რატომაა გამეფებული აფხაზეთში სიღარიბე და ნგრევა: „მოსკოვისთვის ასეთი მდგომარეობა მომგებიანია"

რუსულ გაზეთ „ნოვიე იზვესტია“-ში («Новые известия») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომაა გამეფებული აფხაზეთში სიღარიბე და ნგრევა: „მოსკოვისთვის ასეთი მდგომარეობა მომგებიანია...“. მასალის ავტორია რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პარტია „დემოკრატიული არჩევანის“ ლიდერი იგორ დრანდინი, რომელიც ამას წინათ მეორედ (2001 წლის შემდეგ) იმყოფებოდა სოხუმში.

 გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

„აფხაზეთის საქართველოსაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის 30 წელი გავიდა, მაგრამ დანგრეული არ აშენებულა და მოსახლეობის სიღატაკე არ გამქრალა...

 

2000-იანი წლების დასაწყისში მე აფხაზეთში სტუდენტების ჯგუფთან ერთად ვიყავი. საკვირველია, მაგრამ 20 წლის განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებია, არაფერი არ შეცვლილა. არსებული საბჭოთა არქიტექტურა კიდევ უფრო მოძველდა და ინგრევა.

 

ოდესღაც პოპულარულ კურორტ ბიჭვინთაში ბოლო 20 წლის მანძილზე არცერთი ახალი შენობა არ აგებულა, არცერთი ქუჩა არ გარემონტებულა... ზღვის ნაპირზე დაგებული საბჭოთა ფილაქანიც კი არ გამოცვლილა. კორპუსები ფანჯრების გარეშე, დაჟანგებული, დაფშვნილი ბეტონის ფილები - ასე გამოიყურება ბიჭვინთა 2020 წელს.

 

დღეს აფხაზეთი ღარიბი ქვეყანაა. ომის შემდეგ ბევრი რუსეთში და სხვა ქვეყნებში წავიდნენ. მოსახლეობა ოფიციალურად 250 ათასს აღწევს, მაგრამ სინამდვილეში ბევრად ცოტაა. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარს რომ გადაკვეთ, გეჩვენება, რომ ცივილიზაცია დასრულდა: გზის პირას ბევრია მიტოვებული სახლი, მოუვლელი მიწის ნაკვეთები... სიცოცხლის ნიშნებს მხოლოდ იქ შენიშნავ, სადაც ტურისტები მიჰყავთ.

 

პატრიოტულად განწყობილი აფხაზები 20 წლის წინათ მეუბნებოდნენ, რომ სიღარიბის მიზეზი ომია, რომელიც ახალახან დასრულდა და დრო გვჭირდება, რომ ცხოვრება აეწყოსო. დრეს, 2020 წლის ნოემბერში, ისინი იგივეს მეუბნებიან - ცოტა კიდევ მოითმინე და აფხაზეთს აყვავებულს ნახავო.

 

რაც მართალია, მართალია - აფხაზეთში ულამაზესი ბუნებაა, ეს ქვეყანა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს, განსაკუთრებით რიწის ტბა და ახალი ათონი. მაგრამ დასვენება აფხაზეთში საშიშია, რადგან აქ რთული კრიმინოგენური ვითარებაა და ცუდი სამედიცინო მომსახურება.

 

აფხაზეთი რუსი გადასახადის გადამხდელტა კისერზეა ჩამოკიდებული: რუსული ფულის წილი აფხაზეთის ბიუჯეტში 50-დან 70%-მდე აღწევს, ანუ ჩვენი ქვეყანა აფხაზეთის ძირიტადი კრედიტორია. იმის მიუხედავად, რომ ვალების გადახდა მოსკოვმა სოხუმს რამდენჯერმე გადაუვადა, რუსეთის მოქალაქეები ამის სანაცვლოდ არაფერს არ იღებენ.

ორიოდე სიტყვას აფხაზური ღვინების შესახებაც ვიტყვი: არანაირი აფხაზური ღვინო არ არსებობს. კასრებით მოაქვთ მოლდავური კონცენტრატი, წყალში ხსნიან და „აფხაზური ღვინის“ ეტიკეტიან ბოთლებში ასხამენ. ადგილობრივი ღვინო ძმარია და მეტი არაფერი. მანდარინი და სხვა ციტრუსები კი ძალიან კარგია“.

------------------

სტატიამ მკითხველთა ფართო კომენტარები გამოიწვია. აი, ზოგიერთი მათგანი:

 

„აფხაზეთი ძალიან მაგარი ადგილია, ფრანგულ „ლაჟვარდოვან ნაპირს“ ბევრად სჯობია, მაგრამ ყველაფერს უპატრონობის კვალი ამჩნევია... ასე იქნება, სანამ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება. ქართველებმა აჭრა და ბათუმი კონფეტად გადააქციეს...“.

 

„რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის განვითარება არ ადარდებს, კრემლს უფრო ბუფერული ზონა ჭირდება სოჭსა და ნატოს პოტენციურ წევრ საქართველოს შორის. ბუფერული ზონა სწორედ ასეთი უნდა იყოს“.

 

„აფხაზეთში ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ძნელად თუ ნახავ: ყველაფერი რუსულია. აფხაზური მხოლოდ ლიმონი და მანდარინია“.

 

„აფხაზეთში ბევრი კრიპტოვალიუტის მაინინგით ცხოვრობს, მაგრამ ელექტრონერგიას იპარავენ და გადასახადს არ იხდიან. რუსეთში გაერთიანება არ უნდათ - ხელს უშლით ზედმეტი სიამაყე და გაბოროტებამდე მისული წყენა. მაგრამ როცა ჭირდებათ, საქართველოშიც კარგად მკურნალობენ. ბზის ტყეები უკვე გაჩეხილი და განადგურებულია. მუშაობს კონტრაფაქტული სიგარეტების ფაბრიკა, რომელსაც თურქეთი მფარველობს. დასკვნა:  აფხაზეთი არშემდგარი, პაროდიული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, რუსეთის ხარჯზე ცხოვრობს და მოსკოვიდან მიღებული ფულის 95%-ს იპარავენ“.

 

წყარო: https://newizv.ru/article/general/08-12-2020/moskve-eto-vygodno-pochemu-v-abhazii-tsaryat-bednost-i-razruha

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 557 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.