ევროპის 3 მთავარი პრიორიტეტი და "უპრეცედენტო გარღვევის" პროგრამა

“ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დისკუსია ახალ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე წარიმართა და საუბარი მთავარ გამოწვევებზე და მოკავშირეებთან ურთიერთობების განვითარებაზე გაგრძელდა.

დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტები მონაწილეობდნენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “შეასრულეთ რეფორმები არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხისთვის” - ევროპის 3 მთავარი პრიორიტეტი და "უპრეცედენტო გარღვევის" პროგრამა.

 

"საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 4 პრეზიდენტის მონაწილეობით პირველად ტარდება მსგავსი ღონისძიება და ეს ახალი დასაწყისია. “ახალი დასაწყისი ჩვენ გვაძლევს იმედს და ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი ჩვენი საერთო მიზნების მიმართ.“უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება. საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, ჩვენი ფასეულობებისგან და ის არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული.“დამოუკიდებლობის დღიდან ეს იქნა გაცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი და ერთი საკითხი, რომელზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და ამაზე არასდროს არ ვკამათობთ," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განახლებული, მრავალმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად საქართველოში ეკონომიკა ძლიერდება. "საქართველომ პანდემიას თავი დააღწია, განახლებული ძალებითა და შემართებით საქართველომ ყურადღება გაამახვილა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და თან თავის წილ საქმეს აკეთებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. “დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელის ხელმძღვანელობით ხორციელდება. განახლებული, მრავალმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება და ჩვენს ეკონომიკაში ბუმი იწყება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. კონფერენციაზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა. მან ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინას და საქართველოს მსგავსი სიტუაცია აქვთ. უკრაინის ლიდერის თქმით, სწორედ ასეთ სიტუაციაშია მნიშვნელოვანი სწორი არჩევანის გაკეთება. "ჩემი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები, საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ასეთ შემთხვევებში კარგად გვესმის, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ ევროპის სასარგებლოდ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას სრულ სოლიდარობას უცხადებს. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. "დიდი პატივია, რომ ამ შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას. დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებელნი, უკვე 30 წელია. ერთი თაობა ძალიან ძლიერი წინსვლისა და დაბრკოლებებისა. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და არ ყოფილა ეს იოლი გზა. “ეს სულისკვეთება, რომელიც მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, ამ გამოწვევების, აგრესიის საფუძველზე და პირობებში. ევროკავშირი თქვენთან არის, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ," - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასახელებს 3 პრიორიტს, რომელზეც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. "მინდა მომავალზე გავაკეთო აქცენტი და 3 პრიორიტეტი გამოვყო: პირველი არის - უპრეცედენტო გარღვევის პროგრამა, რომელიც არის გარდამტეხი ამ რეგიონისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. ევროკავშირი 2.3 მილიარდი ევროთი დაეხმარება და ამ დახმარებას ექნება 17 მილიარდი ევროს მობილიზაციის შესაძლებლობა. მეორე - ძლიერ მწამს, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და შევძლებთ ათასობით კილომეტრი სარკინიგზო გზის დაგებას 2030 წლისთვისთვის და ეს კიდევ უფრო დაამოკლებს ფიზიკურ დაშორებას ჩვენს საზოგადოებებს შორის. ეს მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება იქნება ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, რომელიც კიდევ უფრო ძლიერს გახდის თქვენს ქვეყნებს. მესამე არის რეფორმები, დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია იქცეს მნიშვნელოვანი აქცენტი სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა, ეს არის უცილობელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რასაც იძლევა ეს ინსტრუმენტი," - განაცხადა შარლ მიშელმა”, - დასძენს გამოცემა

 

"მისივე თქმით, ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები რეფორმების განხორციელების კუთხით, სწორედ თავისივე მოქალაქეების საკეთილდღეოდ. "დეკემბერში ჩვენ გვექნება შემდეგი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და მათ საკეთილდღეოდ,"- განაცხადა შარლ მიშელმა”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

 

"გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ შარლ მიშელის შეხვედრაზე 5 ივლისის მოვლენებზე დეტალურად ისაუბრეს. ასევე, სასამართლოსთან დაკავშირებითაც ყველა ინფორმაცია მიშელს მიაწოდეს. თუმცა, მეგრელიშვილი ამბობს, რომ მას არ დარჩა შთაბეჭდილება მიშელს „ქართული ოცნების“ სანქციებით დასჯა უნდა. „მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ევროპული საბჭოს წევრი "ოცნების“ დასჯას სანქციებით აპირებს. თუმცა, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ჩვენ ყველამ მას 5 ივლისის მოვლენებზე და მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ“, - ამბობს მეგრელიშვილი. "ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ლექსიკა და საუბარი სიტუაციასთან , რაც საქართველოშია შექმნილი, ადეკვატური არ იყო. მისი თქმით, ეს იყო ზედიპლომატიური განცხადებები, რომელიც იმ დრამატულ სიტუაციას არ ასახავს, რაც ქვეყანაშია შექმნილი. „ევროკავშირის ელჩების განცხადებები უფრო მკაცრი იყო, ვიდრე შარლ მიშელის. სიმართლე ვთქვა, მე მეტის მოლოდინიც არ მქონდა. მისი საუბარი და ლექსიკა იმ სიტუაციასთან, რაც ახლა საქართველოში ხდება ძალიან არაადეკვატურია. "შარლ მიშელის მხრიდან სრულიად არაადეკვატური განცხადებები გაკეთდა, რაც არსებულ მდგომარეობას არ შეესაბამება. სამწუხაროდ მიშელთან მყოფი საპარლამენტო ოპოზიციაც ასე იქცევა, თითქოს ქვეყანაში სიტუაცია რთულია, მაგრამ დრამატული არაა“, - ამბობს ბოკერია”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 407 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.