" მზია ამაღლობელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ „ეს კინო ნანახი გვაქვს“ სააკაშვილის სახით – მინდა, ევროპარლამენტარებს მივმართო: სახლში გაუშვებდით, თქვენს ქვეყანაში პოლიციელს თუ ვინმე ხელს გაარტყამდა?" - ირაკლი ზარქუა
“ქალბატონ ამაღლობელს მე კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს სააკაშვილის სახით. გახსოვთ, 100 დღე თუ მეტი შიმშილობდა ის კაცი”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროსაც, ხელისუფლებას ევროპიდან ამუნათებდნენ და ადანაშაულებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. მისივე თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში, ვერავის ექნება ინდულგენცია, რომ თუ შიმშილობას დაიწყებს, გაათავისუფლებენ.
„ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხარისხიანი სამედიცინო სერვისი თუ სჭირდება, ის მივაწოდოთ, დანარჩენი, ბრალდებული გადაწყვეტს, რა და როგორ გამოხატოს თავისი პროტესტი. ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა, თავისუფალი საზოგადოებით. მაშინაც გახსოვთ, როგორ გვამუნათებდნენ, გვაშავებდნენ ევროპიდან, რომ თურმე, ვკლავდით, ვწამლავდით პატიმარ სააკაშვილს – ტყუილი აღმოჩნდა, კვება დაიწყო, ნორმალურად არის.
არავის ექნება ინდულგენცია, თუ შიმშილობას დაიწყებს, რომ გამოუშვებენ. არის კონკრეტული ბრალდება, დანაშაული, შესაბამისად, მოსამართლე და პროკურორი გადაწყვეტენ, რა და როგორ იქნება. ჩვენ შემდგომ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ამ თემაზე კომენტარი გავაკეთოთ. არც პეტიცია, არც რეზოლუცია და არც ჯო უილსონის ტვიტერი არ იქნება პრევენცია იმისთვის, რომ დამნაშავემ თავი აარიდოს სასჯელს – გამორიცხულია, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროპაში თუ ამერიკაში პოლიციელზე თავდასხმას ვინმე გაატარებდა, იგივე რეაგირება არ ექნებოდა? მე მინდა ევროპარლამენტარებს მივმართო: სახლში გაუშვებდით, თქვენს ქვეყანაში პოლიციელს თუ ასე ვინმე ხელს გაარტყამდა? – ეს საქართველოა, სამართლებრივი სახელმწიფო, უდიდესი ისტორიის და ცივილიზაციის მქონე, ნუ აგერევათ რომელიმე სხვა ქვეყანაში.“ – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია