“მმართველი პოლიტიკური ძალა საკუთარ ლოგიკაში გაიხლართა” - ლევან ალაფიშვილი

“სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, წელი არ გასულა, ფარული ჩანაწერების თემა პრობლემური და აქტუალური არ ყოფილიყო.

იყო ფარული ჩანაწერები, სახელმწიფო გადატრიალება, საბურავების რევოლუცია, უკრაინული ვიკილიქსი, საზღვარგარეთ ატვირთული ფაილები, ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საგამოძიებო საქმიდან გამოტანილი მასალები, ანუ უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ეს საჯარო სივრცეში მიღებულ საკითხად დამკვიდრდა, ჩვენ კი, როგორც ჩანს, სათანადო რეაქცია არ გვქონდა, რომ ხელისუფლებას მოეხდინა პრევენცია, ან საკუთარ უწყებებში გაერკვია, ვინმე უკანონო საქმიანობას ხომ არ ეწეოდა... ან უარესი - თვითონ ხომ არ არის ამ ყველაფრისთვის სანქციის გამცემი?..”, - აცხადებს იურისტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პედაგოგი ლევან ალაფიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვიკილიქსი” ქართულად ანუ დიდი ფსიქოლოგიური შეტევა / “მმართველი პოლიტიკური ძალა საკუთარ ლოგიკაში გაიხლართა”.

 

“ყველამ ერთად უნდა ვცადოთ, ვიყოთ აქტიურები, მოვითხოვოთ მეტი, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად. მხოლოდ ასე შეიძლება ვაიძულოთ საკუთარი თავი და ხელისუფლება, რომ შევქმნათ უკეთესი, განვავითაროთ ჩვენი დემოკრატია და არა პირიქით - ჩავთვალოთ, რომ ჩვენ არ გვეხება, მივიყურისძიროთ და საბოლოოდ ყველა ერთად ჩავეფლოთ იმ წუმპეში, რასაც საბჭოური ტოტალიტარული მართვის სტილი ჰქვია. სიმართლე გითხრათ, მესმის მმართველი პოლიტიკური ძალის მძიმე მდგომარეობა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მგონი ის საკუთარ ლოგიკაში გაიხლართა. გავრცელებისთანავე ითქვა, ეს “ნაცმოძრაობის” შემოქმედებააო, ზუსტად მეორე დღეს კი გვარწმუნებდნენ, გახარიასა და მისი გუნდის ნამოქმედარიაო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

 

“რაც მთავარია, იმავე დღეს მათი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, უარესი შეიძლება გველოდეს და დღევანდელი განცხადებები თავდაყირა დადგებაო. მმართველი პოლიტიკური ძალის ერთადერთი სწორი რეაგირება იქნებოდა ამ ჩანაწერების გამკეთებლის თუ დამვალებლის საქმიანობის კანონიერების შემოწმება (თუ ისინი ავთენტურია) საზოგადოების მონაწილეობით და შემდგომ ამისა, რა თქმა უნდა, იმ სუბიექტის იდენტიფიცირება, რომელმაც საჯარო გახადა ეს ე.წ. კარტოთეკა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი კანონმდებლობაც კი - აღარაფერს ვამბობ საერთაშორისო კანონმდებლობაზე - იცავს ხელისუფლების უკანონო საქმიანობის მამხილებელს და შესაძლოა ამიტომაც აყოვნებს მმართველი პოლიტიკური ძალა ადეკვატურ რეაგირებას”, - განაგრძობს იურისტი.

 

“კი ბატონო, შეიძლება გავიგოთ ვინ გაავრცელა, მაგალითად, ეკა ბესელიას შესახებ ფარული ჩანაწერები, მაგრამ ვინ ჩაწერა, ვის მიუწვდებოდა ხელი ამ ტიპის ტექნიკაზე, გავიგეთ? ვერა! მაშინ უნდა დავსვათ კითხვა: ჩვენნაირ სახელმწიფოში ვის მიუწვდება ხელი ისეთ აპარატურაზე, ამ მასშტაბის ჩანაწერები რომ განახორციელოს? ერთადერთი სუბიექტია სახელმწიფო! ანუ სად უნდა ეძებოს სახელმწიფომ და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ჩამწერი და სანქციის გამცემი? რა თქმა უნდა, საჯარო სექტორში და თუკი ვინმემ ამხილა ის სისტემა, მამხილებელი კი არ უნდა დაისაჯოს, არამედ ჩამწერი. ამ საკითხებზე რეაგირებისთვის საკმარისი არ იქნება რომელიმე უწყების გამოძიება, რადგან ვიცით, რომ ეს ინსტიტუტები მაინცდამაინც დიდი ნდობით არ სარგებლობენ. გარდა ამისა, ვიცით, რომ ასეთი საქმეები წლობით თაროზეა შემოდებული. საჭიროა საზოგადოების ჩართულობით ისეთი ფორმატის შექმნა, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც სისტემურად გამოიძიებს ამ საკითხს. ამას კი მოჰყვება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სისტემური რეფორმები. შეგახსენებთ, რომ “ოცნების” მთავრობა და დღევანდელი პრემიერი იყო მაშინ ის მინისტრი, რომელმაც შექმნა კომისია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ასე რომ, “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე კარგად იცის როგორც ფარული მიყურადების პრობლემურობა, ასევე ამ პრობლემაზე რეაგირება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

 

“სამწუხაროდ, ახლა ორივეს შემოქმედი თვითონ არიან - ფარულადაც უთვალთვალებდნენ, როგორც ჩანს, და 2012-დან 2014 წლამდე თვითონვე გამოიძიეს ეს საკითხი კომისიის და არა რომელიმე საგამოძიებო უწყების ფორმატით. ასე რომ, “ოცნებამ” ყველაზე კარგად უნდა იცოდეს ამ პასუხისმგებლობის ფასიც და შესაბამისი რეაგირებაც შეძლოს. მთავარია, სისტემურად მოწესრიგდეს ეს ყველაფერი. სხვათა შორის, სისტემური მოწესრიგების გადაუდებელ აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2013 წელს მიუთითებდა “ქართული ოცნების” მიერ საქართველოში ჩამოყვანილი ტომას ჰამარბერგი. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მან “ოცნებას” მისცა კონკრეტული დოკუმენტი და რჩევები, რომლებიც სისტემურ რეკომენდაციებს ითვალისწინებდა, მაგრამ არ მგონია, თავიანთივე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაცია გაეთვალისწინებინათ, თორემ ყოველწლიურად ასეთი შემთხვევები არ გვექნებოდა,” - დასძენს ლევან ალაფიშვილი.

წაკითხვა 351 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.