როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
“უწყვეტმა აქციებმა, დაკავებებმა, ბოლოდროინდელმა მუდმივმა დაპირისპირებამ ქუჩაში და პოლიტიკური არასტაბილურობის შეგრძნებამ საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხი გაზარდა.
მიდის თუ არა ყველაფერი სალოქალაქო დაპირისპირებამდე და რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად? ანალიტიკოსების თქმით, პროტესტი ოპოზიციის და თუნდაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ორგანიზებას მოითხოვს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაუთვლელ შედეგებამდე მიგვიყვანოს, “გუნდასავით გაძლიერდეს და მთელი ქვეყანა ჩაითრიოს”. მათივე შეფასებით, დღეს შექმნილი მწვავე კრიზისული ვითარება როგორც ხელისუფლების, ისე მათი ოპონენტების მხრიდან დაშვებული შეცდომების შედეგია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი / მზარდი აგრესია, სახიფათოდ გაზრდილი პოლარიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.
“ეს ხალხი ვინც სიტუაციას ამუქებს და რაღაცეებს ისვრის, ან ვერ ერკვევა სიტუაციაში, ან უბრალოდ ემოციებს ვერ თოკავს, ან პროვოკატორია. ამიტომ ამის ორგანიზება უნდა გაკეთდეს და აქციებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ან არასამთავრობო სექტორმა, ან პოლიტიკურმა ძალებმა, ან ორივემ ერთად. აქცია მკაცრად მშვიდობიანი უნდა იყოს, ყოველგვარი “ხლაპუშკების” და გინების გარეშე”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, პროტესტი უკვე ითხოვს გარკვეულ ორგანიზებას, რათა ეს ყველაფერი ფატალური შედეგით არ დასრულდეს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის განცხადებით, პოლარიზაციის ხარისხი გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ ორივე მხარემ დაუშვა შეცდომები - “პოლარიზაციის ხარისხი, რა თქმა უნდა, გაიზარდა - შეცდომებია დაშვებული, ერთის მხრივ, ევროპული ხაზის მომხრეების მხრიდან და ეს პროცესი აშკარად ევროპისკენ არ მიდის და შეცდომები იყო ხელისუფლების მხრიდანაც”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ძალიან სასიამოვნოა, რომ საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა მთლიანად 100%-ით არა, მაგრამ გარკვეული ნაწილი პროტესტს უკვე ხმამაღლა გამოთქვამს. ასევეა ხელოვანთა საკმაოდ დიდი ნაწილი, ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად იმ პროცესს, რაც რუსთაველზე ხდება, ამის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან ამ დარბევებს აქციის დაშლა არ ჰქვია. როდესაც თეატრის შენობასა და აფთიაქში შერბიხარ, დემონსტრანტებს ებრძვი, ამას როგორ შეიძლება დაშლა ერქვას?! ვისაც 2007 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენები ახსოვს, მაშინდელი “ომონი” ლამის სამების ტაძარში შეიჭრა. მაშინაც აფთიაქებში და ქუჩებში დასდევდნენ ხალხს. ახლაც ანალოგიურია, ერთი-ერთშია გადმოტანილი ის მიდგომა აქციებისა და ხალხისადმი, როგორიც მაშინ იყო. ოღონდ მაშინ ეს ერთ დღეს გაგრძელდა, დღეს კი ამას, ჩვენდა სამწუხაროდ, განვრცობოთი ხასიათი აქვს. მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობა და პროტესტი იზრდება და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
”აქ ერთი რამაა მნიშვნელოვანია - პროტესტი უკვე გარკვეულ ორგანიზებას მოითხოვს. არ ვიცი ეს პარტიების მხრიდან უნდა მოხდეს, თუ (პრეზიდენტი) ზურაბიშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში, მაგრამ ამ პროტესტის ორგანიზება რეალურად უნდა მოხდეს. ძალიან კარგად მესმის იქ რა ემოციებიც არის. ეს 1988 წლიდან მოყოლებული არაერთხელ გვაქვს გავლილი. ისიც მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენი მდგომარეობა დაახლოებით 1988-89 წლებში განვითარებულ პროცესს ძალიან ჰგავს, ანალოგიურია და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ 9 აპრილამდე მივიდეთ. მაგრამ აქამდე რომ არ მივიდეთ, ხელისუფლების მოწყალებას კი არ უნდა ველოდოთ, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ აი, ეს გულის მოფხანა, “ხლაპუშკების” და რაღაცეების სროლა უნდა დასრულდეს, პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“პოლარიზაციის ხაირსხი, რა თქმა უნდა, გაიზარდა და გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ შეცდომებია დაშვებული, ერთის მხრივ, ევროპული ხაზის მომხრეების მხრიდან და ეს პროცესი აშკარად ევროპისკენ არ მიდის და შეცდომები იყო ხელისუფლების მხრიდანაც. ძალის გადამეტებისთანავე უნდა დასჯილიყო ის ადამიანები, ვინც ძალა გადაამეტეს - ეს ხელისუფლების მხრიდან და ისევე როგორც ოპოზიციას დისტანცირება უნდა მოეხდინა მათგან, ვინც პროტესტანტების მხრიდან იყენებდა ძალას. პოლიტიკოსების მხრიდან ზედმეტი ძალის გამოჩენა ბლოკირებული უნდა ყოფილიყო. სამოქალაქო დაპირისპირება კიდევ სხვა რამეს ჰქვია, მაგრამ თუკი ანალოგიას გავავლებთ ისევ და ისევ უკრაინასთან, რაც არაერთხელ ახსენეს ადრეც და ახლაც, მაიდანიზაციის პროცესთან ახლოს ვართ”, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პროტესტი ორგანიზებული და მკაცრად მშვიდობიანი უნდა იყოს. მისივე აზრით, პროტესტის მონაწილეთა მიზანი არ უნდა გახდეს ბარიკადების მეორე მხარეს მყოფთა “დამარცხება” - “აქციებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ან არასამთავრობო სექტორმა, ან პოლიტიკურმა ძალებმა, ან ორივემ ერთად. აქცია მკაცრად მშვიდობიანი უნდა იყოს, ჩვენი მიზანი ის კი არაა, განსხვავებით 90-იანი წლებისგან, რომ ეს ხალხი, ვინც მეორე მხარეს დგას - იგივე პოლიციელები და ა.შ. - ისინი კი არ უნდა დავამარცხოთ, მიზანი ერთია, რომ ისინი ჩვენს მხარეს გადმოვიყვანოთ, ლოიალურები გავხადოთ და როდესაც შეტაკებების პროვოცირება ხდება, ეს უკუეფექტს იძლევა. მესმის, რომ ამ ვითარებაში ემოციურად თავის შეკავება ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც რუსთაველზე გადიხარ და აპროტესტებ, ამასთანავე პასუხისმგებლობაც უნდა იკისრო ქვეყნისა და მომავლის წინაშე”, - ამბობს ანალიტიკოსი, რომლის აზრით, “ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, გამორიცხულია, მაგრამ თუ პროტესტი მშვიდობიანი და ორგანიზებული იქნება, ამით შევძლებთ, რომ საჯარო დაწესებულებები და მათ შორის პოლიციაც ჩვენს მხარეს გადმოვიყვანოთ”, - განაგრძობს გამოცემა.
“წინა დემონსტრაციებისგან განსხვავებით, დღეს ამის ნიშნები უკვე არის - პროტესტში სახელმწიფო და საჯარო უწყებების, ხელოვნების, სპორტის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. პროტესტი ფართოვდება და თანდათან საზოგადოების ყველა სფეროში შედის. ხელისუფლებას, სავარაუდოდ, არც ჰქონდა გეგმაში ესკალაციის თავიდან აცილება. ამ დღეებში რაც კეთდებოდა, ნორმალური ხელისუფლება იმას არ გააკეთებდა. ამიტომ ხელისუფლების იმედზე ვერ ვიქნებით. ხელისუფლებას რომ ამის (ესკალაციის თავიდან აცილების) სურვილი ჰქონდეს, ამას კარგა ხანია შეძლებდა. სპეცრაზმი აფთიაქებსა და თეატრებში თავისი სურვილით ხომ არ შერბის? მათ პირდაპირი დავალება აქვთ. მაგრამ როცა ლაპარაკობ, რომ დემონსტრანტთა მხარე ძალიან მშვიდობიანი უნდა იყოს, სპეცრაზმელი იქნება თუ ვინც იქნება, მას არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თქვას - შემაგინეს და მეც ვაგინებო. ანუ საკუთარ თავთან გამართლების საშუალება არ უნდა მივცეთ. ამასთანავე, საზოგადოებამაც უნდა იმოქმედოს და თუ ევროპაც ამ ბრძოლაში წამოგვეშველება, ყველაფერი მთლად კარგად და ნორმალურად იქნება”, - თვლის ძაბირაძე.
“თუმცაღა, ერთი რაღაცას უნდა შევხედოთ - მიუხედავად ამ უბედურებისა, დაპატიმრებებისა, ცემისა და ა.შ., პროტესტი ფართოვდება. ხელისუფლებას ის უნდა, რომ პროტესტანტები რაღაცას წამოაგოს და შემდეგ რეპრესიები გააძლიეროს. რეპრესიებს ალბათ მაინც გააძლიერებს და ის, რომ ჟურნალისტებზეა ასეთი ზეწოლა, არ გამოვრიცხავ, რომ მალე ტელევიზიების დახურვამდეც კი მივიდეს საქმე. მაგრამ ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ. დღეს ესაა ამოცანა. ძნელია, რთულია, გასაგებია, მაგრამ ამ 30-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ამას შევძლებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ, ქვეყანაში სიტუაციას ერთხელ და სამუდამოდ საბოლოოდ გადავტეხავთ და ამ მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევის ყველაზე ოპტიმალურ გზას მივაგნებთ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ გაუთვლელი შედეგების თავიდან ასაცილებლად, ორივე მხარე ძალის გამოყენებისგან უნდა დისტანცირდეს. სასწრაფო წესით ორივე მხარე უნდა დისტანცირდეს ძალის გამოყენებისგან, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიმართ იყო ძალა გამოყენებული და ვის მიერ იყო. ვინც ძალას გადააჭარბებს, ის ბლოკირებული უნდა იყოს, დისტანცირებულები უნდა იყვნენ მისგან და ა.შ. ძალის გამოყენებაზე თუ რეაქცია არ მიეცა, მერე ეს პროცესი გაძლიერდება გუნდასავით და მთელს ქვეყანას ჩაითრევს და გაუთვლელ შედეგებამდე მიგვიყვანს”, - განმარტავს რამაზ საყვარელიძე”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა" - სალომე ზურაბიშვილი
- "პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს" - ლევან იოსელიანი
- "აქციების დაწყების დღიდან სასწრაფო მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება"
- "ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე" - ირაკლი ღარიბაშვილი
- პროკურატურამ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ პირს პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა