“„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის - ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს” - ლევან სანიკიძე
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის, მათ პროპაგანდისტული ომი წააგეს, ვერაფრით ვერახერხებენ, რომ ეს რაიმე ფორმით ქართველ ხალხს, უცხოელ პარტნიორებსა და ოპოზიციას დააბრალონ. ბიძინა ივანიშვილიასანქცირებს 4 მილიონ ქართველს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვალდებულებები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან აქვს, არ შეასრულეს.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც „ქართული ოცნება“, ისე მისი პროპაგანდისტული საშუალებები. დარწმუნებული ვარ, რომ იმ იურიდიულ და პოლიტიკურ ვალდებულებებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს ევროკავშირთან, არ შეასრულებს. ის მიზანმიმართულად ანგრევს საქართველოს ევროატლანტიკურ პროცესს და არც დარჩენილ დროში შეასრულებს რაიმე ვალდებულებას, რომელიც პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას ემსახურება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ ინტერესის გატარებისგან შორს არის.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ივანიშვილმა ხელისუფლება 26 ოქტომბერს [2024 წლის] მიიტაცა და 28 ნოემბერს [2024 წლის] რუსთაველზე სასაკლაო მოაწყო. არსებობს პოლიტიკური ვალდებულებები - პოლიტპატიმრების თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები... შეუძლებელია არ გავიხსენოთ ევროპარლამენტის განცხადება, რომ სანამ „ქართული ოცნება“ სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებს, მისი ხელისუფლება - ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ლეგიტიმურად არ იქნება ცნობილი. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა.
ამ საკითხს შანტაჟისთვის თავად ბიძინა ივანიშვილი იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ის აშანტაჟებს ევროპას შუა დერეფნის პროექტით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით და რეგიონში გავლენით. თორემ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რომ არ ენახათ ქართველი ხალხის დამოკიდებულება ევროპული მისწრაფებების მიმართ, შესაძლოა, რუსული კანონების მიღების დროსაც შეეჩერებინათ ეს საკითხი, მაგრამ არსებობს გარკვეული თამაშის წესები როგორც პოლიტიკური, ისე იურიდიული.
ვიზალიბერალიზაციის გაუქმება იქნება სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. ხელისუფლების მიტაცების გამო ქართველი ხალხი აღმოვჩნდებით ივანიშვილის ხელისუფლების მიერ სანქცირებულები“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ასევე, ლევან სანიკიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის ანგარიშსაც გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ არის საუბარი. მისი თქმით, „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არავითარი შანსი, რაიმე სახის ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების“.
„ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტს ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს არის პირველი ანგარიში, რომელშიც ძალიან კრიტიკული გზავნილებია. საუბარია „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობაზე, მედიის მიმართ განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლაზე, რაც ჩემი აზრით „MEGOBARI აქტის“ მიღების პროცესს აჩქარებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არავითარი შანსი, რაიმე სახის ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ შემოდგომის დასაწყისშივე მოხდება „MEGOBARI აქტის“ მიღება, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ საზოგადოებას და ამავე დროს, „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს დიდ დარტყმას მიაყენებს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
