მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო
დღეს, 14 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღეს ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. ის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდებას უნდა მოემსახუროს და შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე.
კომისიის სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, რომელშიც კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.
„დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე - მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეწია რეკომენდაცია, გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კონკრეტულად რა საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს სამოქმედო გეგმა, ამ ეტაპზე უცნობია.
მიღებულ დოკუმენტზე მუშაობა საქართველოს პარლამენტში გაგრძელდება.
დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილმა 8 სექტემბერს ისაუბრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ საუბრისას თქვა, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი, არსებითად, შესრულებულია, დარჩენილია რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ. „ჩვენ არ მივიღეთ კანონი, ჩვენ ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ მიზნად განსაზღვრულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა.
13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ". საკითხის განხილვას წინ უძღოდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა ამ კანონპროექტზე.
ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი მტკიცებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.
ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობაც. მათ განცხადებაში ეწერა, რომ ევროკავშირი ეთანხმება და მხარს უჭერს ვენეციის კომისიას, რომლის რეკომენდაციაა, საქართველომ უარი თქვას "დეოლიგარქიზაციის კანონზე".
12 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.
საბოლოოდ, მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაზე უარი თქვა.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი