"რატომ 43%, რატომ არ არის 50% თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა? ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ? ყველს ვყიდულობთ ორ კილოს თუ რა?" - მიხეილ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დოკუმენტზე ხელის მოწერამდე მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება.

 

როგორც მან „მთავარი არხის“ ეთერში განმარტა, არსებობს რამდენიმე კითხვა, მათ შორის რატომ გადაწყდა 43%-იანი დათქმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ამასთანავე, ვინ დათვლის ამ ხმებს.

 

სააკაშვილის თქმით, თუ ხმებს კვლავ თამარ ჟვანია ამჟამად მოქმედი სისტემით დაითვლის, კვლავ „ქართული ოცნება გაიმარჯვებს.

 

„მადლობელი ვარ ევროპელებისა და ამერიკელების, რომ აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის მარტო, ეს გამოსაყენებელი ფაქტორია, გამოსაყენებელია ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, დაცულობისთვის და ამ უბედური კრიზისისგან თავის დასაღწევად, სადაც იმყოფება თითქმის ყველა ქართული ოჯახი.

 

მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან მომენტად, რომ პირველად, პრაქტიკულად, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ვიცით, რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, იმიტომ, რომ წინა არჩევნები იქნა მოპარული, წინა არჩევნები იქნა ბოლომდე გაყალბებული. ახლა მეორე საკითხი, აქ არის უკვე ეშმაკი დეტალებში, რა არის დეტალებში მთავარი? ჯერ ერთი, გაუგებარია რატომ 43%, რატომ არ არის 50% თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა? 43% რა, ბაზარში ვართ? ვვაჭრობთ? ყველს ვყიდულობთ ორ კილოს თუ რა?

 

მეორე კითხვა, რომელიც მაქვს და ეს არ არის უბრალოდ კითხვა, ეს უნდა დავუსვათ ჩვენს თავს ყველა ჩვენგანმა, ვისაც უნდა შეთანხმება, უნდა, რომ ჩვენ ვიპოვოთ კრიზისის გადაწყვეტა, ეს 43% ვინ უნდა დაითვალოს? ისევ თამარ ჟვანიამ უნდა დაითვალოს? თუ ისევ თამარ ჟვანიამ უნდა დაითვალოს, თუ კიდევ ითვლის ხმებს მათ მიერ დანიშნული 8 ადამიანი, მაშინ 5% რომც აიღონ, დაიწერენ 43,1%-ს. ჩვენ ეს ვიცით, გავიარეთ და თავს ნუ მოვიტყუებთ. სირაქლემის პოზაში დგომას აქ არ ვაპირებთ.

 

მე მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აიღოს ის მაგალითები, რომლებიც გააკეთეს უკვე უკრაინასა და ბალკანეთში, უნდა მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც მათ უკვე აპრობირებული აქვთ უკრაინასა და ბალკანეთში და მაშინ შესაძლებელი იქნება ხმების დათვლა. თუ ამ სისტემას არ იღებენ, ახლა თავის მოტყუებას თუ შევუდგებით და ვიძახებთ კომპრომისი გვინდაო, ეს კომპრომისი არ არის, ეს არის უბრალოდ დათანხმება იმაზე, რომ არაფერი არ შეიცვლება,“- განაცხადა სააკაშვილმა.

 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

 

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

 

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

წაკითხვა 392 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.