"ხელისუფლება თუ "ნაციონალებს“ შეურიგდება, ამით მხოლოდ მათ გააძლიერებს და მხარდამჭერებს გაანაწყენებს"
"დიდი გადატვირთვა“ - სააკაშვილი კვლავ ეროვნულ შერიგებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა კატასტორფულ სიტუაციაშია და მას სხვა გამოსავალი არა აქვს.
ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ სააკაშვილი, პირველ რიგში, ქართველ ხალხს უნდა შერიგდეს და ის დანაშაული მოინანიოს, რომელიც პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა. პოლიტიკური მიმომხილველი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა თავიდან გახდა ფაქტორი, თუმცა დღეს ეს ფაქტორიც აღარ მუშაობს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხელისუფლება თუ "ნაციონალებს“ შეურიგდება, ამით მხოლოდ მათ გააძლიერებს და მხარდამჭერებს გაანაწყენებს
"ექსპრეზიდენტი კი ციხის საკნად ქცეული პალატიდან ისევ დიდ გადატვირთვასა და საყოველთაო ამნისტიაზე საუბრობს. "ივანიშვილი ახლა არის კატასტროფულ სიტუაციაში - ყველაზე მაღალი ფასების ზრდა საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მაღალი საბანკო კრედიტების გასტუმრების განაკვეთები, ყველაზე ინტენსიური გადინება სამუშაო ძალის, პრაქტიკულად წაგებული ბოლო სამი არჩევნები - ე.ი. სრული დელეგიტიმიზაცია. მინიმუმამდე შემცირებული მხარდამჭერთა ბაზარი და როგორც არასდროს ერთიანი ოპოზიცია. ასევე, რაც უმნიშვნელოვანესია - რეჟიმის ყველაზე დიდი საერთაშორისო იზოლაცია და უფრო მძაფრი კრიტიკა, ვიდრე ნებისმიერ პერიოდში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. რას შვრება ივანიშვილი? - აძლიერებს დამსჯელ რაზმებს, ახალისებს კრიმინალს და ცდილობს პატარ-პატარა თემების შემოგდებით, ორი მთავარი თემისგან ყურადღების გადატანას: რიგგარეშე არჩევნებისგან და ჩემი გათავისუფლებისგან. იგივე რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემ შემთხვევაში - საავადმყოფოში გადაყვანის. ასევე, იქირავა "ექსპერტები“, რომელთა მთავარი თემაა, რომ თურმე სააკაშვილის თემა ხელს უშლის ოპოზიციის ძირითად პროგრამას”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა. ამ ყველაფრით მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციისა და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად, ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად. რით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ? - პირველ რიგში, არ უნდა წამოვეგოთ მთავარი მიმართულებიდან გადაყვანას. მეორე, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ხალხს, რაზე ვთანხმდებით. ჩემი აზრით, ეს არის დეცენტრალიზაცია, ე.ი. ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და მეორე მხრივ, თავისუფლება - არჩევანის, სასამართლოს, პროკურატურის, მედიისა და თავისუფლება ძალადობისგან. ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით - არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში, იმისათვის, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს. საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა. ძალა ერთობაშია!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. "უტიფრობაა, როცა ადამიანს, რომელიც ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა, თავად არ უნდა, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე, აცხადებს ამის პასუხად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, სააკაშვილი ეძებს გზებს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს. "ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა პასუხი აგოს საკუთარი ქმედებებისთვის და ყველანაირ გზას ეძებს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს. ეს ადასტურებს ორ რამეს - ეს არის ადამიანის პოლიტიკური და სამართლებრივი უმწიფრობის მაგალითი, როცა ადამიანს აქვს მზაობა რომ ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ არ უნდა ამაზე პასუხი აგოს და მეორე - ეს არის უტიფრობა, როცა ადამიანი, რომელიც ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა და ნულოვანი ტოლერანტობა როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკა მასთან არის ამ ქვეყანაში იდენტიფიცირებული, თავად არ უნდა, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე, რომელიც დადასტურებულია სამი ინსტანციის სასამართლოთი და ასევე სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც”, - განაცხადა პაპუაშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.
"არავის სჯერა მისგან ნათქვამი შერიგების - როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილი რასაც ამბობს დღეს, ხვალ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, სამაგიეროს არ გადაუხდის იმ ხალხს, ვინც ციხეში ჩასვა?! - თქვა "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოება უნდა დააჯერონ, რომ პარტია რევანშისთვის არ მოდის. "შერიგებას რაღაც ფორმით სამართლიანობის აღდგენაც სჭირდება და ეს სამართლიანობის აღდგენა პირველ რიგში გულისხმობს პასუხისგებას ადამიანების - ვიღაცას მორალურის, ვიღაცას სამართლებრივის, ვიღაცას საზოგადოებრივის - როდესაც გამოდიხარ და ამაზე გულწრფელად საუბრობ და ხალხი ხვდება, რომ შენ ეს გაწუხებს, შენს მიერ დაშვებული შეცდომები გაწუხებს. დღეს ამას ჩვენ ვერ ვხედავთ და უფრო მეტსაც გეტყვით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და მისი პარტიის გზავნილები ამის შემდეგ აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგოა, ანუ ესენი თანხვედრაში არ მოდის. ის ამბობს - "დიდი ეროვნული შერიგება“ და "ნაცმოძრაობაში“ - ვის უნდა შევრიგდეთ, ეგენი ვინ არიან და ჩვენ ვართ ვინცა ვართო. სააკაშვილი ჩემთვის არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის სასჯელს იხდის ჩადენილი დანაშაულებების გამო. მთავარია ადამიანმა აღიაროს თავისი დანაშაული, თუ შეცდომა და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ შერიგებაზე, რაღაც ტიპის ურთიერთობების დათმობაზე. არავის სჯერა მისგან ნათქვამი შერიგების - თქვენ როგორ ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილი რასაც ამბობს დღეს, ხვალ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, სამაგიეროს არ გადაუხდის იმ ხალხს, ვინც ის ციხეში ჩასვა?! ამის არ გვჯერა და ეს უნდა დააჯეროს მან ადამიანებს“, - განაცხადა იოსელიანმა”, - დასძენს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი "რეზონანსთან“ აცხადებს, რომ როდესაც ხელისუფლება მთლიანად პოლიტიკურ პროცესს აკონტროლებს, საეჭვოა, რომ ასეთ გარიგებაზე წავიდეს. მიაჩნია, რომ ოპოზიცია ახლა ჩიხში მოექცა, ხედავს, რომ ნორმალური, მომგებიანი სვლა არ აქვს, ამიტომაც გარკვეულ გზებს ეძებს, რათა ამ ჩიხიდან გამოვიდეს. "ოცნება“ უარეს დღეშიც ყოფილა და ასეთი მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს. მსგავსი იდეები ამ 30 წლის განმავლობაში 30-ჯერ მაინც იყო სხვადასხვა რაკურსით, ჯერ კიდევ "ეროვნული მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირების მოგვარების მიზნით. ოპოზიციის იდეა გასაგებია, რადგანაც ის, სამწუხაროდ, ჩიხში მოექცა. ხედავს, რომ ნორმალური, მომგებიანი სვლა არ აქვს. მოსახლეობა ოპოზიციას აღარ ეენდობა. ეს ყველაფერი კი ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამს. ახლა რატომ უნდა მიიღოს ეს იდია ხელისუფლებამ, როცა ოპოზიციას ქუჩაში ვერც ხალხი გამოჰყავს და ათასი პრობლემა აქვთ? სააკაშვილის ჩამოსვლა თავიდან გახდა ფაქტორი, თუმცა დღეს ეს ფაქტორიც აღარ მუშაობს. ოპოზიცია ამ ვითარებიდან გამოსავალს ეძებს და ხელისუფლებას შერიგებას სთავაზობს. თუ რეალურად შევხედავთ, ელექტორატში დაპირისპირება არ არის. ადრე უფრო მძარი დაპირისპირება იყო საზოგადოებაში - დღეს ეს არ არის. დაპირისპირებაა პოლიტიკურ ელიტებს შორის და ბრძოლა მიდის ძალაუფლების შენარჩუნებასა და მოპოვებაზე. ამ ბრძოლაში კი როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს, მოსახლეობა აღარ ერევა“, - ამბობს ძაბირაძე. მისივე თქმით, დღეს პოლიტიკურ პროცესს ხელისუფლება წარმართავს, ამიტომაც თუ ის ამ შეთავაზებაზე წავა და "ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააძლიერებს. რაც შეეხება ზოგიერთი ოპოზიციონერის შეხედულებას, რომ ფართომასშტაბიანი ამნისტია "ოცნებისთვის“ მომგებიანია, როდესაც ისინი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, ძაბირაძის თქმით, ოპოზიციის ეს ნაწილი აბსურდულ, ლოგიკასთან დაშორებულ რაღაცებზე საუბრობს”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი