"რუსეთმა, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ხელით დასავლეთს უჩვენა, რომ საქართველო ველურების ქვეყანაა"
ლექსო ლაშქარავას სასტიკი მკვლელობა ისეთი მასშტაბის მოვლენაა, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის. მათ შორის ვერც ისინი, ვინც წლების მანძილზე პირდაპირ და უშუალოდ მონაწილეობდა იმ ორგანიზებული სიბნელის პიარში, რომელიც 5 ივლისს რუსული დავალების მთავარ შემსრულებლად მოგვევლინა, „ოცნების“ ხელისუფლებასთან ერთად, - ამის შესახებ FirstNews.ge- თან საუბარში "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევანი არ იყო - პროტესტის არდაფიქსირება ძნელია, თუ ელემენტარულ ადამიანობაზე გაქვს პრეტენზია (თუმცა, იმედი და პოსტივი აქაც ახერხებენ თავის გამოჩენას, რაც აღარავის უკვირს).
"მიუხედავად ამისა, ამ პროტესტის მიღმა დიდი პოლიტიკური და ღირებულებითი სიჭრელეა. ბევრ იქ მდგომს ალბათ ძალიან უნდა ღარიბაშვილის განტევების ვაცად ქცევა, ოღონდაც ივანიშვილის რეჟიმი გადარჩეს და შენარჩუნდეს. ბევრს შეიძლება მართლაც უნდა ივანიშვილის დასრულება, მაგრამ თავისდაუნებურად, ოპოზიციური იდეის მოარული ანტირეკლამაა. პროტესტის ლიდერი ფიგურანტებიდან აშკარად დიდ სიმპატიას იმსახურებს ვახო სანაია, რომელიც ახალგაზრდა, გულწრფელი და ალალი პატრიოტია, სულით-ხორცამდე ანტირუსი ანუ ანტიოკუპანტი.
რაც შეეხება ულტიმატუმებს, სანამ ულტიმატუმს წამოაყენებ, კარგად უნდა გქონდეს გათვლილი, რას აპირებ მისი არშესრულების შემთხვევაში. სამწუხაროდ, ბოლო წლებში წამოყენებული ულტიმატუმი ბევრი გვახსოვს (ჯოჯოხეთს მოგიწყობთ და ა.შ.), მაგრამ შემდგომი მოქმედება - არანაირი. ვნახოთ, ამჯერად რაიმე განსხვავებული თუ მოხდა,"-აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
როგორც ის ჩვენთან საუბარში განმარტავს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის გზავნილია ამერიკის, ნატოსა და ევროკავშირის მიმართ, რომ საქართველო მისი გავლენის სფეროა და აქ ამერიკელების გავლენის ზრდას არ დაუშვებს.
"თუ რასთან გვაქვს საქმე? როგორც რუსეთი იყენებდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს საქართველოს წინააღმდეგ და თავად შუამავლად მოჰქონდა თავი, ზუსტად ისე იყენებს „ოცნება“ მის მიერვე ორგანიზებულ და მართულ ბრბოს და გვარწმუნებს, რომ თავად არაფერ შუაშია. სინამდვილეში, ივანიშვილის ხელისუფლებაა თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც. ცხადია, ლეღვის ფოთლებზე არ ვსაუბრობ, არამედ იმათზე, ვისაც რეალურად უპყრია ხელთ ძალაუფლება.
ეს არის რუსეთის გზავნილი ამერიკას, ნატოს და ევროკავშირს, რომ საქართველო მისი გავლენის სფეროა და აქ ამერიკელების გავლენის ზრდას არ დაუშვებს. ამასთანავე, 5 ივლისს რუსეთმა, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ხელით დასავლეთს უჩვენა, რომ საქართველო ველურების ქვეყანაა და ისედაც (რუსეთის ვეტოსგან დამოუკიდებლად) არ იმსახურებს დასავლური, ცივილიზებული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. აშკარაა, რომ საქმე ძალიან ჭკვიან, ვერაგ და დაუნდობელ მტერთან გვაქვს. ჩვენ კი, მოქალაქეობრივ თავმოყვარეობასთან ერთად, პირველ რიგში, გონიერება გვმართებს,"- აღნიშნავს ზაზა ბიბილაშვილი ჩვენთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მედიის წარმომადგენლების აქცია პარლამენტთან გუშინ, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს ნაცემი "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
საღამოს 6 საათზე, ათასობით ადამიანი უკვე პარლამენტთან შეიკრიბა. მედიასაშუალებების ორგანიზებით საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება იქამდე, ვიდრე „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებენ. მედიამ პროტესტის ნიშნად მიკროფონები და კამერები ძირს დააწყო.
ასევე, 70-მდე მედიასაშუალებამ ერთობლივი განცხადებითაც მიმართა დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მედია მათ სთხოვს მყისიერ რეაგირებას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობაზე.
დღეს, პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირ იმართებიან სააკაშვილის მიერ. მისი თქმით, ოპოზიციური მედიისა და რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური, ხოლო მათგან რაც ვიხილეთ, „ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე, ანტიეროვნული გზავნილები."
დღესვე მედიასაშუალების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში, სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. მათთან ერთად ოპოზიციური დეპუტატების ნაწილი იმყოფებოდა. შეჭრილებმა ტრიბუნა დაიკავეს და პრემიერს გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
აღნიშნული აქცია რუსთაველის გამზირზე 18:00 ისევ განახლდა, მას შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"