"სააკაშვილის ციხეში ჩაჯდომა ივანიშვილისთვის დიდი პრობლემაა - ნაღმი, რომელზეც ზის" - პოლიტიკური რეალობა საქართველოში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში 8 წლის შემდეგ დაბრუნდა. პირველ ოქტომბერს, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს. 

"მინდა ჩვენ საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო",-განაცხადა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, "ოცნების" ხელისუფლებამ დააკავა. 

 

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი 1 ნოემბერს მოინახულა საპყრობილეში, შენიშნა, რომ მისი მდგომარეობა, წინა შეხვედრასთან შედარებით, თვალშისაცემად დამძიმებულია:

 

„ძალიან რთულია იმის ყურება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. მისთვის უკიდურესად საჭიროა სამედიცინო დახმარება და იმ კლინიკაში გადაყვანა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამ დროისათვის მას 20 კილოზე მეტი აქვს უკვე დაკლებული. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“.

 

მესამე პრეზიდენტის შიმშილობასა და მისი ჯანმრთელობის გაუარესებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა საზოგადოებაში.

 

"ყველასათვის ცნობილია, რომ 30 წლის წინ ქართველმა ერმა დაიწყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, რაშიც იგულისხმებოდა ადამიანთა უფლებების დაცვა და ადამიანებზე/საზოგადოებაზე მორგებული ინსტიტუტების შექმნა, რომლებიც აღიარებული და მიღებული იქნებოდა ცივილიზებულ სამყაროში. სამწუხაროდ, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო საქართველომ ეს ვერ შეძლო და 30 წლის შემდეგ ისევ მთავარ გამოწვევად რჩება თანამედროვე მსოფლიოში აღიარებული ინსტიტუციების არარსებობა ქვეყანაში. სწორედ ამის შედეგია დღეს პოლარიზებული და გახლეჩილი საზოგადოების არსებობა, - ამის შესახებ FirstNews.ge -თან საუბარში Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი, - ფრიდონ შუბითიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, საზოგადეობის სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მომავალზე გათვლილი მიმართულებების ჩამოყალიბებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამართული და საერთაშორისოდ აღიარებული სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, ასეთი სისტემის ჩამოუყალიბებლობის გამო, დღეს, ქვეყანაში გვაქვს განსაკუთრებული პოლარიზაცია.

 

"ქართველი ხალხის დიდი ნაწილი არ ემხრობა საქართველოში სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ამას ემატება ისიც, რომ არც ერთი ცივილიზირებული ქვეყანა არ აღიარებს და საერთოდ უგულებელყოფს საქართველოში მიღებული მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი ასეთია მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიღებული სასამართლო განაჩენი, რომელიც არ არის აღიარებული არც ერთი ქვეყნის მიერ.

 

დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე:

1. ერთი გზა არის პოლარიზაციის გაგრძელებისკენ, რასაც დიდი ალბათობით მოჰყვება სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა და სახელმწიფოს სრული ჩამოშლა.

2. მეორე და სწორი გზა არის ერში ნდობის დაბრუნება, მისი გაერთიანება სახელმწიფოს მომავლის გარშემო და ჩვენი ადგილის დაკავება ცივილიზებულ სამყაროში.

დღევანდელი მოცემულობა- მე-3 პრეზიდენტის საქართველოში ყოფნა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას საქართველო წავიდეს სწორი გზით. ამისათვის საჭიროა ყველამ გადავდოთ პირადი ამბიციები და ვიფიქროთ სახელმწიფოებრივად.

 

კერძოდ:

1. საქართველოს მთავრობამ უნდა მოიწვიოს საერთაშორისოდ აღიარებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე, მიუკერძოებელი მოსამართლეები დასავლეთის ქვეყნებიდან. ეს უნდა იყოს მისაღები ორივე მხარისათვის. ამის გარეშე ერი ისევ გაიხლიჩება და ეს პოლიტიკური დაპირისპირება გაგრძელდება უსასრულოდ.

2. ყველა დაზარალებულის ბრალდება პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ უნდა იქნეს მიღებული, მოსმენილი და დასაბუთებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი დასავლელი იურისტების მეირ.

3. მოხდეს სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია. დაზარალებულებს და/ან მათ ადვოკატებს უნდა მიეცეთ საშუალება პირდაპირ დაუსვან კითხვები პრეზიდენტს. რა თქმა უნდა პრეზიდენტსაც უნდა ჰქონდეს სრული პასუხის გაცემის უფლება. დაზარალებულების იურიდიული მომსახურეობის ხარჯები უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ.

4. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და საქართველოს სახელმწიფოს სწორი გზით განვითარებისათვის საქართველოს მთავრობამ დაუყონებლივ უნდა გადაიყვანოს პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში, რისი უამრავი მაგალითი გვაქვს მსოფლიოში და დაიცვას მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

 

ჩემი აზრით, დროა დავადგეთ სახელმწიფოს მშენებლობის სწორ გზას. ხალხმა გაიგოს ჭეშმარიტება და გაერთიანდეს სიმართლის გარშემო. ეს იქნება ერის პოლარიზაციის დამთავრების და სახელმწიფოს განვითარების მყარი საფუძვლები ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის,"- აცხადებს ფრიდონ შუბითიძე.

 

შიმშილობის გამო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც 8 ნოემბერს ის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 18 ნოემბერს კი, ადვოკატებთან შეხვედრისას სააკაშვილმა გონება დაკარგა, რის შემდეგაც მას იუსტიციის სამინისტრომ გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილი ამ წინადადებას დასთანხმდა და ის უკვე კვირაზე მეტია იქ მკურნალობს.

 

რა წონა შესძინა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ, მის პოლიტიკურ კარიერას? ამ და სხვა საკითხებზე FirstNews.ge- "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ესაუბრა.

 

- ჯერ კიდევ ამა წლის სექტემბერში, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის პერსპექტივას სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან ამისთვის არ იყო მომზადებული პრაქტიკული და სამართლებრივი ნიადაგი. მისივე პარტიის თავმჯდომარე ამბობდა, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, სააკაშვილი რას აპირებს, არ ვიცი და ამას ჩვენს გეგმებზე გავლენა ვერ ექნებაო. საუბრობდნენ იმაზე, გადაწყვეტდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას პოლიტიკური დევნის პირობებში, მაგრამ არავინ საუბრობდა, რომ პრობლემა იყო თავად პოლიტიკური დევნა, როგორც ასეთი, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს. სინამდვილეში, სწორედ ეს თემა უნდა ყოფილიყო დღის წესრიგის პირველი საკითხი საქართველოს მეგობრებთან ყოველი საუბრისას.

ამას ემატება ისიც, რომ სექტემბერში განხორციელებული ვიზიტებისას, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია ყველა შეხვედრაზე იყო საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავება.

ამ ფონზე, სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, არსებობდა მოვლენათა განვითარების მხოლოდ ორი ვარიანტი: მშვიდობიანი რევოლუცია ან ივანიშვილის რუსული ციხე.

განსხვავებით 2003 წლისგან, სახალხო რევოლუციების სცენარისთვის რუსეთი და მისი ვასალი რეჟიმები კარგად არიან მომზადებული, როგორც ეს სულ ბოლოს ბელარუსის და ლუკაშენკოს მაგალითმა გვიჩვენა. ანუ რევოლუციის ალბათობა იყო უკიდურესად დაბალი. მეორე მხრივ, სააკაშვილის ციხეში ჩაჯდომა არავის სურდა - არც დასავლეთს და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ივანიშვილს, რადგან ეს მისთვის დიდი პოლიტიკური პრობლემაა - ნაღმი, რომელზეც ზის.

მიუხედავად ამისა, მოხდა ის, რაც მოხდა. სააკაშვილი ჩამოვიდა, მისი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა გრძელდება, ხოლო 50-დღიანი შიმშილობისას მან შეძლო და მსოფლიოს ყურადღება მიაპყრო ოლიგარქიული რეჟიმის არაცივილიზებულ სახეს.

საქართველოში ამ ნაბიჯმა ცალსახად გაზარდა მის მომხრეთა რიცხვი და კიდევ უფრო ნაკლებად ელექტორალური გახადა დანარჩენი ოპოზიცია, რომლის დიდი ნაწილი ღიად ან ფარულად „ანტიმიშაა“.

 

რაც შეეხება საერთაშორისო კონტექსტს, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ასეთი კეთილშობილური, მაგრამ თავგანწირული ნაბიჯები - ვაბანკზე წასვლა გეგმა „ბ“-ს გარეშე - ისე არ რეზონირებს, როგორც ჩვენში. გამოხმაურებები არის, მაგრამ არა ისეთი და არა იმ ტიპის, როგორსაც ვისურვებდით. საუბარი იყო სააკაშვილის მიმართ ჰუმანურ მოპყრობაზე, მის საავადმყოფოში გადაყვანაზე, პროცესებზე დასწრების უფლებაზე, სამართლიან სასამართლოზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შეგნებული ან უნებლიე დაცინვაა ჩვენი ხალხის. რა სამართლიან სასამართლოზეა საუბარი ივანიშვილის პირობებში? ან როგორ შეიძლება ითხოვდე პოლიტიკური პატიმრისადმი ჰუმანურ მოპყრობას, მაგრამ არა მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას?

 

თუმცა, მსგავსი რამ ვიხილეთ რუსეთის შემთხვევაშიც, როცა ევროპელებმა და ამერიკელებმა პუტინს უთხრეს, იმედია, ნავალნი ციხეში არ მოკვდებაო. აი, ასეთ რთულ ვითარებაში ვართ და ასეთ საერთაშორისო ფონზე გვიწევს საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა...

 

- რამდენად მართებულია, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესებზე არ ასწრებს? რასთან გვაქვს საქმე? ეშინიათ?

- ცხადია, ძალიან ეშინიათ და ამას პირდაპირი ტექსტით ამბობს რეჟიმი. ეშინიათ საკუთარი ხალხის, ეშინიათ იმ ემოციური მუხტის, რომელიც სააკაშვილის გამოჩენამ შეიძლება გამოიწვიოს და აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოებაში. სამართლებრივად, რეჟიმის ასეთი საქციელი არც ერთ ნორმაში არ ჯდება და ამის შესახებ „ოცნებას“ საკმაოდ ბევრი „მოხვდა“ უცხოელებისგან. სწორედ ამიტომ, ვგონებ, ეს ვითარება მალე შეიცვლება და ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს ამის გაკეთება. სააკაშვილს დაასწრებენ საკუთარ პროცესებს და ამას გაასაღებენ, როგორც დათმობას. დადგამენ სამართლიანი სასამართლოს შოუს, როგორც არაერთხელ დაუდგამთ. თუმცა ჩვენთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში დემოკრატია და თავისუფლება გვინდა რომ იყოს, ეს ნუგეში ვერ იქნება. ბევრად მეტია საჭირო.

 

- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე სწორი გამოსავალი სააკაშვილის მიმართ? როგორც იურისტმა რომ განგვიმარტოთ.

- ძნელია იურიდიული ცნებებით საუბარი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. სამართლებრივი სახელმწიფო რომ ვიყოთ, ან სააკაშვილი არ იჯდებოდა ციხეში, ან ივანიშვილი იჯდებოდა უვადო პატიმრობაზე.

ცხადია, ხალხის ნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, გამოსავალი, ვგონებ, საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშია. მან უნდა მოითხოვოს სააკაშვილის გათავისუფლება ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების მუქარით. ეს არის ერთადერთი სწორი და ეფექტიანი გზა. ყველა სხვა გზა ან კულუარული გარიგების შედეგი იქნება (როგორიც იყო ივანიშვილისა და პოროშენკოს ფარული შეხვედრა რამდენიმე წლის წინ შეკვეთილში) ან - ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა, რაც საშუალო ხნიან პერსპექტივაში რეგიონში ევროპისა და ამერიკის ინტერესებისთვისაც ცუდი იქნება.

 

რა შეიცვალა საქართველოში პოლიტიკურად, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკშვილი ჩამოვიდა?

რას უნდა ველოდეთ სამომავლოდ?

შესაძლოა თუ არა რევოლუციური სცენარის განვითარება?

 

ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის მათე ჩაფიჩაძის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლამ პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. მისი ჩამოსვლის ფორმამ და დრომ განაპირობა ის, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას.

 

"ამ ორმა პარტიამ დააგროვა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა და დააკომპლექტეს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოები. სააკაშვილის დაჭერას ქუჩის საპროტესტო აქციები, დაუმორჩილებლობა და პარლამენტის ბოიკოტი მოჰყვა. ამით ფაქტობრივად შარლ მიშელის დოკუმენტის შეჩერება მოხდა.

 

დღეს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ღონეს იხმარს, იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადოს ამის პოლიტიკური ფასი. ეს ვლინდება საპარლამენტო ბოიკოტში. ასევე ვუყურებთ, რომ საკრებულოებში ბიუჯეტის დამტკიცების დროს ოპოზიცია კრიტიკულია და ძირითადად მიმართულია იმისკენ,რომ ეს პროცესები სათავისოდ გამოიყენოს.

 

საგარეო ასპარეზზეც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობიდან გმომდინარე საერთაშორისო თანამეგობრობამ კრიტიკული შეფასებები გააკეთა,"-განაცხადა მათე ჩაფიჩაძემ.

 

როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.

 

"თუ სააკაშილი ჩამოვიდა რევოლუციისთვის, მაშინ ის მარტო ამ პროცესებს წესით, არ უნდა აორგანიზებდეს. ეს ჯანსაღ მსჯელობას მოკლებულია, რადგან არც გამოძიებისგან გაგვიგია მსგავსი საორგანიზაციო საკითხების შესახებ. ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენჯერმე შეძლო მასშტაბური აქციის მოწყობა, რესურსი იმისა, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს რევოლუციაში  და პანდემიიდან გამომდინარე ძნელად სავარაუდოა. ხელისუფლება კი ძალიან კარგად იყენებს ადმინისტრაციულ რესურს, რომ ისინი არ ჩაერთვნენ ოპოზიციურ ფლანგზე. რევოლუციის ნაცვლად უფრო მეტად მოსალოდნელია პოლიტიკური კრიზისები. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ სააკაშვილი იქნება ციხეში და არ მოხდება გარკვეული პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა, თუ როგორ უნდა მოხდეს პატიმარ სააკაშვილის გამოშვება ან სამკურნალოდ გაგზავნა საზღვარგარეთ.

 

ვფიქრობ, რომ იქნება დაუმორჩილებლობის აქციები და „ქართული ოცნება“ რბილი ძალითა და კონტრაქციებით უპასუხებს ამ ოპოზიციურ ამბოხს,"- განმარტავს მათე ჩაფიჩაძე.

 

იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრი - ბექა ძოწენიძე ფიქრობს, რომ რთულია პოლიტიკური მოვლენების განვითარების პროგნოზირება.

 

"მიხეილ სააკაშვილმა თავისი დაბრუნებით ნათლად აჩვენა, რომ, რაც თქვა ის ცალსახად და ერთ მნიშვნელოვნად შეასრულა. ხოლო ის პოლიტიკოსები, რომლებიც აქტიურად გვიმტკიცებდნენ იმას, რომ ის აქ ვერასდროს ჩამოვიდოდა, (მათ შორის ვიდეოს გავრცელების შემდგომაც ამბობდნენ ამას) მათი განაჩენი მათსავე ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული.

 

რთულია პოლიტიკური მოვლენების განვითარების პროგნოზირება, რადგან ჯერ კიდევ მბჟუტავი ინსტიტუციების სიცოცხლისუნარიანობა ყოველდღიურად იწურება. შეიძლება იმის თქმაც, რომ ოცნების არა თანმიმდევრულმა და ამავდროულმა გეგმაზომიერმა ნაბიჯებმა ქვეყნის ინსტიტუციების ჩამოშლისა და რუსეთთან "მიერთების" ტალღებმა უკვე რამდენჯერმე წაგვლეკა. არაფერს ვსაუბრობ პანდემის მართვის სრულ კრახზე - ამაზე ყოველდღიური სტატისტიკაც შესანიშნავად მეტყველებს და რუტინად ქცეული პანაშვიდები.

 

ფაქტი ერთია, საქართველოს უახლესი ისტორიის შემოქმედის, მიხეილ სააკაშვილის დაჭერის უმთავრესი მოტივი შეთითხნილი იურიდიული "ზღაპრები" კი არა, არამედ რუსეთის გახარებაა. შესაბამისად, ზედაპირზეც შესანიშნავად ჩანს, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი და, რეალურად, პრობლემა კომპლექსური და მრავალ ასპექტოვანია. ობიექტურად უნდა ითქვას ისიც, რომ სერგო ორჯონიკიძეების ნაკლებობას არცერთი ფლანგი განიცდის: არც პოზიცია და არც ოპოზიცია.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პრობლემა რუსეთია. ამ საქმეში კი "ოცნება" მათი ერთ-ერთი ინსტრუმენტია და არა ერთადერთი.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, რომ პოლიტპატიმარია და ამ საკითხის სხვაგვარად დაყენება არა ეთიკურიც კი არის,"- აცხადებს ჩვენთან საუბარში სტუდენტი ბექა ძოწენიძე.

 

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. აღნიშნულ სხდომას პირველად, თავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი ესწრებოდა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან მოსახლეობას თითქმის ერთ საათიანი სიტყვით მიმართა და არაერთ საკითხს შეეხო.

 

„ახლა ამ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ ეს შენობა ავაშენე, ეს დროშა დავკიდე, ეს გერბი შევქმენი, ეს ჰიმნი ჩამოვაყალიბე და, რაც მთავარია, შევქმენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს არ ჰქონდა ასწლეულები, მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში? ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს,“- განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზში.

 

მისი თქმით, მთელი მსოფლიო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ ახლა მას სასამართლო დარბაზში შუშის მიღმა მყოფს უწევს მოსახლეობისთვის მიმართვა და არ აქვს შესაძლებლობა „მის მიერ აშენებულ ქვეყანაში“ იაროს და საქართველოს განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.

 

როგორც სააკაშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, ის რაც მის ირგვლივ ხდება, რუსული კომბინაციაა.

 

„7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?!

 

შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა თავისი მოწოდებით?! მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში. საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. 2006 წელს პუტინმა მითხრა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს,“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

(სტატია მოვლენების განვითარების პარარლელურად მზადდებოდა)

წაკითხვა 1477 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 29 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.