"უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და სანქციები არ არის ეფექტური საშუალება"

უკრაინაში ომის შემჩერებელი ვხედავთ, რომ დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშეა და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები დიდი რისკის შემცვლელი.

 

„დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი ვხედავთ, რომ დღეს არავინ არ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ისიც ვთქვათ, დღეს უკრაინაში ომობს უკრაინელი ჯარისკაცი და უკრაინის ჯარი, ამიტომ, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო არის დიდი გამოწვევების წინაშე და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები, ქმედება არის დიდი რისკის შემცვლელი. მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არაფერს გავაკეთებ, რაც შეეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის ინტერესს, არაფერს! მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ, მიუხედავად ოპოზიციის იმ ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა და რომლითაც ისინი სპეკულირებენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა 2008 წლის ომის პერიოდიც და აღნიშნა, რომ ომი საქართველოში მაშინდელი ხელისუფლების „უგუნურმა, გაუთვლელმა და ემოციურმა პოლიტიკამ“ გამოიწვია.

 

„კარგად გვახსოვს, როგორ დაკარგა ქვეყანამ ახალი ტერიტორიები და როგორ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი, რომელსაც რამდენიმე ხნით ადრე პროვოკაციულად დაარქვა „ზემო აფხაზეთი“. ასევე ჩააბარა ახალგორი და 100-ზე მეტი სოფელი. ათასობით ჩვენი მოქალაქე ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე დევნილად აქცია. ომის შედეგები ძალიან მძიმეა. ამას მოჰყვა ჩვენი ძირძველი ტერიტორიის აღიარება და ეს ტრაგედია რუსეთის ოკუპაციით დასრულდა. მინდა ყველას შევახსენო, რომ რუსეთის ჯარმა 2007 წელს დატოვა ქვეყანა და სულ რამდენიმე თვეში უგუნურმა, გაუთვლელმა და ემოციურმა პოლიტიკამ, პროვოკაციების ვერაცილებამ მიგვაღებინა ომი, უბედურება, ნგრევა. საბოლოო ჯამში ხალხი დაიჩაგრა. პოლიტიკოსებმა რა ქნეს? - გააგრძელეს მოღვაწეობა სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გააგრძელეს ქვეყნის ძარცვა, მკვლელობები, გაუპატიურება, ბიზნესის და ქონების წართმევა. კეზერაშვილი, რომელიც ომის დროს თავდაცვის მინისტრი იყო, ომის დროსაც კი რიცხავდა ოფშორულ ანგარიშებზე ჯარის, თავდაცვის ბიუჯეტის ფულებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 304 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.