September 28, 2025

"ქუთაისს უნდა შევძინოთ უნიკალური ეკონომიკური ჰაბის ფუნქცია, რომელიც შეძლებს გახდეს გეოგრაფიული ცენტრი" - პაატა ზაქარეიშვილი

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატად პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი წარადგინა. პოლიტოლოგის თქმით, შეთავაზება მოულოდნელი იყო.

„ჩემთან მოლაპარაკებები 9 აგვისტოდან დაიწყო. დავთანხმდი და ვარ ქუთაისში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი. გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია, რამდენიმე დღე ვიფიქრე, შემდეგ მქონდა კონსულტაციები, რამდენიმე ადამიანს შევხვდი, მოულოდნელი იყო შემოთავაზება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის, გიორგი სიორიძეს თქმით კი  ქუთაისში „ლელო“ კონკურენტს არ დაუყენებს.

 

„„ჩვენი მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ სადაც არის პერსონალური არჩევნები, ვგულისხმობ მერობის და მაჟორიტარობის არჩევნებს, ჩვენ ერთმანეთს კონკურენტებს არ დავუყენებდით,“- აცხადებს გიორგი სიორიძე.

 

რა პრობლემებია ქალაქში და როგორ შეიძლება გამოსწორდეს? რა ხედვები და სამომავლო გეგმები და ხედვები აქვს მერობის კანდიდატს?

 

FirstNews.ge გთავაზობთ ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან:

 

- როგორი გზა გაიარეთ ქუთაისის მერობის კანდიდატობამდე? მოგვიყევით თქვენი მიღწევების შესახებ?

- მე მგონია, რომ ბევრი ლაპარაკი შეიძლება ამაზე, მაგრამ თავს არ შეგაწყენთ.  ქუთაისის მერობის კანდიდატობას დავთანხმდი იმიტომ, რომ სათქმელი მაქვს​ ქუთაისელებისთვის: - მე სანდო ადამიანი ვარ. მთელი ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება საზოგადოების წინაშე მაქვს გატარებული. ყოველთვის ვიყავი საჯარო, არაფერი მქონდა დაფარული და გასაიდუმლოებული. ჩემი ადმინისტრაციული საქმიანობა დაიწყო 2008 წლის ომის დროს. ჩემს ხელში იყო დევნილები, დაკარგულები, გადმოსვენებები და ასე შემდეგ. მაშინ მოვიპოვე გარკვეული რეპუტაცია და ავტორიტეტი. მერე ვმუშაობდი პარლამენტში, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში აპარატის უფროსი ვიყავი. შემდეგ, როცა სააკაშვილი გახდა იუსტიციის მინისტრი ციხეებში გამიშვა და დავიწყეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებებისთვის. 20 000 პატიმარი დაგვხვდა და 11 000 მდე ჩამოვიყვანეთ ერთ წელიწადში. ეს იყო უდიდესი ამოცანა, რადგან ვამბობდით, რომ თუ ციხეებში დავამარცხებდით კორუფციას, ქვეყანაშიც დავამარცხებდით. ძალიან მიხარია, რომ მე ამის ნაწილი ვიყავი. ციხეების შემდეგ გავხდი საკრებულოს წევრი. შემდეგ გადავედი სამოქალაქო სექტორში. მერე ვიყავი რესპუბლიკური პარტიის წევრი და აღმოვჩნდი ივანიშვილის გუნდში, რომელიც ებრძოდა "ნაციონალურ მოძრაობას" და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი ბრძოლა იყო. ამის შემდეგ გავხდი პარლამენტის წევრი. შემდეგ 4 წელი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ვიყავი. 2016 წელს ივანიშვილს მოჰყავს ახალი გუნდი და ატრიალებენ ავტორიტარული მმართველობის მცდელობას. ამიტომ ახლაც 67 წლის ასაკშიც მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა ჩემზეც ვრცელდება და ამის განცდით მივიღე წინადადება, რომ კენჭი მეყარა ქუთაისში. დიდი მადლობა მათ ამ შემოთავაზებისათვის, რადგან მინდა ჩემი პასუხისმგებლობით ვუპასუხო საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს და ამაში ჩემი პატარა წვლილიც იყოს.

 

525

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაგასახელეს ქუთაისის მერობის კანდიდატად?

- ვთვლი, რომ უკვე ბევრ პრობლემას გავეცანი და მაინც მგონია, რომ პრობლემები უფრო სიღრმისეულია. რასაც ვაკვირდები მთავარი მაინც უიმედობისა და უპერსპექტივობის პრობლემაა. ადამიანებს არაფრის სჯერათ, რაც არ უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა და ხედვა, დარწმუნებულია რომ აქედან არაფერი არ გამოუვა და ატყუებენ. ეს არის საშინელი შედეგი მრავალწლიანი ტყუილებისა და პარტიული ინტერესების  გათვალისწინების. საზოგადოებაში ნიჰილიზმია გამჯდარი. მთავარი ამოცანა უახლოეს თვეებში იქნება ის, რომ ისეთი ნაბიჯები გადავდგა გამარჯვების შემდეგ, რომ საზოგადოებას მოვუხსნა ეს ჯადო. დღესდღეობით მერია არის თბილისისთვის, პოლიტიკისთვის, პარტიისთვის, ივანიშვილისთვის. ეს ასე არაა. მერია არის ხალხისთვის. ეს არის მთავარი პრობლემა. ამიტომ მე ისეთი ვითარება უნდა შევქმნა, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ მათ სასარგებლოდ მერია რაღაცას აკეთებს. მაგალითად, მკაფიო საუბარი ნაგავსაყრელზე - რას აპირებ, როგორ აპირებ. უნდა გქონდეს პასუხი რამდენ ხანში მოგვარდება ეს საკითხი, ანდა ტრანსპორტის საკითხი. დღეს ვაჟა-ფშაველაზე ვიყავით, ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა გორაზე და ორი საათი ვიარეთ, კამპანია გვქონდა, გაზეთებს ვარიგებდით და ერთი ავტობუსი არ დამინახავს. არადა იქ ორი სერიოზული ქუჩაა - ვაჟა-ფშაველა და ბარნოვი. საკმარისია ამ ორ ქუჩაზე მეტ-ნაკლებ რეგულარულად იმოძრაოს ტრანსპორტმა, რომ სხვა ქუჩები იქნება ჩართული. ხალხი ფეხით დადის, აღმართში როგორ ამოდიან.

ბევრი საკითხია, რომელიც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. გრძელვადიანი პროექტია მაგალითად, კანალიზაცია. მაგრამ დღეს უნდა დაიწყო ამაზე ლაპარაკი, რომ 3-4 წლის შემდეგ შედეგი დადო. ამასობაში შეიძლება მოაგვარო ნაგავსაყრელის და ტრანსპორტის პრობლემა. მაგალითად, არის საკითხები სანიაღვრე სისტემის. დიდი წვიმის შემდეგ დიდ კორპუსებში წყალია. დღეს ვნახეთ წყალი არის ჩამდგარი. საქმის დაწყება საკმარისია და ხალხიც მოგყვება. განსხვავებით თბილისისა ქუთაისლები ძალიან გულითადი ადამიანები არიან, რომც არ მოსწონდე და რომც არ გაძლევდეს ხმას, მაქსიმალურად კორექტულად და კულტურულად გეტყვის ამას. აშკარად ნდობის დიდი რესურსია რომ თუ ადამიანის ინტერესია ის აუცილებლად გამოგყვება, ამიტომ ეს უნდა იყოს პირველი დარტყმა. მერია უნდა იყოს ძალიან გამჭირვალე. მერიას ძალიან ცოტა თანხა აქვს -  180 მილიონი. ეს შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ძალიან არა. თანხა ყველაფერს არ ეყოფა, მაგრამ ადამიანმა ზუსტად უნდა იცოდეს ყოველი თეთრი რაში იხარჯება. უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი მისთვის იხარჯება და თუ რამე არ გაკეთდა იმიტომ, რომ საკმარისი ფული არ იყო. რა თქმა უნდა, უნდა იხარჯებოდეს მიზანშეწონილად. 180 მილიონიდან 40 რომ განათლებაში დაიხარჯოს ძალიან ნორმალურია. ამის ფონზე 9 მილიონია მარტო ჯანდაცვა. ეს კატასტროფულად განსხვავებულია. როგორც წესი ეს ორი თემა განათლება და სოციალური საკითხები ერთმანეთს მიჰყვება. კატასტროფული ვარდნა აქვს სოციალურ საკითხებს. თუ მოვახერხე ის, რომ 40 მილიონი მექნება ჯანდაცვა, ეს უდიდესი გარღვევა იქნება. უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით და დაინახავენ, რომ მათზე ვზრუნავ. აქ დიდი სიღარიბეა ქუთაისში და ბევრი მიუსაფარი ადამიანი, რომელთაც არ აქვთ საშუალება საბაზისო მოთხოვნილებები შეასრულოს. ამიტომ მთავარია მერიამ ნდობა მოიპოვოს  საკრებულოსთან ერთად. აშკარად ისედაც ამ მცირე ბიუჯეტში ფული სადღაც იჟონება - ჯიბეებში, პარტიულ დავალებებში, წინა საარჩევნო კამპანიებში. ესენი უნდა მოისპოს. ბიუჯეტის 10-15 პროცენტი შეიძლება იყოს ასეთი უკონტროლო და ხელმიუწვდომელი თანხა?! უამრავი ადამიანი უსაქმურია, მუქთახორაა და არჩევნების დროსაც მუშაობს პარტიაზე და არა ქალაქზე. 

 

- ქუთაისზე რომ გვესაუბროთ, როგორ ფიქრობთ რა პრობლემებია ქალაქში და როგორ შეიძლება გამოსწორდეს? რას შეცვლიდით?

- ჩემს მოსაზრებას გეტყვით, არ ვიცი, არც მიკითხავს რატომ ქუთაისი და არა სხვა? მკითხეს წახვალ? -  ვუპასუხე, რომ წავალ. და რატომ ასე თამამად? ქუთაისს  ვიცნობ. წყალტუბოში ვიყრიდი კენჭს და რამ გაყო ერთმანეთთან 4 თვე ვიცხოვრე იქ. შტაბი იყო ქუთაისში და 2-3 დღეში ერთხელ მიწევდა ჩამოსვლა და ვიცი ქუთაისის პრობლემები. ჩემი პრინციპული საკითხია ის, რომ პარტიული ეკონომიკური კორუფცია უნდა მოისპოს ქვეყნიდან. მე რომ ქუთაისელი ვიყო გამიჭირდება ხაზების გავლება, კავშირების გარღვევა, ნაცნობობა, მეგობრობა. მე ნათესავიც კი არ მყავს ქუთაისში, პარტიის წევრიც კი არა ვარ გახარიასი. ეს არის, ჩემი აზრით, უდიდესი ნდობა და ამისთვის მადლობა გახარიას იმიტომ, რომ არც კი ვიცნობ პირადად. ეს ნდობა ჩემთვის დაუჯერებელიცაა. 

 

- რა ხედვები და სამომავლო გეგმები გაქვთ ქუთაისთან დაკავშიებით?

- ქუთაისს უნდა შევძინოთ ისეთი ფუნქცია, რომელსაც ვერ წაართმევ. ეს არის, ჩემი აზრით, საქართველოს აგრარული ქალაქი, აგრარული ინდუსტრიის დედაქალაქი. აქ არსებობს ბევრი რესურსი. თუ კორუფცია მოისპობა, უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები, კომპანიები და ვუთხრათ, რომ რომელიმე მოდელის ტრაქტორის გამოშვება დავიწყოთ. ჩვენ სოფლის მეურნეობა გამოგვადგება აქ. თუ გამოვუშვებთ ტრაქტორებს ან ტექნიკას თავადაც გამოვიყენებთ და თანაც გავყიდით. ქუთაისს უნდა შევძინოთ უნიკალური ეკონომიკური ჰაბის ფუნქცია, რომელიც შეძლებს გახდეს გეოგრაფიული ცენტრი. საქართველო არის უნიკალურ თბილ ზონაში. გარდა ამისა ქუთაისს აქვს ტურისტულად განვითარების უდიდესი შანსები და ამას ხელი უნდა შევუწყოთ. უნდა მოვსპოთ კლანური მმართველობა და მივცეთ შანსი ნებისმიერს. ყველა უნდა იყოს თანასწორი. არ უნდა ფიქრობდნენ, რომ რახან მე ვარ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული, ვარ პრივილეგირებული. ერთიანად გაიაფდება ბიზნესი. როგორ შეიძლება მერობის 5 წელში ვერ მოვაგვარო თუნდაც კანალიზაციის საკითხი. თუ არ იქნება ატკატების პრობლემა მსოფლიოში, ვიპოვით ფირმებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან გადამამუშავებელი ქარხნის აშენებით. თუ არის ნება რამე გააკეთო, ჩემი 30 წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა ამას ადასტურებს, რომ აუცილებლად გააკეთებ. ვნახე როგორ მუშაობს ხელისუფლება, მთავარია მოინდომო რაღაცის გაკეთება, ეძებო საშუალება და თქვა - დიახ. უნიკალური შენობებია ქალაქის ცენტრში, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. საჯარო მმართველობაში ყველაზე ცუდი არის ის, რომ არაფრის კეთება გინდა და ეძებ მიზეზებს გაიმართლო თავი, რატომ არ აკეთებ არაფერს. მე მინდა გავაკეთო და დავიწყებ ძებნას იმ საშუალებებისა, რომ გავაკეთო ეს ყველაფერი. ამიტომ გამომიშვეს სწორედ ქუთაისში.

 

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმართველობის არჩევნები გაიმართება.

წაკითხვა 28 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 27 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.