გაქცევა ჩრდილში: რატომ წავიდა უმდიდრესი ოლიგარქი პოლიტიკიდან
როგორც მოსალოდნელი იყო, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯს ყველაზე ფართო გამოხმაურება რუსულ მასმედიაში მოჰყვა: რადიო-ტელევიზიაში, პრესაში, საინფორმაციო სააგენტოებში და ა.შ. გავეცნოთ პრესაში გამოქვეყნებულ ზოგიერთ პუბლიკაციას:
გაზეთი „იზვესტია“ («Известия») აქვეყნებს სტატიას სათაურით „გაქცევა ჩრდილში: რატომ წავიდა უმდიდრესი ოლიგარქი პოლიტიკიდან“ (ავტორი - იგორ კარამზინი).
„იზვესტია“ დაინტერესდა მილიარდერის გადაწყვეტილების მიზეზებით და სავარაუდო შედეგებით“, - აღნიშნულია პუბლიკაციის დასაწყისში, რომელშიც ფართოდაა მიმოხილული ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი მომენტები (ქვესათაურით - „მისია შესრულებულია“) და მისი პოლიტიკური საქმიანობის დასაწყისი შორეულ 2011 წელს, როცა იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა. ვრცელი პუბლიკაციის ერთ-ერთი ნაწილი ასეცაა დასათაურებული - „ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“, მასში საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული „ქართული ოცნების“ ლიდერისა და პრეზიდენტის მეტოქეობა ერთმანეთთან:
„პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მმართველობის მეორე პერიოდში კონსტიტუცია შეცვალა და ქვეყნის მართვას უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებით სურდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა იგი ამხილა. მიხეილ სააკაშვილი, თავის მხრივ, დანებებას არ აპირებდა - მან მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით, იგი 90 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაინც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გავლენა კი ძალიან შემცირდა. ვადის დასრულების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა, მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა... მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ქვეყნის მართვის სადავეები მაინც ხელში ჰქონდა, სიტუაციას კულისებიდან აკონტროლებდა და როცა აშკარა გახდა, რომ პარტიაში განხეთქილება მწიფდებოდა (როგორც დამკვირვებლები ამბობენ), იგი პოლიტიკაში დაბრუნდა... 2020 წლის არჩევნებში ისევ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, უკვე მესამედ [რაც უპრეცენდენტო მოვლენას წარმოადგენს ქართული არჩევნების ისტორიაში].
ქართველმა პოლიტიკოსებმა კრიტიკულად შეაფასეს ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან, - აღნიშნავს სტატიის ავტორი და ხატია დეკანოიძის განცხადების ციტირებას ახდენს: „მან პასუხისმგებლობა თავის გუნდს გადააბარა და თვითონ ჩრდილში დადგა. ეს მხოლოდ დეკლარატიული გაქცევაა“.
რაც შეეხება რუს ექსპერტების თვალსაზრისს, პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კავკასიის პრობლემათა შემსწავლელი ცენტრის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს ნიკოლაი სილაევს. მისი აზრით, გამორიცხული არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ისევ კულუარულად ხელმძღვანელობას გააგრძელებს. ექსპერტი მილიარდერის წასვლას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირებს: „მისი პარტია პარლამენტში მარტოდ დარჩა. ეტყობა, მას არ სურს, რომ ეს სიტუაცია მასთან იყოს ასოცირებული. შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ოპოზიციონერები შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს და პარლამენტის დარბაზში დაბრუნდებიან“.
პოლიტოლოგი არტურ ატაევი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილისათვის პოლიტიკაში ყოფნა ნამდვილად მძიმეა: „იგი იშვიათად ჩანს საჯარო სივრცეში, ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ ოცნებობს სხვა საკითხებზე გადაერთოს, იოგათია დაინტერესებული, მაგრამ მისი რეალურად წასვლა შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილს ვერავინ შეცვლის, საქართველოში მეტი ასეთი მძიმეწონიანი, ამ დონის ადამიანი არავინ არის. ერთხელ წასვლა სცადა და მისი პარტია კინაღამ დაიშალა - თანაპარტიელები ერთმანეთს დაერივნენ, დაიწყო შიდა ომი. ალბათ, მას ახლაც მოუწევს პროცესების გარედან კონტროლი. გარდა ამისა, პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკიდან წასვლას ეკონომიკური რესურსების დაკარგვა მოსდევს. საეჭვოა, რომ ამისთვის ბიძინა ივანიშვილი მზად იყოს“, - ხაზს უსვამს არტურ ატაევი „იზვესტია“-სთან საუბრისას.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი