"მზად ვართ, უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოსთან"- ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან ყველა განზომილებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მადლიერია ალიანსის წევრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკურ გზაზე.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა გვესაუბრა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, განსაკუთრებით კი დღევანდელ ტურბულენტურ უსაფრთხოების სიტუაციაში, როდესაც ომია უკრაინაში, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა – ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, საქართველოს აქვს საკუთარი პრობლემა რუსეთთან მიმდინარე ოკუპაციის გამო. შესაბამისად, მადლიერი ვარ ამ შეხვედრისთვის.
ასევე, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი ძალისხმევისთვის, თქვენი პირადი ლიდერობისთვის, რომ გახადოთ ნატო ერთიანი, ძლიერი და კიდევ უფრო წინ წასული პარტნიორებთან ურთიერთობით. მე მადლიერი ვარ ალიანსის წევრების მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის. როგორც ერთ-ერთ სანდო და უნარიან პარტნიორს, საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და ეს ყველასთვის კარგად ცნობილია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად.
„ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას ბოლო 10 წლის განმავლობაში. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას. გასულ წელს უკვე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ. 12 პრიორიტეტზე, რაც ძალიან მალე დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას.
ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენთვის პრივილეგია იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობენ ნატო და საქართველო ერთმანეთთან და ამისთვის მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან ყველა განზომილებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ცესკო-მ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
- "ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ"
- "მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები , მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს"
- "უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია."
- ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს