"სააკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრობა სურს: რამდენად შესაძლებელია და ვინ მოიგებს ამით?“

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრობა სურს: რამდენად არის ეს შესაძლებელია და ვინ მოიგებს ამით?“ (ავტორი - გრიგორ ათანესიანი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

„საქართველოს ოპოზიციურმა კოალიციამ „ძალა ერთობაშია“ განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არცევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. პრობლემა ისაა, რომ თვით ოპოზიციაშიც კი ბევრი არ ეთანხმება ამ წინადადებას, ხოლო ექს-პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა არ შეუძლია, რადგან მას პატიმრობა დაუსწრებელად აქვს მისჯილი.

 

მიხეილ სააკაშვილი კიევში ცხოვრობს, იგი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელია და მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, თუმცა იგი დარწმუნებულია, ერთი მეორეს ხელს არ უშლის და უარს ამბობს არჩევანის გაკეთებაზე საქართველოსა და უკრაინას შორის. ამასთან, ექს-პრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს და ქართული თემიდის მიერ გამოტანილ განაჩენს „პოლიტიკურად მოტივირებულად“ თვლის.

 

ექსპერტები ეჭვობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის წარდგენა პრემიერობის კანდიდატად ოპოზიციას რაიმეში დაეხმარება - მაშინ, როცა იგი კვლავ ქართული საზოგადოების გამთიშველ ფიგურად რჩება, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობის რეიტინგი, კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც აგვისტოში ჩატარებული სოციალური გამოკითხვების შედეგებიც ადასტურებს.

 

უკრაინა თუ საქართველო?

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა 2013 წელს დატოვა, მაგრამ მან თავის პარტიაზე - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ კონტროლი ფაქტიურად შეინარჩუნა. ამჯამად ეს პარტია მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს, რომელიც მმართველ „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება.

 

მიხეილ სააკაშვილი აგრძელებდა ქართული ხელისუფლების კრიტიკას ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც და მაშინაც, როცა მან უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობა მიიღო - მაისში უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ დანიშნა.

 

„საქმე იმაშია, რომ ამჟამად პარლამენტის არჩევნები უკრაინაში კი არა, საქართველოში ტარდება. მე მინდა, რომ ქართველ ხალხს კრიზისიდან გამოსვლაში დავეხმაროო“, - ასე ახსნა მიხეილ სააკაშვილმა თავისი კანდიდატური წამოყენების მიზეზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე..

 

მიხეილ სააკაშვილის პარტია დარწმუნებულია, რომ მისი ლიდერის საერთაშორისო კავშირები პოზიტიურ როლს შეასრულებს წარმატებაში და საქართველოს, ქართველ ხალხს სარგებლობას მოუტანს. „მე არჩევანს არცერთ ქვეყანას შორის არ ვაკეთებ. ჩემი ბრძოლა გრძელდება აქაც და იქაც [უკრაინაშიც და საქართველოშიც]“, - ასეა დარწმუნებული თვითონ მიხეილ სააკაშვილიც.

 

მაგრამ რადგანაც იგი უცხოეთის სახელმწიფოს - უკრაინის მოქალაქეა, მას წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლებაც კი არ აქვს. კიდევ ერთი დაბრკოლება - იგი საქართველოს სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის საქმის ორი განაჩენით და კიდევ რამდენიმე საქმის ფიგურანტს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თუ დაბრუნდება, მას საპყრობილეში ჩასვამენ.

 

ექს-პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები თვლიან, რომ უკვე გამოტანილი მსჯავრი და აღძრული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურადაა მოტივირებული. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას უფლება აქვს პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატი დანიშნოს.

 

დავა პიროვნებებს შორის?

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენით დღის წესრიგში გარდაუვლად დგება საკითხი არჩევანის გაკეთების თაობაზე - ყოფილ პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ ლიდერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის. სახეზეა მწვავე დაპირისპირება: მაშინ როცა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს ბრალს სდებს მათი [„ნაციონალების“] მმართველობის წლებში ჩადენილ დანაშაულებში, ოპოზიცია, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მარიონეტად თვლის და მას ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.

 

„ყველა, ვისაც (მათ შორის მეც) კი იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს 2020 წლის არჩევნები  არ იქნებოდა მიშასა და ბიძინას შორის პიროვნული კონფლიქტის გამეორება (როგორც ეს 2012 და 2016 წლებში მოხდა), იმედგაცრუებული იქნება“, - ასე დაწერა „ტვიტერ“-ში კარჰეგის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა თომას დე ვაალმა და დაამატა, რომ მმართველმა „ქართული ოცნებამ“ ბოლო არჩევნებში დიდწილად იმიტომ გაიმარჯვა, რომ ის არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხში.

 

სხვათა შორის, ოპოზიციაშიც ბევრი არ მიესალმება ექს-პრეზიდენტის დაბრუნებას ქართულ პოლიტიკაში. მისი ყოფილი თანამებრძოლები, რომლებმაც საკუთარი პარტია „ევროპული საქართველო“ შექმნეს, მზად არ არიან მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას. ამ პარტიის ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ საკითხის ისე წარმოჩენა, რომ თითქოსდა არჩევანი კეთდება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, სიცრუე და არასწორია. „ცხადია, საქართველოში არ უნდა იყვნენ პოლიტიკურად დევნილი ადამიანები და პოლიტიკურ პროცესებში ყველა უნდა მონაწილეობდეს... მაგრამ წრეზე სიარულიც იმის გამო, რომ ქვეყანას ერთი ადამიანი (ან მიხეილ სააკაშვილი, ან ბიძინა ივანიშვილი) უნდა მართავდეს, მიუღებელია“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე.

 

ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა და „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ პრემიერ-მინისტრობის ალტერნატიული კანდიდატურაც კი წამოაყენა - ბათუმელი ძაღლი, სახელად „კუპატა“.

---------------

ანალიზი

ნინა ახმეტელი, „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური კორესპონდენტი თბილისში

„მე ვბრუნდები!“ - განაცხადა თავის ვიდეომიმართვაში 27 აგვისტოს საქართველოს დროშის ფონზე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ქვეყანა თავისი მეორე სპარეზიდენტო ვადის ამოწურვის გამო 2013 წელს დატოვა. მას შემდეგ მისი დაანონსებული დაბრუნება ქართული მასმედიის ერთ-ერთ ცენტრალურ თემად რჩევა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტი საქართველოში უკვე შვიდი წელია აღარ ცხოვრობს, მისი განცხადებები, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, შიდაპოლიტიკურ არენაზე მწვავე დისკუსიებს იწვევს.

 

საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, მას ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი რაოდენობის მხარდამჭერები ჰყავს. ისინი მოუთმენლად ელოდნენ მის მორიგ მიმართვას კიევიდან, რომელშიც ყოფილ პრეზიდენტს თავისი დაბრუნების გეგმებზე უნდა ელაპარაკა, თუმცა მიხეილ სააკაშვილს ამ მიმართვაშიც არ დაუსახელებია დაბრუნების ზუსტი თარიღი - მხოლოდ ის თქვა, რომ არ სურს მისმა საქართველოში ჩასვლამ უწესრიგობა და დაპირისპირება გამოიწვიოს.

 

მმართველ პარტიაში მიხეილ სააკაშვილის ანონსირებულ განცხადებას დაბრუნებაზე და ოპოზიციის მიერ პრემიერობის კანდიდატად დასახელებას სკეპტიკურად შეხვდნენ. ასევე არასერიოზულად მიიჩნევენ ამ ყველაფერს ოპოზიციის ნაწილი და ექსპერტები.

 

ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ასეთი დაპირებები („მე დავბრუნდები...“) მხოლოდ მმართველი პარტიისა და მთავრობისთვის მუშაობს იმდენად, რამდენადაც იმ ამომრჩეველს, რომელსაც არ მოსწონს არც დღევანდელი და არც უწინდელი ხელისუფლება, ხელი ეშლება არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთოს.

 

საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას ძალზე ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს: ექს-პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც, კანონის მიხედვით, აუცილებელია, რომ ადამიანი ქვეყნის პრემიერი გახდეს. გარდა ამისა, იგი დაუსწრებლადაა მსჯავრდებული და მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

 

იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს საკმარისი მხარდამჭერების მოძიება მაინც გაუჭირდება - ოპოზიციის რიგებშიც კი ბევრი მას კეთილი თვალით არ უყურებს.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/features-54036556

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 753 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 10 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.