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილი ქვეყნისთვის საფრთხედ მიიჩნევს და ხელისუფლებას პრობლემების პრევენციას სთხოვს. პასუხად ირაკლი კობახიძემ ამას `გოიმობა~ უწოდა, საზოგადოებას ქსენოფობია დააბრალა. რეალურად რა საფრთხეების შემცველია საქართველოში რუსების უკონტროლო შემოსვლა და რამდენად მოაგვარებდა ამ პრობლემებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება, “კვირის პალიტრა” ანალიტიკოს გია ხუხაშვილსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “რუსო ტურისტო”, ანუ საფრთხე თუ თითიდან გამოწოვილი პრობლემა?!
“დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომლის ნაწილადაც ჩვენს თავს განვიხილავთ, მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რომელსაც ბევრი განზომილება აქვს, მათ შორის ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო. ამ ომში ჩვენ ჩვენი ადგილი გვაქვს და ეს არ ნიშნავს, რომ რუსებს უნდა ვებრძოლოთ და თუნდაც ტურისტებზე ექსტრემისტული რეაქცია გვქონდეს. თუმცა საქართველოში ტურისტების დიდი ნაწილი სულ სხვა მიზნებით არის ჩამოსული - ყიდულობენ ქონებას, გრძელვადიანად ქირაობენ ფართობებს, ბიზნესებს იწყებენ. ავიღოთ სტატისტიკა და ვნახავთ, რომ ნებისმიერ ტურისტულ სეზონზე გადმორიცხვები თვეში 25-27 მილიონის ფარგლებში მერყეობდა, ახლა კი აპრილში 133 მილიონი იყო, მაისში 303 მილიონი - ანუ გადმორიცხვები, მინიმუმ, გაათმაგდა. გარდა ამისა, ბოლო ორ თვეში დარეგისტრირდა წმინდა რუსული ბიზნესი იმდენივე, რაც ჯამში მთელი ისტორიის განმავლობაში არ დარეგისტრირებულა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ეს ნიშნავს, რომ ისინი ქართულ სინამდვილეში ფეხს საფუძვლიანად იკიდებენ და რაც მთავარია, ისევ რუსულ სახელმწიფოს ემსახურებიან. თავი რომ დავანებოთ წმინდა ტურისტებს, ეს მიგრანტები ორ ნაწილად იყოფიან - ნაწილი არის ის ხალხი, რომელიც დისტანციურად მუშაობს რუსულ ეკონომიკაზე და ცალკე საკითხია, ამ დროს რა ამოცანებს ასრულებენ, და მეორე ნაწილი, რომელიც რუსეთიდან პრობლემებს გამოექცა. ეს ხალხი რისკის ზონაა - ჩემი ინფორმაციით, დადის ეფ-ეს-ბეს აგენტურა, აკეთებს ხალხის იდენტიფიცირებას, ეუბნებიან, რომ ან იმუშავებენ რუსულ სპეცსამსახურებზე, ან პრობლემები შეექმნებათ, როდესაც რუსეთში დაბრუნდებიან. რაც მთავარია, მათი უდიდესი ნაწილი მუშაობს რუსეთის სანქციების გვერდის ავლის სისტემების შექმნაზე - ბანკებში ხსნიან ანგარიშებს, რომლებზეც დიდი ფული ირიცხება, რაც, მაღალი ალბათობით, რუსეთის ლოჯისტიკური და საერთოდ, ეკონომიკური შეზღუდვების გვერდის ავლას ხმარდება”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ფაქტობრივად, გამოდის ჩვენ უკვე ომში ვართ, რადგან დასავლეთმა რუსეთთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად ეკონომიკური სანქციები აიღო და ჩვენ რუსეთის მხარეზე ვართ - რუსეთს ვეხმარებით დასავლეთთან ომში პრობლემების გადაწყვეტაში... თავი გავანებოთ იმას, რომ რუსები სადაც ჩადიან, ყველგან თავს მასპინძლად გრძნობენ, საქართველოსაც თავიანთ საკუთრებად თვლიან და ცხადია, ეს საზოგადოებაში პროტესტს აჩენს, ხოლო როდესაც საზოგადოებაში პროტესტი ჩნდება, ამას შესაძლოა მოჰყვეს აგრესიული გამოვლინებები, რასაც ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ და ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი... როდესაც ვხედავთ რბილი ძალის ექსპანსიის ნიშნებს, ძალიან მარტივი ნაბიჯებია გადასადგმელი. რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ხელისუფლება ყველაფერზე ამბობს, მაშინ ომი გინდათო და რა ნაბიჯებზე შეიძლება ვილაპარაკოთ. სავიზო რეჟიმი თავად რუსეთს აქვს დაწესებული საქართველოსთვის და ძალიან მკაცრიც”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რომ მოინდომოთ რუსეთში წასვლა, ვერ წახვალთ, საერთაშორისო პრაქტიკაში კი მიღებულია სარკისებური დამოკიდებულება. რას ჰქვია, სავიზო რეჟიმს ვერ შემოვიღებ მაშინ, როცა მეორე მხარეს შენთან მკაცრი სავიზო რეჟიმი აქვს? რუსეთს გაღიზიანების არავითარი საფუძველი არა აქვს, რადგან თავად აქვს რეჟიმი დაწესებული. ეს ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ მიგრაციული ნაკადები დავარეგულიროთ, წინასწარ შევისწავლოთ და შემოსვლის წინასწარი კონტროლი გვქონდეს. სავიზო რეჟიმს უნდა მოჰყვეს კომპლექსური ნაბიჯები: პირველი - საქართველოს ტერიტორიაზე ქონების შეძენა განსაზღვრული ვადით უნდა დაკონსერვდეს; მეორე - ბანკებში ანგარიშების გახსნა უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს. ცხადია, უკეთესი იქნება, თუ მათ საქართველოში ანგარიშების გახსნის და ამით შავი თუ თეთრი ფულის ნაკადების მართვის საშუალება საერთოდ არ ექნებათ. როდესაც რუსეთთან ჩვენი პარტნიორების გლობალური ომი მიდის, არ უნდა დავუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე “ტროას ცხენის” ფორმირება” - ამბობს გია ხუხაშვილი.
“კობახიძის განცხადებებს რაც შეეხება, კრემლსაც კი არ უკადრებია ასეთი რაღაც, როდესაც საზოგადოება ითხოვს კონტროლის გამკაცრებას, ქსენოფობია ეწოდებინოს. ეთნიკურ რუსთან ჩვენ პრობლემა არასოდეს გვქონია. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა რუსეთის მოქალაქის მიმართ, ფიზიკურად გაუსწორდა ან რაღაც მსგავსი, ცხადია, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხელისუფლება თვითონ ქმნის იმის საფუძველს, რომ უმართავი პროცესი დაიწყოს... შეთქმულების თეორიები არ მიყვარს, მაგრამ დღეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ უნდა ვეფეროთ რუსეთს, ხოლო ვაგინოთ დასავლეთს და ეს რას ნიშნავს? რას და, რუსეთის ინტერესების გატარებას. დღეს ანტიდასავლურობა თავისთავად პრორუსულობას ნიშნავს, რადგან სამყარო ორ ნაწილად გაიყო. როდესაც ხელისუფლება ევროსკეპტიციზმს ნერგავს სპეკულაციით, რომ ვითომ ომში გვითრევენ, ეს მხოლოდ რუსული ინტერესების გატარებას ნიშნავს. ამას შეგნებულად აკეთებენ, სიბრიყვით თუ სიშტერით, მნიშვნელობა არა აქვს, რადგან დღეს ანტიდასავლურობა ავტომატურად ნიშნავს პრორუსულობას”, - დაასკვნის ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ამ პირობებში რა შანსია, რომ რუსების შემოდინების პრობლემა გადაიჭრას?” - პასუხობს:
“თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, მაშინ ეს საფრთხე გაიზრდება. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, უკრაინაში ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, რამდენი ბავშვია დაღუპული და რამდენი ადამიანი ნაწამები. გააჩერეთ აქ ჩამოსული რუსი და ჰკითხეთ, იტყვის თუ არა, რომ რუსეთს საქართველო ოკუპირებული აქვს და ნახავთ, რომ არ იტყვის. სამაგიეროდ, ბატონებად თვლიან თავს, თითქოს ყველა მათ უნდა ემსახუროს. ამას ჩვენი საზოგადოება არ მიიღებს, დაიწყება ლოკალური შეჯახებები და მერე შეიძლება სისტემური ხასიათიც მიიღოს. ამიტომ უნდა გააკონტროლოს ხელისუფლებამ მიგრაციული პროცესები”.
“დიდი ხანია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ალბათ, ტურიზმიც არის, მაგრამ ფაქტორი უფრო უსაფრთხოება და კომფორტული ცხოვრებაა. როგორც ჩანს, სამეზობლოში რუსეთის მოქალაქეებს ყველაზე კარგი პირობები საქართველოში აქვთ. ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, ტრაგედია ის არის, რუსები რომ თავხედობენ. ყველას ზემოდან უყურებენ, ელაპარაკებიან როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, არადა, თავად არიან ველურები. ცხადია, ამას ბევრი ვერ ეგუება და ვითარება იძაბება. მათ უნდა უთხრან, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი “ოკუპაციის შესახებ” და მოიქცნენ ადეკვატურად და მორიდებულად. უნდა იცოდნენ, რომ ყველაფრის უფლება არა აქვთ. შეიძლება ბუკლეტების დაბეჭდვა, რომელთაც საზღვრის გადმოკვეთისას დაურიგებენ და სადაც კორექტულ ფორმებში იქნება აღწერილი, რომ საქართველოს კანონმდებლობით რუსეთი ოკუპანტია, მივესალმებით მათ ყოფნას საქართველოში, მაგრამ ვთხოვთ გაითვალისწინონ ქცევის წესები. ჩამოწერილი უნდა იყოს, რომ საჯარო სივრცეში არ შეიძლება რუსულად სიმღერა, პუტინის სადღეგრძელოები და ა.შ., რაც გამოიწვევს საზოგადოებაში მღელვარებას, მაგალითად, რომელიმე დევნილმა რატომ უნდა აიტანოს ვიღაც რუსის თავხედობა?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“მე არ მესმის კობახიძისა და სხვების განცხადებები, თუ რატომ უნდა იყოს სავიზო რეჟიმზე ლაპარაკი ომის სურვილი. ეს უკვე ბოდვაა. სავიზო რეჟიმი ბუნებრივი მოვლენაა მთელ მსოფლიოში. ამაზე ლაპარაკით ომი რატომ უნდა დაიწყოს, “ოცნებას” მოსახლეობა მართლა ასეთი რეგვენი ჰგონია?! ევროკავშირი განიხილავს საკითხს, რომ აღარ გასცენ ვიზები რუსეთის მოქალაქეებზე და იმის თქმა, რომ რუსეთისთვის ვიზების დაწესებაზე ვინც ლაპარაკობს, ომი სურს, ბოდვაა. ომის სურვილს ნიშნავს აბსოლუტურად ცივილიზებული ფორმებით რუსების შემოსვლის შეზღუდვა? სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემოსული რუსები ძალზე ბევრი არ არიან, მაგრამ მათი თავხედური ქცევები აჩვენებს, რომ საჭიროა მათი შემოსვლის წინასწარ დარეგულირება. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი ქცევა რეაგირების გარეშე არ დარჩება”, - თვლის კონფლიქტოლოგი და შეკითხვაზე - “ფიქრობთ, რომ რუსეთისა და რუსების მიმართ “ქართული ოცნების” დამოკიდებულება საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონს?” - პასუხობს:
“თუ არ მოსწონს, არც აღელვებს. მეტიც, არც იციან, რა უნდა ქნან. ჩვენთან ხომ პოლიტიკური აქცია მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, 20 ივნისს, როდესაც გვინდოდა ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი მოეცა და ამისთვის რუსთაველზე ასი ათასზე მეტი კაცი გამოვიდა, მაგრამ როგორც კი გაისმა ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა, ხალხი აღარ გამოვიდა. გამოდის, ხალხისთვის პოლიტიკური ფასეულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ შიდა კინკლაობა აღარ არის მისაღები და ვერ ხედავენ, რატომ არ უნდა მისცენ “ოცნებას” ხმა, როდესაც არჩევანი რჩება მხოლოდ “ნაცმოძრაობის” სახით, რომელიც უფრო არ მოსწონთ. ჩატარდა კვლევა, ხალხს მოსწონს თუ არა რუსების მოზღვავება? ან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ჩაატარა აქცია, რომ რუსეთის ასეთი მოზღვავების წინააღმდეგია და რამდენი კაცი გამოვიდა? ესაა რეალობა, ოპოზიციას არა აქვს ხალხის მხარდაჭერა”.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი