“თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, 99%-ით საქართველოშიც შემოვა...”
“ხელისუფლება და ოპოზიცია ვერა და ვერ შეთანხმდნენ უკრაინის მხარდასაჭერად მომზადებულ საპარლამენტო რეზოლუციის ტექსტზე და ამის პარალელურად “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (ენდიაი) გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
ამ კითხვას პასუხად “არ ვიცი” გასცა 41%-მა. ყველაზე კარგი მაჩვენებელი “ქართულ ოცნებას” აქვს, ის რესპონდენტთა 24%-მა დაასახელა, “ნაციონალურ მოძრაობას” კი ასეთ პარტიად 9% მიიჩნევს. კვლევის მიხედვით, რომელიც 2021 წლის 7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. სწორედ ამ შედეგების გაანალიზებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, 99%-ით საქართველოშიც შემოვა...”
“რაღა დაგიმალოთ და, ჩვენი პოლიტიკური ელიტის ბოლოდროინდელი მოქმედებების გათვალისწინებით კიდევ კარგი რეიტინგებია. კატასტროფულია შედეგები, მაგრამ უკეთესი რატომ იქნებოდა ვითომ? მოყოლებული საპარლამენტო არჩევნებიდან, ოპოზიციის მთავარი თემა იყო ერთი - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა იმ მოტივით, რომ 2020 წელს არჩევნები გაყალბდა. ოქტომბრიდან ამას დაემატა მეორე თემა - მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და დაპატიმრება. შედეგად, ოპოზიციას გაუჩნდა ახალი მოთხოვნა და მიზანი: მისი ციხიდან დახსნა. ეს ორი საკითხია კვლავაც ოპოზიციისთვის მთავარი. გეკითხებით, ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას, გარდა პარტიული ელიტის ან მასთან დაახლოებული წრისა, აინტერესებს ეს თემები? არა და არა, ჩვენს საზოგადოებას აქვს სულ სხვა პრობლემები, ოპოზიცია კი ორი წელიწადია სულ სხვა რამეს ლაპარაკობს და აკეთებს. ეს შეეხება ოპოზიციურ მედიასაც, რომელიც მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და იმის იქით ვერაფერს ხედავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გამართვა გადაწყვიტა ანალიტიკოსები ვამბობდით, რომ ოპოზიციას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, ერთ ქვაბში რომ არ მოხარშულიყო. ვგულისხმობ, წვრილ პარტიებს, რომელთაც 2020 წლის არჩევნებმა შანსი მისცა, მაგრამ თვითონ ყველაფერი გააკეთეს, რომ საზოგადოების თვალში ქცეულიყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” დანამატად. ამიტომაც გაქრნენ ამ გამოკითხვიდან. რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქაც იგივე ხდება. თუ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შევაფასებთ, იბადება კითხვა, რატომ უნდა ჰქონდეს ამაზე მაღალი რეიტინგი? რა შესთავაზა ბოლო ხანს საზოგადოებას ისეთი, რაც პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს მოსახლეობას მცირედით მაინც მოუგვარებდა? - აბსოლუტურად არაფერი”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ქართულმა ოცნებამ” მოახერხა და დარჩა ხელისუფლებაში, დარჩა ისევ იმ მუქარის საფუძველზე, მე თუ არ ვიქნები, მოვა “ნაციონალური მოძრაობა” და იმაზე უარესად იქნებით, ვიდრე დღეს ხართო, ანუ მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთ ქვაბში იხარშება - ერთნი ხელისუფლების როგორმე შესანარჩუნებლად, მეორენი კი როგორმე მის მოსაპოვებლად. პრობლემებზე არავინ ფიქრობს. ვიმეორებ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს შედეგები კიდევ უკეთესია. თუ უფრო ღრმად შევეცდებით იმის გაანალიზებას, თუ ვინ არიან “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, მარტივად მივალთ დასკვნამდე: “ქართული ოცნების” მხარდამჭერ 24%-ს, ძირითადად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული რესურსი და ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც დაფინანსებას სახელმწიფო ტენდერებიდან თუ სხვა გზებით იოლად იღებს, რადგან “ქართულ ოცნებასთან” დალაგებული ურთიერთობა აქვთ. “ნაციონალური მოძრაობის” 9%-ს კი შეადგენს ასევე ყოფილი ადმინისტრაციული რესურსის ნაწილი, რომელიც თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, და ბიზნესის ის ნაწილი, რომელმაც “ოცნების” ხელისუფლებასთან ვერ დაალაგა საქმე”, - განმარტავს ექსპერტი.
“სამწუხაროდ, ლაპარაკობენ ერთს და იქცევიან ისევ ისე, როგორც აქამდე იქცეოდნენ. მაგალითად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღემდე ვერ გადაწყვიტა, შევიდეს თუ არა პარლამენტში. თუ სააკაშვილს მოვუსმენთ, თურმე ამ რეიტინგებმა აჩვენა, რომ საკმარისია აქციები დაიწყოს და ხელისუფლება ჩამოიშლება. ეს შეფასება კატასტროფული და ყოვლად არაადეკვატურია. ხელისუფლებას, ამ გაუბედურებულ რეიტინგშიც კი, თითქმის სამჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას”. მელიას სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მაინც სრულიად გაუგებარია ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები. სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ და გააანალიზონ, რამ განაპირობა ეს შედეგები, რატომ დაკარგეს მოსახლეობის მხარდაჭერა და დასკვნა გამოიტანონ. ლაპარაკი, ერთმანეთის კრიტიკა თუ თვითკრიტიკა გასაგებია, მაგრამ ახლა სტრატეგიის შემუშავება და ქმედებაა საჭირო. არასდროს მითქვას, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ქუჩის პროტესტი არ უნდა გამოიყენო, მაგრამ მხოლოდ ქუჩით შედეგის მიღწევა არ გამოდის, მით უფრო, რომ საზოგადოებას არ სჯერა ქართული ოპოზიციის, არ გადის მის დაძახილზე ქუჩაში, ამიტომ ყველა ინსტრუმენტია გამოსაყენებელი. ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ _ როდესაც შედიხარ პარლამენტში, პარლამენტში ქუჩა არ უნდა გადაიტანო, იქ საპარლამენტო წესებით უნდა იბრძოლო”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
“თუ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ინტელექტუალურად, სწორი პოზიციით და ასე შემდეგ გაცილებით ძლიერია, ვიდრე სახელისუფლებო გუნდი, მაშინ ეს უნდა აჩვენოს პარლამენტში. აქაც ზომიერებაა აუცილებელი - თუ ძლიერია ოპოზიცია, მან უნდა აიძულოს ხელისუფლება დაუშვას შეცდომები და მერე ეს გამოიყენოს. მაგრამ, როცა ოპოზიცია ხელისუფლებაზე მეტ შეცდომას უშვებს, რაზეა საერთოდ ლაპარაკი. საბოლოოდ კი შექმნილი ვითარებით ზიანდება ქვეყანა, რადგან სუსტი ოპოზიცია ნიშნავს ხელისუფლების სუსტ კონტროლს, რაც სახელისუფლებო გუნდისგან მცდარი ნაბიჯების გადადგმის საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის. პატარა ოპოზიციური პარტიები კი, ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდნენ, რა უნდათ, ან უნდა ადგნენ და შეუერთდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც შესაძლოა გამოსავალიც იყოს, ან ჩამოშორდნენ და მათი დღის წესრიგით აღარ იმოქმედონ. მოსახლეობამ უნდა დაიჯეროს, რომ ესა თუ ის პარტია `ნაციონალური მოძრაობისგან~ განსხვავებული ჯგუფია”, - თვლის რესპონდენტი.
“არის კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა, რაც ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს - კერძოდ, პოლარიზაცია არა პოლიტიკურ ძალებს, არამედ პოლიტიკურ მედიას შორის. ვფიქრობ, საერთოდ აცდენილია რეალობას ის, რასაც დღეს სატელევიზიო მედიის დიდი ნაწილი წარმოადგენს. ერთი მხრივ, არიან ოპოზიციური არხები, რომლებიც ქვეყნიერების დასასრულს გვიჩვენებენ ყოველდღე. ამ არხებზე ყველაფერი წაშლილია, ყველა თემა უმნიშვნელოა ხელისუფლების გინების გარდა, და არიან სახელისუფლებო არხები, რომლებიც სამოთხედ წარმოადგენენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და აგინებენ ოპოზიციას. ეს როდემდე შეიძლება გაგრძელდეს, არ ვიცი. არც ერთი და არც მეორე მხარე რეალობის მიზანმიმართულ გამრუდებას არ ერიდება. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დაინახონ, რომ პოლიტიკური თემების ინტერესი ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს დაკარგული აქვს, რასაც უფრო ამძაფრებს პოლარიზებული მედია, ეს კი ყველაზე მეტად აძლევს ხელს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს სახელისუფლებო ბერკეტი”, - აღნიშნავს ექსპერტი.
“დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ინერციით გრძელდება - კვლავ ლაპარაკობენ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე, თუმცა, მეორე მხრივ, ცდილობენ რუსეთთან ნეიტრალური პოლიტიკა აწარმოონ. თუ საგარეო კურსზე ვილაპარაკებთ, ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის იყო, რომ აცდენილი ვიყავით რეალობას - მას ან ვუსწრებდით, ან ჩამოვრჩებოდით. გამსახურდიას დროიდან, როდესაც გვითხრეს, დინების საწინააღმდეგოდ მიდიხართო, დღემდე ასე გრძელდება. აქ პრორუსობაზე არ არის ლაპარაკი, ჩემი აზრით, `ენდიაის~ ეს გამოკითხვაც კარგად აჩვენებს საზოგადოების განწყობას, რისი გათვალისწინებაც აუცილებლად მოუწევს ნებისმიერ ხელისუფლებას. სხვათა შორის, ჩვენი საზოგადოების რუსეთისადმი დამოკიდებულება ძალიან კარგად გამოაჩინა ე.წ. გავრილოვის ღამემ. ის, რაც წლების განმავლობაში ვერ შეძლო ოპოზიციამ და ვერ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, ეს შეძლო გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომამ, როდესაც ათასობით მოქალაქე საპროტესტოდ სპონტანურად გავიდა ქუჩაში”, - ამბობს ძაბირაძე.
“ხელისუფლებას შეუძლია მანევრირება, არ იყოს აქტიური, არ მოირგოს რუსეთთან პირველი მებრძოლის მანტია, როგორც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა, მაგრამ ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეესატყვისებოდეს რეალობას. შარშან “ქართული ოცნების” ეს პოლიტიკა გასაგებიც იყო და მეტ-ნაკლებად ადეკვატურიც, თანაც ეს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს არაფერს ვნებდა იმჟამად, მაგრამ დღეს ვითარება კატასტროფულად არის შეცვლილი. ძალიან მარტივი ანალიზია საჭირო იმის დასანახავად, რომ უკრაინაში რუსეთის წარმატება საქართველოსთვისაც უმძიმეს შედეგებს ნიშნავს და რას ვხედავთ ამ დროს? - საქართველოს ხელისუფლების უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის ტექსტს, რომელშიც რუსეთი ნახსენებიც არ არის, არადა, ამგვარი რეზოლუციების მიღებაც კი დაგვიანებულია უკვე, იმიტომ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში სამხედრო შეჭრას გადაწყვეტს, 99%-ით შეიძლება დავუშვათ, რომ პარალელურად ის საქართველოშიც შემოვა”, - ამტკიცებს რესპონდენტი.
“დასავლეთში არსებული განწყობიდან გამომდინარე, კრემლში კარგად ესმით, რომ ძალიან მძიმე დარტყმას მიიღებენ დასავლეთიდან ყველა მიმართულებით, სამხედრო დარტყმის გარდა. აქედან გამომდინარე, თუ წავლენ ვა-ბანკზე, ვითომ რატომ არ გადაწყვეტენ, რომ ბარემ საქართველოს საკითხიც მოაგვარონ?.. ამიტომ დღეს ენის მოჩლექით ლაპარაკი და ნეიტრალური პოზიცია ძალიან მცდარია. დღეს საქართველოს ხელისუფლება უნდა ყვიროდეს და დასავლეთს ელაპარაკებოდეს იმაზე, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შევა, საქართველოს არანაკლები საფრთხე დაემუქრება. ამას უნდა განვიხილავდეთ ყოველდღიურად ჩვენს პარტნიორებთან და ვემზადებოდეთ ყველაზე მძიმე სცენარებისთვის. ამის ნაცვლად პოლიტიკური სპექტრი მსჯელობს იმაზე, რუსეთი შეიტანონ თუ არა რეზოლუციაში. ის ტექსტი, რაც ხელისუფლებამ მოამზადა, ტრაფარეტია, რომელიც შეიძლება გამოიყენო ნებისმიერ კონტინენტსა და ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულობის დროს, მაგრამ უკრაინა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი შემთხვევაა. ამიტომაც ტრაფარეტული რეზოლუცია საკმარისი ვერ იქნება”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “დასავლეთის ნაბიჯების შემდეგ თითქოს კრემლის რიტორიკა მცირედ შერბილდა...” - პასუხობს:
“რუსეთის რიტორიკით იმის განსაზღვრა, რას მოიმოქმედებს ეს ქვეყანა, დიდი გულუბრყვილობა იქნება. რაც თავი მახსოვს, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე, რუსეთი სულ იმას ამბობს, როგორი მშვიდობის მოყვარული ქვეყანაა, თუმცა სრულიად საპირისპიროდ იქცევა. სულ ცოტა, 400 წელიწადია, რაც იმპერიას აშენებენ და ახლაც იმავეს ცდილობენ. გაუთავებლად მისტირიან საბჭოთა კავშირს. მიზეზს ომის წამოსაწყებად ყოველთვის მოძებნიან, თუმცა თუ ეს კრემლმა გააკეთა, რუსეთს ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში შეჭრა მარტივი გასეირნება რუსეთისთვის ვერ იქნება - გარდა იმისა, რომ ეს დიდი ქვეყანაა, რომელსაც ბრძოლის, მათ შორის პარტიზანული ბრძოლის დიდი გამოცდილება და დასავლური სახელმწიფოების მასშტაბური მხარდაჭერაც აქვს”.
“მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ჯერჯერობით თავს იკავებს და საფრანგეთის პოზიციაც არ არის ძალიან მკაფიო, თუ რუსეთი მართლაც შეიჭრა უკრაინაში, ვფიქრობ, მოკავშირეებს ეს ორი ქვეყანაც შეუერთდება. ვნახეთ, დიდმა ბრიტანეთმა რა მასშტაბური სამხედრო და ფინანსური დახმარება გამოუყო უკრაინას, ასევ აშშ-მა. იმის ალბათობა, რომ დასავლეთი სამხედრო ფორმით ჩაერევა კონფლიქტში, თითქმის გამორიცხულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისე რაზმები შეიქმნას დასავლეთში, განსაკუთრებით, პოლონეთში.…ომი მარტივი საქმე არ არის, მას დიდი სახსრები სჭირდება. შესაბამისად, დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს როგორ გაუძლებს რუსეთი, ძნელად სათქმელია. შეიძლება ისე გაიხლართოს მთელ ამ პროცესში, რომ თავი უდიდესი დანაკარგითაც ვეღარ დააღწიოს. უფრო მგონია, კრემლი აღიარებს დნეპრისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს და იქ შეიყვანს ჯარს... ამ ვითარებაში, ვიმეორებ, საქართველოს პოზიცია უნდა იყოს გაცილებით მკვეთრი. პანიკის დათესვა საჭირო არ არის, მაგრამ უნდა შევემზადოთ უარესი სცენარისთვის”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო