სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი, სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს

უკრაინის წინააღმდეგ ომი არის შეხსენება, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერი, ანუ მხარდაჭერილი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებული საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად.

როდესაც ვიკრიბებით დღეს, ამ კიდევ უფრო რთულ დროს, უნდა განვამტკიცოთ მხარდაჭერა საერთო ღირებულებებისა და სოლიდარობის მიმართ, შევასრულოთ აღებული ვალდებულებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ „დემოკრატიის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არის სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს.

„მინდა, საქართველოს სახელით მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს გასულ წელს გამოთქმული ინიციატივისთვის და კიდევ ერთხელ ჩვენი მოწვევისთვის წელს, როდესაც დემოკრატიის დაცვა და კონსოლიდაცია საჭიროა ისე, როგორც არასდროს. ჩვენ შარშან უკვე აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგნენ როგორც დიდი ხნის წინ დამკვიდრებული დემოკრატიები, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მყოფი ქვეყნები. ყველას წინაშეა დესტრუქციული გამოწვევები პოლარიზაციის, დეზინფორმაციის სხვადასხვა ფორმის, პანდემიის, სოციალური დაძაბულობისა და დისკრიმინაციის, კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების სახით.

ეს გამოწვევები, რომლებიც ჩვენს საზღვრებს შიგნით თუ მის გარეთ ღვივდება, საბოლოოდ, ანადგურებს ხალხის ნდობას მათი მთავრობების, ინსტიტუტებისა და თავად დემოკრატიის მიმართ, თუმცა არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რომ მსოფლიო დადგებოდა უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის სახით, რომელიც წარმოუდგენელ ნგრევას, ტანჯვას, ადამიანთა დანაკარგს და ადამიანის უფლებების ჩამორთმევას იწვევს. უკრაინის წინააღმდეგ ომი ნამდვილად არის ომი დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად.

როდესაც ვიკრიბებით დღეს, ამ კიდევ უფრო რთულ დროს, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ურყევი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ღირებულებებისა და სოლიდარობის მიმართ და შევასრულოთ ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები.

საქართველომ, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და შიდა დაძაბულობის მიუხედავად, მიაღწია წინსვლას ორ ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით: დასრულდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა, მიღებულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული სამოქალაქო გეგმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები. მიუხედავად ამისა, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება, რაც დასახული პრიორიტეტია, ჩვენგან კვლავ სათანადო ძალისხმევას მოითხოვს.

მაშინ, როცა ეს ცვლილებები საქართველოს დეკლარირებული ვალდებულებების ნაწილი იყო და ახალი კანონების ან სამოქმედო გეგმების მიღებით მოგვარდა, ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.

ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი.

ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს. მინდა, გავიმეორო საქართველოს უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მტკიცე დაპირება და გამოვთქვა მზადყოფნა, ვითანამშრომლოთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან უფრო დემოკრატიული, მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობაში, რომელშიც საქართველო მოიპოვებს ადგილს, როგორც სანდო პარტნიორი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 261 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.