„მსოფლიომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი არ უნდა დაუშვას“ - The Washington Post

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია მაიკლ მაკფოლის - ამერიკელი დიპლომატის (რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის) და პოლიტოლოგის (პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორის) - სტატია სათაურით „მსოფლიომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის პატიმრობაში  სიკვდილი არ უნდა დაუშვას“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

 

„იმ დროს, როცა მსოფლიოს ყურადღება სამართლიანად არის მიპყრობილი უკრაინაში მიმდინარე ვლადიმერ პუტინის ბარბაროსული ომისაკენ, რუსი ლიდერი ისევ აგრძელებს მადესტაბილიზებელ და ანტიდემოკრატიულ მოქმედებას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში. მათ შორის არის პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქართველო, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. 

 

ამჟამად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იტანჯება - ზოგიერთი ცნობით, სიკვდილს უახლოვდება. ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა ეს არ უნდა დაუშვან. ახლა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის მსოფლიო კამპანიის დროა - სწორედ საკუთარ სამშობლოში წარსულში დემოკრატიის მიზნის სამსახურისთვის.

 

ორი ათეული წლის წინ მანამდე თითქმის უცნობი მიხეილ სააკაშვილი ფართო პოლიტიკურ არენაზე გამოვიდა და დემოკრატიული გარღვევის მსოფლიო გმირად იქცა: 2003 წელს იგი გაუძღვა მშვიდობიან „ვარდების რევოლუციას“, რომლის შედეგად დაემხო კორუფციით ცნობილი რეჟიმი და ძალაუფლებაში მოვიდა პროდემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკის მხარდამჭერი ახალგაზრდა ლიდერთა ჯგუფი, რომლის მიზანიც საქართველოს ევროპისკენ წინსვლა იყო. 

 

როგორც ყველა რევოლუციას, „ვარდების რევოლუციასაც“ ჰქონდა სადავო საკითხები. სახელმწიფოს ძალაუფლების გამყარებითა და ენდემურ კორუფციასთან გამკლავებაზე მონდომებული მიხეილ სააკაშვილი ზოგჯერ დემოკრატიის ნორმებს არღვევდა. მაგრამ საქართველოს ზოგადი დემოკრატიული ტრაექტორია სააკაშვილის ეპოქაში ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა.

 

მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა პოსტსაბჭოთა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმები განახორციელეს. მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, სააკაშვილი ხელმძღვანელობდა ძალაუფლების გადაცემას მშვიდობიანი არჩევნების გზით - სწორედ ისე, როგორც ამას დემოკრატები აკეთებენ. 

 

დასავლეთის დემოკრატიული ლიდერები სააკაშვილს პატივს სცემდნენ, როგორც შთამაგონებელ დემოკრატსა და ეფექტიან რეფორმატორს. ვარდების რევოლუციის დროს გამოყენებული ზოგიერთი მეთოდი მომდევნო წელს უკრაინაში წარმატებით გაიმეორეს. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სააკაშვილთან ახლო პირადი ურთიერთობა დაამყარა. თბილისის ცენტრში ერთ-ერთ მთავარ ქუჩას აშშ-ს პრეზიდენტის სახელი დაარქვეს.

 

ჯო ბაიდენი, როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ქართველი ლიდერით აღფრთოვანებული იყო. (მათი ურთიერთობის მომსწრე გავხდი, როცა ბაიდენს 2009 წელს საქართველოში მგზავრობაზე მივყვებოდი, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი.). პატივისცემა გულწრფელად იყო გამოხატული, თუმცა, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილი უნაკლო ლიდერი არ იყო. მართალია, მან შეცდომები დაუშვა, მაგრამ მისი, როგორც „ქართული დემოკრატიის მამის“ მიღწევები ისტორიული იყო.

 

თუმცა, იყო ერთი უცხოელი ლიდერი, რომელსაც სააკაშვილი სძულდა. წარმატებული ქართული დემოკრატია სამხრეთ ფლანგზე იყო ანათემა იმ ყველაფრისთვის, რასაც პუტინი წარმოადგენდა და ის მიზანდასახული იყო, აღეკვეთა საქართველოს დასავლეთში მიღების სააკაშვილის მონდომება. რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით არ მოეწონა მისი განცხადებები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პუტინს საქართველოსა და უკრაინის ფერადი რევოლუციების სწორედ იმიტომ ეშინოდა, რომ ისინი რუსეთში მისი ავტოკრატიის ლეგიტიმურობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდნენ. 2008 წლის აგვისტოში პუტინმა საკუთარი განზრახვები საქართველოში შეჭრით გამოააშკარავა. ამას მოჰყვა ქვეყნის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, ბრიუსელში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე საუბრის გაყინვა.

 

როდესაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ, თბილისისკენ მიემართებოდნენ, ზოგიერთი მიხეილ სააკაშვილს სთხოვდა, რომ გაქცეულიყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როგორც გასულ წელს ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინაში, დარჩენა გადაწყვიტა. პუტინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, არ ეცადა სააკაშვილის დაკავება, მოკვლა ან საქართველოში მთავრობის სამხედრო ძალით გადაგდება, მაგრამ რუსეთის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტისთვის ძირის გამოთხრაზე ორიენტირებული დარჩა. (დღესაც, რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის ⅕ ოკუპირებული აქვს).

 

პუტინმა და მისმა მარიონეტებმა მალე გამოთვალეს როგორ გამოეყენებინათ დემოკრატიული ინსტიტუციები რუსეთის ლოალისტების ძალაუფლებაში მოსაყვანად, რასაც ხელმძღვანელობდა საქართველოში პუტინის მთავარი წარმომადგენელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი (რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და არა საქართველოში). ივანიშვილის პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის ძალისა და დამოუკიდებლობის გამოფიტვა, რამაც ქვეყნის დემოკრატია მკვეთრად შეასუსტა. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების კანდიდატებად ოფიციალურად გამოაცხადა, მაგრამ არა საქართველო. საქართველოს შემცირებული სტატუსის დრამატიზებას ამაზე უკეთ ვერაფერი შეძლებდა.

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა უფრო ავტოკრატიული და რუსეთის მიმართ მეგობრული გახდა, სააკაშვილი აქ საკუთარ როლს ვეღარ ხედავდა და უკრაინაში წავიდა, სადაც მას რამდენიმე თანამდებობა ეკავა, წარმატების სხვადასხვა ხარისხით.

 

თუმცა, ემიგრაციაში ცხოვრება სწორად არ მიაჩნდა. მას სურდა ეცადა საქართველოს მცოცავი ავტოკრატიის უკუქცევა. ასე რომ, 2021 წელს ის დაბრუნდა. ეს შეცდომა იყო. მთავრობამ ის სწრაფად დააკავა, "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" ბრალდებით და ამის შემდეგ ის დაკავებულია. მისმა იურიდიულმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ის შესაძლოა მოწამლული იყოს. ბოლო სურათებმა კლინიკიდან, სადაც ახლა ის იმყოფება, აჩვენა, რომ ის გამოფიტული და დაბნეულია.

 

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის დანარჩენ დემოკრატ ლიდერებთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა წამოაყენოს სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნა. ბაიდენმა და სხვებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე შეიწყალოს და საზღვარგარეთ მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ნება დართოს - ზომა, რომელიც უკვე მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაც გამოაცხადა.

 

სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე. ეს ვლადიმერ ზელენსკიზე უკეთ არავის ესმის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს მთავრობას ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებით "მოწყალების გამოჩენისკენ" მოუწოდა. ვლადიმერ ზელენსკი სწორად მოიქცა. აშშ-მა და ევროკავშირმა მას უნდა მიბაძონ. დღეს თავისუფალი სამყარო უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად ერთად დადგა. ასევე უნდა მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც - ზეწოლა უნდა მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 

 

წყარო

წაკითხვა 340 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.