ცესკომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს ცესკოში უმასპინძლა.
შეხვედრის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის, მნიშვნელოვანი სიახლეებისა და არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ. როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდების, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირება და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. მისი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას, ამცირებს ინფორმაციულ ბარიერებს და დეზინფორმაციაზე დამოკიდებულებას და აძლევს ახალგაზრდებს მოტივაციას დაუახლოვდნენ საარჩევნო პროცესებს და უფრო მეტად და აქტიურად იყვნენ ჩართულები აღნიშნულ პროცესებში.
„მორიგი მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ ახალგაზრდებთან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მათთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, სხვადასხვა საარჩევნო საკითხებისა და ტექნოლოგიური ინტერვენციის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მისი უარყოფითი გავლენები საარჩევნო პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებას, მეორეს მხრივ კი ახალგაზრდებს მისცემს მეტ მოტივაციას მეტად იყვნენ ჩართულები საარჩევნო საკითხებში“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
თავის მხრივ მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემაც. „დღეს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ასამდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისგან მიეღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ჟვანიას სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას და მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციისთვის ერთიან სახელმწიფო სივრცეში და საზოგადოებაში“.
25 სექტემბერს ცესკოში გამართულ შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე და აღნიშნული სკოლის წარმომადგენლები. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შეხვედრას ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანი ქეთევან ქარენაშვილი ესწრებოდნენ.
სიახლეები
- 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები დასრულდა
- "არასდროს ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, ინციდენტები ხდება, მაგრამ გამიზნულ ცეცხლს არასდროს ვისვრით და არასდროს ვუშვებთ დრონებს ან რაკეტებს ევროპის სახელმწიფოებზე"
- "რუსეთის ჰიბრიდული ომი მოლდოვაში წარმატებას ვერ მიაღწევს" - სალომე ზურაბიშვილი
- "ქუთაისს უნდა შევძინოთ უნიკალური ეკონომიკური ჰაბის ფუნქცია, რომელიც შეძლებს გახდეს გეოგრაფიული ცენტრი" - პაატა ზაქარეიშვილი
- "არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას" - ლევან იოსელიანი