July 16, 2025

„აი ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები“ - გახარია საქართველოში დაბრუნების შესახებ

„ქართული ოცნების“ ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი, ამჟამად ოპოზიციონერი გიორგი გახარია, რომელიც რამდენიმე კვირაა ევროპაში იმყოფება და შეხვედრებს მართავს, 16 ივლისს ბრიუსელში ესაუბრა „ევროსკოპის“ რედაქტორსა და ჟურნალისტს, თამარ ნუცუბიძეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, გიორგი გახარია ამბობს, რომ აპირებს.

 

თუმცა მისი პასუხი ამავე დროს მოიცავს იმ საფრთხეების ჩამონათვალსაც, რომლებსაც პოლიტიკოსი მმართველი პარტიის, ანუ ყოფილი თანაგუნდელების მიერ გადადგმულ ნაბიჯებში ხედავს:

 

„ვაპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? რა თქმა უნდა, ვაპირებ, ვიზიტები ჯერ კიდევ დაგეგმილი მაქვს - აქედან ამერიკის შეერთებულ შტატებში, შუალედში დიდ ბრიტანეთში. სიმართლე რომ ვთქვა, რთულია კონკრეტულად თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვარს გადალახავს, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია.

 

ხვალ შესაძლოა, ვიღაცამ გაიგოს, რომ თურმე ორჯერ და სამჯერ მეტი ბიტკოინი ყოფილა გადამალული ან ორჯერ ან სამჯერ მეტი ფული ყოფილა მოპარული „ქოლცენტრებიდან“ და სასწაული მოხდეს“, -ამბობს გიორგი გახარია.

 

„ციხისთვის ხართ თუ არა მზად?“ - ეკითხება მას ჟურნალისტი, რაზეც ყოფილი პრემიერ-მინისტრი პასუხობს:

 

„რას ნიშნავს, ვარ თუ არა მზად? მე ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ, როგორ ვთქვა, აი ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები... ამიტომ თუ მე აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ იქ - იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ, რა პრობლემაა. ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ“, - ამბობს გიორგი გახარია.

 

ყოფილი პრემიერი და ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რამდენიმე კვირაა ევროპაში იმყოფება და როგორც თავად აცხადებს, მართავს შეხვედრებს.

 

15 ივლისს პლატფორმა X-ზე მან დაწერა, რომ ევროკავშირის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის:

 

„ჩვენ ხაზი გავუსვით ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთიანი და კოორდინირებული ქმედებების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და გადაუდებელ აუცილებლობას, ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის“.

 

ევროპაში მყოფმა გიორგი გახარიამ სოციალური ქსელით გამოუცხადა მხარდაჭერა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილს. მისი საპატიმროში ცემის შესახებ 14 ივლისს გახდა ცნობილი.

წაკითხვა 227 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 16 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.